ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2024


წერილები ნაქირავები ბინიდან I

ჩვენ ავირჩიეთ ნათელი
და ბრალად გვედება:
ხმამაღლა სიმღერა, გამეტებით კამათი,
თავხედურად დაგვიანება-
არადა, პირველები მივედით სამძიმარზე,
იქ, სადაც ჭირისუფლებს მკვდარი ცოცხალი ეგონათ,
რადგან შეექცეოდა ღორის ხორცს,
რადგან იჯდა სუფრისთავში და კბილებს იჩიჩქნიდა.
შეხედეთ! შეხედეთ, როგორ ჭამს მკვდარი ცოცხალს!
- ვამბობდით ჩვენ.
ღვინო წყლად ვუქციეთ და წამოვედით.

2

გაყავდა მატარებლებს ქალაქიდან სკოლის ბავშვები,
კომედიანტები და ჯამბაზები,
გაყავდა მატარებლებს
და იკარგებოდა გვირაბებში მატარებლები,
სანამ არ დავრჩით მხოლოდ ჩვენ.
შენ ღვეზელს აცხობდი, ბიჭები კონიაკს სვამდნენ
და ისე არ გვინდოდა დაშლა,
და ისე გვინდოდა დარჩენა
მარადიულ ახალგაზრდობაში,
მაგრამ, ერთი ღამეც კი ილეოდა,
პეშვში დაგუბებული წყალივით.

3

ჩვენ ვიქირავეთ სახლი აეროპორტთან,
ვიწრო საძინებლით, პატარა აივნით,
ხელოვნური ყვავილებით.
ჩვენ არ გვაქვს ცხელი წყალი და ტელევიზორი,
მაგრამ, ყოველთვის, როცა ლექსებს მიკითხავ,
თვითმფრინავი გადაგვიფრენს ხოლმე
და ცაში გაფრენილი ლექსებით ივსება მისი შავი ყუთი.

- ეს ლექსი დედაზეა, ესეც-
ამბობ შენ და თითქოს გინდა ხმა მიაწვდინო,
ხმა გააგონო.
მაგრამ შენი ხმა იკარგება, სადღაც, უსასრულო სიბნელეში,
ვარსკვლავებს შორის.


4

მაგიდასთან ჰაუსმანზე საუბრობენ.
იხსენებდნენ ელიოტის კატებს,
დერეკ ვოლკოტს თარგმნიან,
მე კი, გულიდან არ ამომდის:

დაგავიწყდე ამდენ ხანში,
ჩემს აწყობილს ვინ დაშლის?!
წყალში თეთრეული ვხარშე
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში...

მუშები აშენებენ ქარხნებს,
უფროსები აწარმოებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს
და გააქვთ პორტებში გადამზიდებს სხვისი ნივთები.
იმ პორტებიდან გაყავთ, წყალში მთვლემარე გემებს,
ყველა გულგრილია მათთვის,
ისინი სადღაც ბერდებიან უსიყვარულოდ,
სამშობლოსგან შორს.
მაგრამ ერთ ქარხანაში სათამაშოებს კერავენ,
სათამაშოებს დიდ სიყვარულს უქადნის ცხოვრება,
დიდ თავგადასავალს, საუკეთესო მეგობართან ერთად.
მე კი, ფანჯარასთან ვზივარ და გულიდან არ ამომდის:

დაგავიწყდე ამდენ ხანში,
ჩემს აწყობილს ვინ დაშლის?!
წყალში თეთრეული ვხარშე
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში...

ეს მიწა ბაბილონის მიწაა, აქ ააშენებენ გოდოლს,
აქ მოაგროვებენ ქვებს
და დამთავრდება ჟამი ქვების შეგროვებისა.
აქ დაიწყება სროლა, როგორც 92-ში,
ისევ მიგვიხურავენ მანქანის კარებს ჩვენი მამები
და სამუდამოდ დარჩებიან ქვების სროლაში.
მაგრამ, თუ თესლებივით მიმოფანტეს გარშემო ქვები,
ცათამბრჯენები გაიზრდება, სადაც ვიცხოვრებთ.
მაგრამ, ჯერ მხოლოდ შეგროვების ჟამი დამთავრდა
და მე გულიდან არ ამომდის:

დაგავიწყდე ამდენ ხანში,
ჩემს აწყობილს ვინ დაშლის?!
წყალში თეთრეული ვხარშე
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში...

არსად ეჩქარება ფსიქიატრიულის პაციენტს.
მხოლოდ ფსიქიატრიულის პაციენტს არ ეჩქარება არსად.
მათ უყვართ სუფთა ჰაერი, ხელსაქმე და სხვისი სიგარეტი.
როცა დადიან, საკუთარი ჩრდილებივით, კორიდორებში,
მათ გულებში ყვავიან ოცნებები,
რომლებიც არასდროს გახდება აუხდენელი
და მათთვის სულაც არ არის სულერთი სამშობლოს ბედი.
მეც მისი ბედი უნდა მაღელვებდეს,
მაგრამ წყეული გულიდან არ ამომდის:

დაგავიწყდე ამდენ ხანში,
ჩემს აწყობილს ვინ დაშლის?!
წყალში თეთრეული ვხარშე
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში.

მზე ლაზეთის აქაც ქრება,
ზიდე მანამ კოვზით მთა,
შემოასხი ლაქაფს ფრთები,
ზღვა თურქეთის აქაფდება,
იქროლებენ მარქაფები,
იმ შორ მანაჰოზიმთან.

მაგიდასთან აღარ გეჯდე,
არ გამექცეს ნახარში.
არა ყამჩით, არა ბეჭდით,
მაინც თუ ხარ არაბეთში-
მეც წამოვალ არაბეთში,
იმ შორეულ დაჰრანში.

გაზაფხულის ხურუში, ხან
დეკემბერი, ზამთარი,
დარჩა ერთი ქურუშიღა,
დავუყარე ურუში ხარს,
აწი, თუკი ურუქში ხარ,
მეც წამოვალ, ნამთარო.

შესულია მთვარე ხანში,
მონადირეს მიზანში,
სხვა ვინ დაგიდგება მხარში
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში.

დაღესტნის წყალს გადალახავ,
იმ წყალს სვამენ ვერძები,
კიდევ რამდენ ხარდას ნახავ,
არ გასვენებს გული რახან,
მაგრამ, თუკი არსად არ ხარ,
არსად უნდა გეძებო!

როგორც ბავშვმა, ჰავარ ჰუნთა
ბრძოლის ველზე მომმართა,
ხელში დასადნობად უნდა,
დატკეპნილი თოვლის გუნდა,
მაგრამ არ შორდება გუნდი -
გუნდი, გუნდი ყორანთა.

შენ კი, იახსარის ხარო,
შენს ჯანს დიდხანს უვლიდა,
ჩალით ავსებული ხარო,
მაგრამ დასაკლავი ხარო,
შენი განწირული ხმა რომ
ამოვიდეს გულიდან:

დაგავიწყდე ამდენ ხანში,
ჩემს აწყობილს ვინ დაშლის?!
წყალში თეთრეული ვხარშე
და თუ ისპაანში ხარ შენ,
მეც წამოვალ ისპაანში,
იმ შორ ფერეიდანში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები