ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2024


,,ხაონი"

მშია, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ბოლო ნაჭერი შავი პური იმან შემიჭამა. ჰო, იმან. ხან მე მჭამს, ხანაც ჩემს წილ ულუფას. არადა, არასდროს მინატრია მისი ,,პური არსობისა" ვყოფილიყავი. მას კი სწორედ ასე წარმოედგინა თავისი სიბერე: ნელ- ნელა, ფრთხილად, ულუფა- ულუფად  გამოვეზოგე,  ვიდრე...

  არ გაუმართლა.
ასეა. ზოგჯერ კაცის ბჭობას ღმერთის მოულოდნელი ხარხარი გადაჰფარავს ხოლმე.
პირიქითაც ხდება, თუმცა იშვიათად.
მოკლედ, ერთი დიდი დარდუბალაა ყოფნაცა და არყოფნაც- ამას  მგონი ხმამაღლა ვფიქრობ. მეორე ოთახიდან მსუბუქი ჩახველების ხმა მაკრთობს.

უძილობა ჩემი ბეთელია.
უძილობისას მსტუმრობენ მივიწყებული  ფიქრები და ისევ  მახსენებენ დროის უცნაურობას.
ჩემი დრო მაინც განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩევა.
სხვები იშვიათად ამჩნევენ ამას, რადგან  სხვებთან თავს არასდროს ვაძლევ მოწყენის უფლებას.
ამ დროს თვალებს ყველაზე უკეთ გამოსდით როლური თამაში. განა განგებ?! არა, ხასიათი მაქვს ასეთი: მეყსეულად შემიძლია  შევუცვალო გეზი  გუნება- განწყობას,  თუკი შევატყვე, რომ ვინმე  ამის გამო ბრკოლდება.

ერთი სიტყვით, ვნებდები შიმშილს, სმენას  ვიხშობ  მისი პრელუდიისგან თავდასაღწევად  და სხვა თემაზე ვცდილობ გადართვას.
შორს ვერ მივდივარ.
თითქოს ერთ ხელისგაწვდენა მანძილზე ჩანან დღეები, რომელთა სიმყუდროვეში მემილიონედ ვბრუნდები.
იმ დღეებმა ჩამოაყალიბეს რიცხვებთან ჩემეული დამოკიდებულება.  სიტყვებთან თამაშს შემაჩვიეს.
ადამიანებთან და სიკვდილთან თამაშსაც.

აფხაზეთი რომ დაიკარგა, დიდად არ მწყენია. გააჩნია, ვინ რას ეძახის დაკარგვას. ადამიანებს მატერიალურთან დამშვიდობება უფრო ეძნელებათ, ის უფრო ეძვირფასებათ, მას უფრო მისტირიან. სულზე ასეთ დროს არავინ ფიქრობს, არადა, გამოვა ხანი და რაც კი ტკივილია, ყველა სწორედ სულის მივიწყებულ, ბნელ  უჯრაში მოიყრის თავს.
მე სული დამრჩა იქ.
მასაც.

საერთოდ ასე მჩვევია: მარტოობისას, როცა უადამიანობის მეტასტაზები გაქცევას მაფიქრებინებენ,  სწორედ იმ  იდუმალ  უჯრას ვაღებ,  ამომაქვს იქიდან წარსულთან დამაკავშირებელი  დარდების  ოდნავ შეფერმკრთალებული,  სიტკბოსა და სიმწრისაგან თეთრად შეფიფქული  და  ნესტშეპარული  ეპისტოლეები.
კითხვას დავიწყებ თუ არა,
შუშადქცეული თვალები ნელ- ნელა,  თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე  ლღვებიან.
გონება გრძნობას ნებდება და პირველი, რისი ხმაურიც ყურთასმენას სწვდება- ზღვის ტალღების თავშეკავებული შრიალია.

მახსოვს, ფერწერაზე ვსაუბრობდით.
თან მხატავდა და თან რაღაცას მასწავლიდა თუ მიხსნიდა.
მთხოვდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველა გზას მასთან მივეყვანე.
არც დროს შევეჩერებინე,
არც მანძილს,
არც არანაირ შიშს...

კიდევ,  საზამთროს კოქტეილისა და ვანილის ნაყინის გემოთი მახსენდება ის ზაფხული.  ზღვის ფერი დაჰკრავდა დღეებს. ჩალისფერი თმისა და თბილი, ოდნავ ოფლიანი, საღებავებით მოთხუპნული  თითების  სირბილე საოცრად მშვიდსა და სასურველს ხდიდა ყოველდღიურობას.
მერე ზღვამაც  იცვალა ადგილმდებარეობა. ზაფხულიც ზამთრის სინონიმად იქცა და იშვიათადღა  თუ მოაღწევდა ჩემამდე თაფლისფერში შეზავებული ყავისფერის მქრქალი ტონალობა, ისიც წამიერად,  საზამთროს კოქტეილის სურნელისა და არომატის გარეშე.

ყველა ლამაზი კადრი გაიყინა.
არც მას დაჰკლებია გოლგოთა,  არც- მე.
რაც მისგან დამრჩა, ეს იყო  სისხლიანი ანაბეჭდებით დაწერილი ჩემი პორტრეტი, რომელსაც  >ხაონი< უწოდა.

  წლების მერე ერთადერთხელ შემახსენა თავი.
ერთადერთხელ დამიძახა.
ისიც შორიდან, არეული, ჩუმი ხმის  ტემბრით.
მე ,,ვერ გავიგონე".
მივდიოდი და მიწის ალმური მიწვავდა ტერფებს.
მივდიოდი და გზადაგზა მიმოფანტულ  გულის ნაფლეთებს ხან სად წამოვკრავდი ფეხს, ხან- სად.

ახლა ვფიქრობ,  რომ შიმშილი ძალიან ჰგავს მონატრებას.
სიკვდილსაც ჰგავს.
უფრო სწორად, სიკვდილის მიზეზით ღიად  დარჩენილ გუგებს, რომელთა  მიღმა ორი გაცრეცილი  სულის  ანარეკლია მიყუჩებული.
ზაფხულის თეთრ  ღამეებში,  ხორცშესხმული ანარეკლები გადმოდიან სუფთა ტილოზე და არამიწიური  მელოდიის თანხლებით წერენ იდუმალი მარინისტის პორტრეტს.
რაღაცით ჯვარცმის მისტერიას წააგავს ეს  პორტრეტი თავისი არსით.
უფრო სწორად, წყვილ ჯვარცმას, იუდას ამბორისა და პილატეს ხელთბანვის  რიტუალის გარეშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები