ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2025


***

..

დაგიწერია
თუ რამ კარგი,
დაგიწერია ღამის სამზე..
გულიდან
ვინმემ თუ დაგკარგა,
აღარასოდეს დაგიძახებს.
ლექსში იცხოვრებ დაკარგულიც.
ცხადი სიზმარში აგერია.
ყველა პირობა აღასრულე,
ვიდრე გადახტები
/სარკმ(ე)ლიდან../

ზამთარს შეჩვეული თოლიები,
ალბათ, გაზაფხულებს არ ელიან.
როცა სიკვდილი მოგინდება,
ისევ სევდიანი თვალებია
აქეთ დარჩენას რომ გაიძულებს.
მარტი შეაციებს ყვავილს ატმის.
ტკივილო,
მშვიდად დაიძინე..
ტკივილო,
აღარ ამიყვავდე
სულზე,
მოურჩენელ ბატონებად.
ლექსიც ყვავილივით გამომაყრის,
როგორც კესანე ან "საპოვნელა".
როგორც სუმბულების არომატი.

ხედავ?!
იასამანს ქარი არხევს,
ქროლვის მელოდია იწერება.
ღმერთი ვერასოდეს დავინახეთ
ღმერთში,
თურმე, დედამიწელებმა.

ჩვენი ჩახუტების მომლოდინე,
მკლავგაშლილი ქრისტე
ჯვარს ვაცვით და
უჩვეულო სულით ობლობიდან,
ლექსი
ცრემლებივით ჩამოგვცვივდა
ყველას,
ვისაც ერთხელ გვიგლოვია,
ჩვენი არსებობა სუნთქვამწარე.
ჩვენი სიკვდილი და დაბადება.
გულო, ჯვარცმულს თუ არ უსამარე,
შენში სიყვარულად არ აღსდგება.
ერთხელ თავადაც თუ არ გაგაკრეს
ჯვარზე, როცა გაშლი მკლავებს ფართოდ.
ყველა ცოდვა, თუ არ დაგაბრალეს.
ყველა დარდი, თუ არ დაგემართა..

Ⴋ.Ⴆ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები