ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2025


მზერით მეტყველება

-

შენ ალბათ ლუი არმსტრონგს უსმენ,
მე კი ჯიმ მორისონს.
და ასეთ მხურვალე კვირის ბოლოს,
სანამ ძილს მივეცემი -
ბობ დილანსაც შევუნაცვლებ ყურს.
თავსაც დავაჯერებ, მე და შენ მხოლოდ მაღალი გემოვნება გვაკავშირებს
მაშინაც კი, მოულოდნელად რომ შეეფეთებიან ჩვენი თვალები და
მზერით ვმეტყველებთ.

-
თუ მკითხავ, ასეთია ჩემებური პოეზია -
წარმოიდგინე,  ,,ირინეს ბაღი"
სკოლასთან ერთად, სადღაც კალიფორნიის მომცრო ქალაქში ჩაეტანოთ და იქვე - ღია კაფესთან,
პალმების ჩრდილში ბურბონს ვწრუპავდეთ.
მშრალი ყინული ენას მისერავდეს,
სიტყვას ვერ გიბრუნებდე დამორცხვილი.
და საიდანღაც, უსაქმური ცისფერი ჩხიკვი ღრჭიალა ხმით, ჩემს გამჭვირვალე სარაფანზე რაღაც გაურკვეველ თანხმოვნებს როშავდეს...

-
წარმოიდგინე,  ისიც, რომ ამაზე მეტად
შევშინდე, ვიდრე ვშიშობ.
და სანამ შენებური აგვისტო მოდგება და
სიმინდები გადამწიფდებიან,
სანამ გოგრის ყვავილი
გარღვეულ ჯებირს ლოცვასავით შეურფრინდება -
მოგიყვები თუ, როგორ მივატოვე
ჩემი თავი წლების წინ,
სადაც ყოველი ცრემლი ძალად ვიწვნიე.

-
შენ ალბათ ლუი არმსტრონგს უსმენ,
მე კი ჯიმ მორისონს.
დარდსა და დიდ ხმაურს
ბობ დილანს შევუნაცვლებ,
ამაოდ რომ ,, ვაკაკუნებ სამოთხის კარზე".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები