ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2025


* * *

შენ არ ხარ ის, რაც გაცვია და გახურავს.
არც ის, რითაც გადაადგილდები,
მოგზაურობ,
თვალს წყალს ასმევ.
რაც ხელს გიწყობს შეიცვალო  გარეგნობა,
გეოგრაფიული არეალი,
ფერი,
სიმაღლე,
წონა,
სტატუსი.

არც ის ხარ, რასაც სხვები იმეტებენ შენთვის-
რეალობას დაშორებული,
ცასა და მიწას შორის გაკიდული,
ნაძალადევად,
სახელდახელოდ  მოვარაყებული,
კარამელიზებული დითირამბი-
მდნარი სიყვარულით სერვირებული,
გარკვეული წესების დაცვით
წარმოთქმული,
ზოგისთვის
წასახალისებელი სავარჯიშო რომაა.
სხვისთვის-  ჭარბი დროის გასახარჯი სხარტულა ენაბლუთათვის.

შენ  არც ის დუმილი ხარ, 
განგაშის ყველა სირენაზე აღმატებულ,
წიოკა ბგერებს რომ ახშობს
და დაუნანებლად  აზიანებს სიჩუმისგან დაღლილ  იოგებს.
არც ჰიმნი ხარ,
არც პოლიგლოტის მეხსიერება.
არ ხარ ის ვისაც  გსურს დაეტოლო.
გადაუსწრო.
ნიშნი მოუგო...

შენ ხარ ის, რასაც ქმნი,
ხარჯავ,
გასცემ დაუნანებლად.
თესავ და მომკას არ ელოდები.
უყვავებ ჩაგრულს,
ღიმით  ამხნევებ შიშით გათანგულს,
მშობლობას უწევ ობლობანახმევს,
აპურებ მშიერს,
ანგრევ სისხლით და ძვლით ნაშენებ მტანჯველ ჯებირებს,
ცრემლს სწმენდ დაქანცულს
და უიმედოს
შეუმჩნევლად და
უხმაუროდ
და  ამ ყველაფერს დასცქერს,
გიფუთავს და გიწონის
სამართალი
კამკამა  ზეცის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები