ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2025


* * *

დილაა,
ისევ ქვიშისფერი თვლემენ ფერები,
გუბეებად დგას მოლოდინი ყოფნა- არყოფნის,
ზურგს უკან კარი იფარება ჟანგის კერებით
და ერთი მწიკვი იმედისთვის სუნთქვა არ გყოფნის.

რა იცის კარმა, რა მოჰყვება მის ბოროტ ქირქილს,
ან ენკენისთვეს რატომ ბასრავს ზამთრის საცეცი,
დღეიდან ვეღარ ასაუზმებ გზაარეულ მწირს
შენი ლექსებით,
იმ ლექსებით თავი გაეცი.

და აივანი ახლა კუბო უფროა, რადგან
ნებას რთავს თვალებს, უმწეობა კადრად აღბეჭდოს.
დაკონწიალებს ცაზე სხივი ორიოდ გაბმა,
ისიც ყულფებად გამოკრული, ავად საეჭვო.

რა შერჩათ დღეებს?
ან რა გრჩება შენ, ასე ფერმკრთალს
იმ გულუბრყვილო ზმანებების ბოლო აცმიდან?
სილურჯე ყინვის, ნაფერებ გზებს ჭირხლით რომ შეკრავს,
გათოშავს სიტყვას.
დღემდეც, იცი, ბევრჯერ გაცივდა.

დილაა- მეთქი, ვიჩემებ და ჩემს სიჯიუტეს
ცალყბად დავცინი ცად ასული ბოლის ლაციცით.
ვსვამ ყავას.
მინის ლამბაქის ბზარს  წკიპურტით
ვუტევ.
იმსხვრევა.
ფერად- სინგურს ირჩევს.
რატომ, არ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები