ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2025


ბიბლიური ოდისეა - ბროწეულის გახლეჩვის ხმა (დამუშავებული ვერსია)

ბროწეულის გახლეჩვის ხმასავით მესმოდა
                                                                          ცეცხლმოკიდებული ფიჩხის ტკაცუნი.

  წვიმდა და გზაზე არაფერი ჩანდა, თითქოს, ღრუბელს ბავშვობის გასახსენებლად ტალახიან მიწაზე უნდოდა გავლა. ვცდილობდი გულის ცემის ხმის დასაფარად, მანქანის სახურავზე დავარდნილ წვეთებისთვის მომესმინა, რადიოს ხრიალს კარგა ხანია ვეღარ ვამჩნევდი.  გარშემო არაფერი არ ჩანდა, მაგრამ ყველაფერს ვცნობდი. ხელში, ოფლისგან სუმთლად გაცრეცილი წერილი მეჭირა, ხან მას ვუყურებდი, ხან დაორთქლილ მინას. უეცრად ყველაფერი სიჩუმედ გადაიცა, გულის ცემა, რადიო და წვიმის წვეთები, მხოლოდ ყურების წუილიღა დარჩა, ისეთი განცდა მქონდა თითქოს ქალაქის ხმები მქონდა ჩასახლებული თავში. ორმოში ჩავარდნილმა ბორბალმა გამომაფხიზლა, გულს ტემპში მორბენალი სამხედრო ბრიგადის ფეხის ხმა ჰქონდა. უეცრად ცხვირი მიწის სუნით ამეწვა.
-          თითქმის მოვედით- მითხრა მძღოლმა, მახო ძიამ, ჩემი ოჯახის მეგობარი იყო.ის იყო ერთადერთი რაც სოფელთან მაკავშირებდა. ეს თითქმის განადგურებული წერილიც მან ჩამომიტანა ქალაქში. მამის სიკვდილის შესახებაც მისგან გავიგე. მთელი გზა ცდილობდა ლაპარაკი გაება, ბოლოს რადიო ჩართო.
-          გახსოვს ამ ,,ბუწიკში“ მამალოებს რომ გყიდულობდი ხოლმე? -მორიგი მცდელობა.
ნახევრად დანგრეულ შენობას ჩავუარეთ, ჩამოვარდნილ ბანერზე ,,ოფლის ნობათი“ ეწერა, ქარი აქეთ იქით დაათამაშებდა, არაფერი გამიგონია,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველა მოძრაობაზე ჭრაჭუნობდა.
-          კი მახსოვს -მოვატყუე.
ენამ დამწვარი შაქრის ტკბილი გემო გამოყო.
ნისლში სოფელი დავლანდე, სულ რამოდენიმე სახლში ენთო ნათურა, ბჟუტავდნენ, ვიფიქრე, მამაჩემს ასეთი თვალები ექნებოდა სიკვიდილის წინ თქო.
სოფელს ძველი, ჩრჩილის შეჭმული პალტოს სუნი ასდიოდა.

პირველად დავბრუნდი.
მანქანა იმ სახლის წინ გაჩერდა სადაც ნათურა არ ენთო. შიგნით შევედი. არც სინათლე ავანთე, არც თვალებს დავაცადე რომ სიბნელეს შეჩვეოდა, ეგრევე დივანს დავუწყე ხელის ფათურით ძებნა, ისევ იქ იდგა. პირქვე დავემხე. გულის ცემის ხმა უკვე მეორე ოთახიდან ისმოდა. დამეძინა.
მამლებმა გამაღვიძეს. სოფელში ყველა ოჯახს ყავდა მამალი, უმეტესობა ბებერი, არავინ კლავდა, ამბობდნენ ღმერთის მოციქულია, მაგის ყივილით ღმერთი გვაღვიძებს და გვახსენებს რომ დღესაც თვენთან ვიქნებიო. მახსოვს მამაომ გვითხრა ბავშვებს, საკვირაო სკოლაში, მამალი რომ აღარ დაიყვირებს, სამყარო მაშინ დასრულდება და მაშინ თვითონ ღმერთი მოვა ჩვენს გასაღვიძებლადო. 
მზე ახალი ამოსული იყო. დედ-მამის საფლავზე წავედი.
-თუ წახვალ არასდროს აღარ დაბრუნდე მკვლელო.-ეს მითხრა მამამ სოფლიდან როცა მივდიოდი. არც დავბრუნებულვარ.
სოფლის გამგებელი იყო, ყველა აფასებდა. რჩევების საკითხავადაც ბევრი მოდიდოდა ხოლმე. მერე გალოთდა.
დედა ჩემზე მშობიარობის დროს მოკვდა. მამას როცა უთხრეს იქვე ჩაკეცილა, კარგა ხანს ადგილიდან ვერ დაუძრავთ, მერე ერთიანად წამომხტარა, დაუყვირია, ცოლი მომიკლაო და გაქცეულა. მას მერე ფხიზელი არავის უნახავს.
ფეხსაცმელმა ტალახი მიიკრა და ნაბიჯების გადადგმა უფრო და უფრო მიჭირდა. ბრაზი მაღრჩობდა, ოცი წლის ნაგროვები ბრაზი. ქალაქის და გულის ცემის ხმებმა ერთმანეთში დაიწყო არევა.
-          მე არ მომიკლავს დედა- ვუთხარი მამას- მე არ მომიკლავს, და შენც იცი, იცი რომ არ მომიკლავს.
ყოველთვივის როცა დრო მოიხელთებდა მცემდა ხოლმე. მკვლელს მეძახდა და მირტყამდა. დედის მკვლელს მეძახდა. ბებია მეუბნებოდა, არ გაუბრაზდე მამას, ყველაფერი მისგან გამოგყვა, ასეთი ლამაზიც მაგას გავხარ და ასეთი ჭკვიანიცო, უყვარდა დედაშენი და გაუგეო.

სასაფლაოსთან შორიახლოს ხალხი იყო შეკრებილი. ბრბოს მახო ძია გამოეყო და ხელი დამიქნია აქ მოდიო.
მთელი სოფელი იქ იყო. კაცებს წრე ქონდათ შეკრული სასაფლაოს კარისგან ცოტა მოშორებით, ქალები კი შესასვლელში ორ რიგად იდგნენ, დერეფანივით ქონდათ გაკეთებული. ყველას შავები ეცვა. მხოლოდ ფეხები ქონდათ ტალახიანი და აყალოს ფერი.  ისედაც გაცხარებულმა გულმა ორჯერ სწრაფად დამიწყო ბრაგუნი. წრის შუაგულში ზემოთნახსენები, ას წელზე ცოტა მეტი ხნის მამაო დავლანდე, მის ფეხებთან ქალი იყო მიწაზე დამხობილი. ის იყო.
ყველაფერი თვალწინ დამიდგა. გუშინდელი დღესავით ცხადი იყო და ხელშესახები. ენის გვერდებმა მჟავე გემო გამოყო. იმ ღამესაც მთვრალი დაბრუნდა მამა სახლში. მივესალმე და ტელევიზორის ყურება განვაგრძე. ალეწილი სახით დამადგა თავზე. სიცხეში დამბული ცხენივით სუნთქავდა. მის ჩასუნთქვებსა და ამოსუნთვებს შორის  ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა. უეცრად ამოიღრიალა და წიხლი ჩამარტყა მკერდში, სავარძლიანად გადავვარდი უკან, ყელში მწვდა, ცალი ხელით ამიტაცა, ჰაერში მაჭანჭყარებდა და დედის მკვლელს მეძახდა. მეგონა მომკლავდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ის ოთახში.  ხელში ჩვენი მამალი ეჭირა, შემოსვლამდე უპოვია ეზოში დამხრჩვალი, ბუხარში შეაგდო და მერე კატასავით მიეტმასნა მამას, თვალებში უშიშარად ახედა, ჩემზე მიანიშნა და უთხრა დასვიო.ხელში  წვიმის სუნი ჰქონდა. მამამ დამაგდო და ოთახში შევიდნენ. იატაკზე ვეგდე გაშეშებული. მამას საძინებლიდან ჭრაჭუნის, სიცილის და კვნენსის ხმები გამოდიოდა. გულის ცემის ხმა მიწყდა. მათი ხმებიც მალევე  უკან მიყვა. სიჩუმე იყო. ყველაფერი მიჩუმდა. სამზარეულოში გავედი და დანა ავიღე. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ირეკლებოდა მასზე. მათი ოთახის კარებთან მივედი დანით ხელში, მინდოდა რომ მომეკლა და მერე მეც მომკვდარიყავი. კარისკენ ხელს სანამ გავწევდი თავად გაიღო და მამის პერანგ გადაცმული ქალი გამოვიდა. პერანგის გარდა არაფერი ეცვა. როგორც ყურძნის გამხმარი ფოთლები მზეს ისე ირეკლავდა მისი ფეხები მთვარეს. სულ ერთი წამით შემავლო თვალი, აკანკალებული ხელიდან დანა გამომართვა და სამზარეულოსკენ წავიდა. ჩემდაუნებურად მივტრიალდი და გავაყოლე თვალი. წვიმის და ოფლის სუნი ასდიოდა.  ბროწეული აიღო და უკან, ჩემთან მოვიდა, მოქნილი, ძალდაუტანებელი მოძრაობით დანით შუაზე გახლიჩა ნახევარი მომცა და თავზე ხელი გადამისვა, მეორე ნახევარი კი დანასთან ერთად საძინებელში შეიტანა. კარი მიიხურა. გაუთვიცნობიერებლად ჩავკბიჩე ბროწეული, მჟავე სითხემ გახეთქილი ტუჩი და ლოყები ამიწვა. გულის ცემის ხმა იმაზე უფრო ხმამაღლა მესმოდა როგორც არასდროს. მჟავე და სველმა სითხემ გონება გამინათა, ცოცხალი ვიყავი. სიცოცხლე მაჩუქა. მეორე დღეს წავედი სოფლიდან და წუხანდლამდე აღარც დავბრუნებულვარ.

-          მან შესცოდა - მამაოს სიტყვებმა გამომაფხიზლა- და შეაცოდინა სხვებსაც. სიძვა ჩვენს სულს და სხეულს ერთნაირად ალპობს და აყროლებს. სხეულს წყალი წმენდს, სულს კი ცეცხლი. დაიწვეს აქ რომ ნათელ იქმნას საიქიოს.
ამის თქმა იყო და ყველამ ერთიანად მოუკიდა ჩირაღდნებს ცეცხლი, მიხოს ძიას ორი ეჭირა ხელში, ერთი მე მომცა. ჯიბეზე მოვშინჯე და წერილი ისევ იქ იყო. წერილში ეწერა რომ ყველამ იცოდა ამ ქალის საქმიანობის შესახებ, ყველა კაცი წაუბილწავს სოფელში, ღამის კატას ეძახდნენ, იმასთან მიდიოდა ვისაც სითბო აკლდა და მასთან წვებოდაო. ამიტომ ყველა კაცს, რომელიც წაბილწა, პასუხისმგებლობად უნდა აეღო მისი სულის განწმენდა და სიმბოლურად თავისი ნათელი, ჩირაღდნის ცეცხლით უნდა გადაეცათ მისთვის. მკვდარი მამაჩემის მაგივრად მე უნდა ჩამოვსულიყავი, როგორც მისი სინათლის მატარებელი.
ჰაერში კვამლის სუნი ტრიალებდა.
წამოაყენეს ქალი, მამაომ ხელებზე თოკი მოაბა და წინ წაუძღვა, ქალი მორჩილად გაყვა. პროცესიის ყველაზე პატარა წევრი რვა წლის იქნებოდა. მამაოსა და ქალთან ახლოს მიტანტალებდა და სულ აქეთ იქით იყურებოდა რომ დაენახა ვინმე თუ აკვირდებდოდა მის ცუღლუტობას. ისეც ჩემსავით მამამისის ვალის ასასრულებლად მოსულიყო. ჩირაღდანს ძლივ მიათრევდა ტალახიან მიწაზე, ორჯერ ჩაუქვრა და ახლიდან აუნთეს, მესამედ როცა წაბორძიკდა, ლამის ზედ ცეცხლზე დაეცა, ქალმა ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო. მამაომ დაუღრიალა „შე ძუკნაო“ და სილა გააწნა ქალს. სოფლის ქალებს შორის გავიარეთ, ყველას თავი ჰქონდა დაბლა დახრილი და რაღაცას ბუტბუტებდნენ რითმში, მგონი ლოცვა იყო.
  სასაფლაოს შუაში, ტაძრის გვერდით, წინა დღის შეგროვილი სველი ფიჩხის შუაში, ჩარჭობილ ძელზე მიაბეს ქალი. მან კაცებს თვალი ნელა გადაავლო. შემოხეული კაბის შიგნიდან ჩალურჯებული, ხორბლისფერი ბარძაყი გამოუჩნდა.
-          ნათელში იყოს. -თქვა მამაომ და ქალს ფიჩხთან ერთად ნავთი გადაასხა.
  ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს კაცებმა ანთებული ჩირაღდნების დადება კოცონზე. ქალი მოუსვენარ, ცოცხალ თვალებს აცეცებდა გარშემო და ხმას არ იღებდა. თითქოს ვიღაცას ეძებდა. ყველა კოცონთან ახლოს მისულს ჩახედა თვალებში, ყველანი უკან თავდახრილები ბრუნდებოდნენ. ცეცხლი უკვე კაბაზე ჰქონდა ასული ქალს როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა. მივუახლოვიდი და ზუსტად ერთი წამით გამოსწორა მზერა, ნავთის სუნი ასდიოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ყურებში გულისცემის ხმასთან ერთად, მამაჩემის ღრიალი მესმოდა, ადრინდელივით მიყვიროდა რომ მკვლელი ვიყავი და პირველ დედასთან ერთად მეორე ქალსაც ვკლავდი, მას, ვინაც სიცოცხლე ახლიდან მაჩუქა. მოუხელთებლად დავაგდე ჩირაღდანი წერილთან ერთად კოცონზე და ეგრევე გამოვბრუნდი სახლისკენ. უკნიდან ბროწეულის გახლეჩვის ხმასავით მესმოდა ცეცხლმოკიდებული ფიჩხის ტკაცუნი, შემდეგ ეს ხმა ქალის ღრიალმა ჩაანაცვლა, ქალაქის ხმას გავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს