ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი ოთახი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2025


ჩრდილის ხის ტყეში, ანუ ჩრდილნარში

ცეცხლს უკიდებენ მზის ჭინკები შენს ფეხქვეშ მიწას,
ქარები კი სულს უბერავენ, რომ გააღვივონ.
ცხელი ხვნეშა და წამებაა ახლა ჩასუნთქვა,
ამოსუნთქვას კი შენთვის იტოვებ,
ვით მომაკვდავი სასთუმლამდე მიტანილ ცოდვას.
ცხელი ტალღების ოხშივარი რომ დაგეცემა,
მაშინ მიხვდები, შენდა ჭირად, თურმე ზაფხული სუნთქავს,
თან ისე სუნთქავს...
ააბრიალებს ნახშირის ფილტვებს
და გამონაბოლქვს მწეველივით შეგაფურთხებს სახეში კუშტად.
გაქცევა არის ახლა მხოლოდ ერთი საშველი:
უკანასკნელად დაიგუბებ ფილტვებში ჰაერს
და მყვინთავივით ისკუპებ მზის ცხელ მორევში.
ძალას მოიკრებ და გაიქცევი ამ მტანჯველი კატასტროფისგან,
გზად ჩაგიფრენენ აპოკალიფსის ზომბებივით
მთავარ სცენაზე მიმავალ მერცხალთა გუნდნი.
იხვითქებიან ფეხის ტერფები, რომლითაც სუნთქავ,
და აღარ იცი რა უფრო გებრძვის,
საფეთქელი, რომელიც ფეთქავს,
თუ გამომშრალ ყელში გაჩხერილი ამოხველება.
სხეულში იწყებს რაღაცა წრიპინს,
განაღმვას ითხოვს თითქოს სასწრაფოდ,
მაინც მირბიხარ, მექანიკურ თოჯინასავით,
მირბიხარ იქ, საიდანაც გამორბიან ავ მხეცთა ჯოგნი,
სადაც ბუდობენ საზარელი გოლიათები,
ოჩოპინტრე რომ განდევნეს ტყიდან.
და, აი, უკვე უახლოვდები,
ყურშიც ჩაგესმის წუილის ნაცვლად სირინოზთა, გრძნეულთა მღერა.
ახლა კი, როცა ამირანივით აიწყვეტ ჯაჭვებს
და გაიქცევი ისე, როგორც არ გაქცეულა არავინ ქვეყნად,
მაშინ მიაღწევ დაწყევლილ მიზანს,
ამოისუნთქავ გახურებულ ფეხის ტერფებით;
ბრძენი ხეები ეჭვნარევ მზერით პეშვით გაწვდიან ამ ნანატრ შვებას
და შენც მხეცივით დაეწაფები.
თვალის გუგები რომ დაგეწვება,
მაშინ მიხვდები გახელას, ალბათ.
აქ ცივა თურმე,
თან როგორ ცივა...
ზამთრის ქარივით გაგყინავს სუსხი,
შენ კი ეცემი, ვით მეომარი, განგმირულ ბრძოლით.
თვალებს დახუჭავ და ნიადაგს შეუხორცდები,
და ბოლო წუთას
დიაფრაგმაში დაგროვილი, უკანასკნელ ამოსუნთქვის მწირი მარაგი
ამოხველებად ამოიყოლებს შენს სევდანარევ,
სინანულისთვის განწირულ სიტყვებს:
„გარეთ გამიშვით!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები