ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2025


* * *

სიცოცხლის ხარაჩოებიდან
ერთიმეორის მიყოლებით,
ნაფოტებივით გადმოცვენილ ადამიანებს შორის
გადარჩენილად ის ითვლება,
ვინც მიწაზე გართხმულ სიზმრებში გახლართული,
სხვებზე  აბობღებით იწვდის
ხელებს ცისკენ.
ეს ინსტინქტია და
იმათ მიისაკუთრეს,
ძველი გზის დაგდება ვისაც არ გამოსდის,
ვისაც ეგონა,  რომ ცა ქუდად მოირგო,
მიწა კი ქალმად  ამოისხა.
თუ ახლოდან დააკვირდები,
საოცრად ჰგვანან  ისინი მზით  გადახრუკულ,
იონჯის ძურწაგარეულ  ნათესს,  ხელჩაქნევით რომ ტოვებს ერთ დროს
მათზე მზრუნველი მთესველი.
მეტაფორებმა შეჩვევა იციან.
გიმსგავსებენ მეტაფორები.
გასაგებ ენაზე დაწერილი ლექსის წაკითხვა
მანანის ფაფის ჭამას ჰგავს:
არც დასაღეჭია,
არც გულზე დაგადგება და
ვინიცობაა, სხვებთან თავის მოწონება მოგესურვოს -
ადვილად  იმახსოვრებ.
დგანან სიადვილის მეხოტბენიც და
გისმენენ,
იბადრებიან- ,,რა იოლია,
ლექსის წერა,
ერთი თქვენცა ხართ, რაღა, პოეტები!"
სიზმრებში გადანაცვლებულთათვის კი
აღარსადაა თავის მისადრეკი ადგილი.
მათთვის აღარავინ ჰკრავს ბოხჩას,
რომელშიც მშობლიური სახლის ლურსმანიცაა
სხვა აუცილებელ ნივთებთან ერთად.
ცხადს არ უნდა მოაკლდეო- ურჩევენ მხოლოდ.
გზაც  სადღაც დუნედ მიიზლაზნება.
სამყაროსაგან  გამიჯნულებმა იციან,
რომ  არც  იოლია
და არც ძნელი
მხოლოდშობილი ძის იერით
შინ  დაბრუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები