 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პროზა 15 ნოემბერი, 2025 |
მშვიდი ბავშვობა არ მქონია. დედას ნერვებს უშლიდა ჩემი ხასიათი ( ეეჭვებოდა, რომ არასაკმარისად მიყვარდა). მამის სიმშვიდე დედის მოშლილ ნერვებს ეწირებოდა, ბებია-ბაბუა მუდამ გაუგებრობის მსხვერპლთა სიის სათავეში იყო. ამიტომ, უგემურ დღეებს ხან ზამბარასავით წელვადი ერქვა, ხან აისბერგივით მყიფე და უძრავი, ხანაც საერთოდ არ მოეძებნებოდა სახელი. შიშის უხილავი აბლაბუდებით იქსელებოდა ჰაერი.
ავად იყო დედა. ჩვენ- უფრო. ხმადაბლა ვსაუბრობდით, ვჩურჩულებდით. დაბალ ხმაზე ემსხვრეოდა სიმშვიდეს ჭირხლმოდებული ფალანგები და თვალებადქცეული ყოველდღიურობა აჩრდილივით დაიძურწებოდა წარსულსა და აწმყოს შორის.
როცა რაღაც სასწაულით გამოანათებდა მზე, ჯერ კიდევ შიშნარევი სიფრთხილით ვამოწმებდი მის ნამდვილობას და თუკი ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, სიმღერას ვიწყებდი. არც ბებიამ, არც დედამ არ იცოდნენ, რა მამღერებდა. არასდროს უკითხავთ ჩემი ბავშვური ბედნიერების მიზეზი. ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევდნენ ამ ყველაფერს. მხოლოდ ჩემს უხილავ მეგობარ ელფს ვერ გამოვაპარებდი ვერცერთი ფიქრის, ცრემლის, ღიმილის საბაბს. მასაც ჩემსავით ეხსნებოდა ცა, როცა დედა და ბებია არ ჩხუბობდნენ. როცა გაღიმებული მამა წარბს გახსნიდა და თავისი ჩხვლეტია ლოყით დამისუსხავდა ლოყას. როცა უფლება მეძლეოდა დაბადების დღის საჩუქარი თავაზიანად გამომერთმია ნათესავისთვის, რომელიც დედას თვალში არ მოსდიოდა. იყო ასეთი დღეებიც.
მას მერე დიდი დრო გავიდა. დიდზე დიდიც. ყველა უსიამოვნება და შიში თან გაიყოლეს იმქვეყნად წასულმა ტკბილმა ადამიანებმა. ორი წყვილი დაფაციცებული თვალიღა შემორჩა სახლს, რომელსაც დღესაც ვერ ვეძახი ჩემს სახლს. ვერც მოგონებებს ვუწოდებ ტკბილადმოსაგონარს და ვერც ბავშვობას- ლაღსა და უდარდელს.
ოჯახის სიმტკიცეს როცა ახსენებენ, გული მტკივნეულად მეკუმშება, რადგან ვიცი, რამდენი დათმენისა და კბილის კბილზე დაჭერის ფასად ნარჩუნდება ეს ინსტიტუტი. როგორ გადადის ლამის ყველა სიმძიმე უღლის ცალ მხარეს. როგორ უფასურდება მაღალფარდოვანი სიტყვების კორიანტელი სუფრასთან, რადგან მათი მნიშვნელობა და დანიშნულება ამ ადგილს არ სცილდება.
ადამიანებს რატომღაც ყველაფერი გარეგნულად მომხიბლავი გვწამს და გვიზიდავს. ვინც ყვირის და გულზე მჯიღის ცემით ამტკიცებს მამულიშვილობას, მას ვთვლით სარწმუნოდ. სარკესთან საათობით ,,დამუღამებულ" სათნო ღიმილს ვუცხადებთ ნდობას. შვილებს არ, ან ნაკლებად ვენდობით და გვგონია, რომ მათ მხოლოდ ჩვენი ყურმოჭრილი მონობა ევალებათ, რადგან სიცოცხლე ვაჩუქეთ. იმაზე არასდროს დავფიქრდებით- თუკი შვილებმაც ჩვენ აგვირჩიეს მშობლებად, არაფერი დაშავდება, დაუყვედრებლად ვუწილადოთ მათ ბედნიერების ის ულუფა, რაც ჩვენს ხელთაა, რისი მოპოვებაც ჩვენს ძალებს არ აღემატება.
კუს ბაკანივით შეზრდილ ცხოვრებას ბოლო გაჩერება ექნება ოდესმე. ალბათ მაშინ, როცა უფალი ინებებს ამას.
ძალიან მინდა, მზესთან ახლოს დავსახლდე. მშვიდი ბავშვობა არ მქონია- მეთქი, გიყვებოდით. ალბათ, მზიანი უნდა დამეწერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იყო ამ ნაწერში რაღაც ჩემეული, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული - მართლა მზიანი ბავშვობა მქონდა.
შემოქმედების ძალაც ესაა ალბათ.
იყო ამ ნაწერში რაღაც ჩემეული, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული - მართლა მზიანი ბავშვობა მქონდა.
შემოქმედების ძალაც ესაა ალბათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|