 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: საბავშვო 22 ნოემბერი, 2025 |
ის, ვისზეც დღეს მინდა გიამბოთ, ჯერაც დაუწერელი ნოველის ნამდვილი პერსონაჟია. სახელად გეგი ჰქვია და მეხუთე კლასში სწავლობს. გეგისთან ჩატარებული გაკვეთილები მუდამ არასტანდარტული, უჩარჩოო და მრავალწახნაგოვანია. ყველანაირ თემას მივედ- მოვედებით: ,,პატარა პრინციდან" შეიძლება გოდერძი ჩოხელის ,,თევზის წერილებს" გადავწვდეთ, კომიქსების გვერდის აუვლელად შევიჭყიტოთ ლიონებერგაში, საწვნეში თავგაჩხერილი ემილის საგულშემატკივროდ, ან არსებითი სახელის ჯგუფები ტროპის სახეებს შევურწყათ და წინადადების აგებულებით დავასრულოთ. გეგი ამ ყველაფერს იოლად ართმევს თავს. მეტიც- ახალ- ახალი იდეები შემოაქვს გაკვეთილის სტრუქტურაში და მინდა ვაღიარო, რომ ხშირად როლებსაც ვცვლით- ის მასწავლებლობს, მე მოსწავლეობას ვიფერებ, თუმცა ამას ოფიციალურ სახელს არ ვარქმევთ. ჩემი, ნაივური შემოქმედის მიერ ,,დახატული" მისი პორტრეტი დაახლოებით ასეთია: თვალები- ინტერესითა და ფიქრით სავსე, ყველაფერ დამაინტრიგებელს თავისკენ იზიდავს. ღიმილი- ღია და გულწრფელი. ყვება დინჯად, ლირიკული გადახვევებით. საკუთარ თავში დარწმუნებული, წარბაწევით ამახვილებს ყურადღებას სასაუბრო თემის მნიშვნელოვან დეტალებზე. ლაღია. მოსწონს რჩევას რომ ეკითხებიან. ზრდილობა და მოკრძალება ძალიან უხდება და მისი მთავარი მახასიათებლებია. და მთავარი რამ, რის გამოც ეს ტექსტი წამოვიწყე- დიდ პასუხისმგებლობას დაატარებს პატარა მხრებით. ეს პასუხისმგებლობა ტვირთიცაა და შვებაც. ყოველთვის გაფაციცებით მისჩერებია ეკრანს, რომ არაფერი გამორჩეს და შექება ღირსეულად დაიმსახუროს. მოულოდნელად, მოხდა ისე, რომ ერთადერთხელ დაავიწყდა დავალების შესრულება. არაა ეს ისეთი რამ, ვაი- ვიშის ატეხვად რომ ღირდეს. სად არ მომხდარა?! ვის არ დავიწყნია?! მაგრამ გეგიმ მთელი სიმძაფრით განიცადა ეს და თავდახრილმა, თვალებზე ხელაფარებულმა ძლივს ამოთქვა: - დავალება არ მაქვს. - არა უშავს, გეგი. შემდეგი გაკვეთილისათვის მომიგვარე ეგ საკითხი- ვცდილობ გავამხნევო. პაუზა გრძელდება. ზის და თავს მაღლა ვერ სწევს. შევწუხდი და ვეკითხები:-გეგი, სხვა რამეც მოხდა? გაწყენინა ვინმემ? ისევ თვალებზე აქვს ხელი აფარებული. მინდა სიტუაცია განვმუხტო:- მეც ბევრჯერ დამვიწყნია რაღაც მნიშვნელოვანი ამბის მოგვარება, მაგრამ მერე გამომისწორებია და ასე ძალიანაც ნუ დაღონდები. ოთხშაბათისთვის დაწერ და ეგაა. - მრცხვენია. ეს სიტყვა ისე მძიმედ წარმოსთქვა, იმხელა სინანული ჩააქსოვა მასში, ცრემლები რომ არ წამომსვლოდა, ხან ჩახველებით, ხანაც წიგნის უმიზნო ფურცვლით ვცადე ემოციის დათრგუნვა. რა ხანია ასეთ გულწრფელობას არ გადავყრივარ და გული თან მომეწურა, თან- გამითბა. ჩემ წინ იჯდა დიდგულა პატარა ადამიანი და მასწავლებლობის მადლზე მიმანიშნებდა, რწმენას მმატებდა და მაჯერებდა სამყაროს ამოუცნობი სიკეთეების არსებობაში, მახსენებდა, რომ ჩვენ, დიდებმა, ხშირად უნდა მოვიხსნათ კუს ბაკანივით შეზრდილი და ხაფანგად ქცეული რუტინა, ამაო ფაციფუცი, შევიხედოთ ბავშვობის მივიწყებულ სავანეში და აბლაბუდამოდებული გული გავითავისუფლოთ იმ მავნე ნარჩენებისაგან, სიცოცხლეს რომ გვიწამლავს, სავალ გზას რომ გვიმრუდებს და ადამიანობას/ ადამიანებს გვაშორებს. გახსოვთ ვინმეს, ბოლოს როდის ამოთქვით შეწუხებულებმა, რომ გრცხვენიათ შეუსრულებელი დავალების, გატეხილი ფიცის, უპასუხო შეხმიანების, გადაუხდელი ვალის, მიყენებული ზიანის, გულგრილობის, მითვისებული სიკეთის, დაუფიქრებელი საქციელის, უსიყვარულობის გამო?! არ გვახსოვს და გახსენებაც არ გვსურს, იმიტომ რომ პატარებივით გულწრფელები ვეღარ ვართ და საკუთარი თავის გარდა, არავის ვაღიარებთ. ბავშვები კი გვაბრუნებენ სუფთა ხელებისა და უხინჯო გულების სამყაროში. ჩვენს გადარჩენას ცდილობენ და თუკი მათსავით ვიფიქრებთ, უფრო მალე მივხვდებით, რომ ,,სადღაც მაინც არის რაღაც სახატეებივით მყუდრო ადგილები" და ეს ჩვენი პატარების სუფთა გულებია. ,,დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი თვალისთვის უხილავია"- ასე სჯერა პატარა პრინცის მეგობარ მელას. მეც ასე მჯერა. ალბათ, გეგისაც, მაგრამ შემდეგ გაკვეთილზე მაინც დავაზუსტებ მასთან, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე და პასუხს ელვის უმალ გამცნობთ, გპირდებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|