 | ავტორი: მაა.საა. ჟანრი: დრამატურგია 3 დეკემბერი, 2025 |
ეპიგრაფი: რედიარდ კიპლინგი – ძველთაძველი სიმღერა რამეთუ ევამდე იყო ლილიტ. – ძველი თქმულება - ეს თვალები არ ყოფილა შენი ნამდვილი სიყვარულის თვალები. რატომ იკატუნებ თავს, რომ გიყვარს ისინი? მახსოვს, მათი ერთგვარობით დაიღალე და წარბებით, მშვიდად მონარკალებით! ეს არ ყოფილა შენი ნამდვილი სიყვარულის ხმა. მაშ რად გიკრთება გული, როცა გესმის ის? შენ, ვინც მოშორდი, განერიდე მის ხმას და თავშესაფრად აირჩიე ქვეყნის დასალიერი. შენ არასდროს გყვარებია ეს თმები და გაწუხებდა, როცა გეხვეოდა ისინი იმ ღამით, რომელიც მან შექმნა სამყარო შენს გარშემო! და გიფარავდა ცოდნისგან, სირცხვილისგან თუ დარდისგან, -„ყველა ეს რამ ვიცი, ვიცი. და ამიტომაც მიკვდება გული!“ -„მაშინ რა გრჩება ასე თავის მოკატუნებით?“ -„ძველი იარების გაღვიძების სიამტკბილობა.“
მოქმედი პერსონაჟები : ლილი ადამი 40 წლამდე ასაკის ქალი - ლილის მოსწავლე დათო (კლუბში) გიორგი (გამომძიებელი) თამარი (გამომძიებელი) ბარმენი ლილიტი (შინაგანი ხმა / ალტერ ეგო)
სცენა 1 : „ხე“ (სცენაზე შუაში დგას ხე, რომელსაც ზემოდან ცისფერი სხივი ეფინება. ტოტებზე ბრწყინავს ნაყოფი — ნახევრად ოქროსფერი, ნახევრად სისხლისფერი. სცენის მარცხენა მხარეს დგას ლილიტი, ფეხშიშველი, თეთრ და შავ ქსოვილში გახვეული. მარჯვენა მხარეს — კაცი, ნახევრად ჩრდილში.) კაცი - რატომ არ მიდიხარ ხესთან, ლილიტ? ჩვენთვისაა ეს ნაყოფი. ლილიტი - მე ცოდნა გულით ვისწავლე, არ მჭირდება ხე, რომ გავიგო, ვინ ვარ. (კაცი შორდება. შორიდან ქალი ჩნდება — ნაზი, მომხიბვლელი. ნელი ნაბიჯებით უახლოვდება მას და ნაზად აწვდის ვაშლს— შუქი მათზე ფოკუსირდება. ლილიტი არ მოძრაობს.) ლილიტი - ისინი ჭამენ ნაყოფს, მე კი ვატარებ ცოდვას. მე ვიყავი პირველი ქალი — მაგრამ მათთვის „პირველი“ ნიშნავს „მორჩილს“. მე ვარ ის, ვინც არ ემორჩილება. მე ვარ ლილიტი. (წითელი შუქი ქრება. რჩება მხოლოდ თეთრი სხივი, რომელიც ნელა ქრება. ისმის შორიდან დიქტოფონის ჩართვის ხმა). სცენა 2 სცენა გარდაიქმნება დაკითხვის ოთახად: გიორგი - სახელი, ასაკი, საქმიანობა ლილი - ლილი, ოცდაჩვიდმეტი წლის, განათლება — ფსიქოლოგიის მაგისტრი, პროფესია — ფიტნეს ინსტრუქტორი. გიორგი - ოჯახური მდგომარეობა ? ლილი - ქმარს გაშორებული გიორგი - შვილები ? ლილი - არა გიორგი - იცნობდით დავით კვაჭაძეს? ლილი - ზედაპირულად. გიორგი - სად გაიცანით ერთმანეთი? ლილი - კლუბში გიორგი - რა ურთიერთობა გქონდათ? ლილი - გავერთეთ ცოტა, სერიოზული არაფერი თამარი - იცით რისთვის ხართ აქ? ლილი - დაახლოებით ვხვდები, მაგრამ ნაჩქარევად გამოგაქვთ დასკვნები, ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე გგონიათ გიორგი - კარგი, მოდით მაშინ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ ... ახალი სივრცე ჩნდება — ბინა სცენა 3 — ლილის ბინა ლილი ბლენდერში სმუზის ამზადებს. პულტს იღებს და ტელევიზორს რთავს. ტელევიზორის ხმა: დღეს ქალაქ ედემში შედარებით ღრუბლიანი ამინდია. ტემპერატურა დღისით 17, ხოლო ღამით 4 გრადუსამდე დაიწევს. ხვალ ისევ იწვიმებს, კვირის ბოლომდე არასტაბილური ამინდია, შემდეგ კვირაში კი ეტაპობრივად დათბება. გაგაცნობთ დღის სხვა ამბებს... გამოძიება გრძელდება. სერიული მკვლელის მიერ მოკლულ მამაკაცთა რიცხვმა უკვე შვიდს მიაღწია. მსხვერპლებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ყველა... ლილი რთავს ტელევიზორს. სიჩუმე ჩამოვარდება. სახეზე რაღაც გაუელვებს - ირონია? კმაყოფილება? ტკივილი? ძნელი გასარჩევია. უცებ იმორჩილებს ემოციებს. სმუზის ასხამს ჭიქაში, ერთი ყლუპით სვამს. შემდეგ ვაშლს აიღებს და კბეჩს. ამ დროს მობილური რეკავს დახლზე. ლილი ანელებს მოძრაობას. უყურებს ეკრანს. ეკრანზე აწერია "ადამი". ყოყმანობს, მაგრამ ბოლოს პასუხობს. ლილი - (მშვიდი, ცოტა დაძაბული ხმით) გისმენ. ადამი- (ხმა): გაგაღვიძე? ლილი - არა. რა ხდება? ადამი (ხმა) - არაფერი განსაკუთრებული... უბრალოდ მოგიკითხე. როგორ ხარ? ლილი: კარგად, რა იყო? ადამი (ხმა) - კარგია თუ კარგად ხარ. ლილი: (სიჩუმე) ადამი (ხმა) - გამოდი ჩემთან ლილი : რატომ? ადამი (ხმა) - უბრალოდ გამოდი, მომენატრე. ლილი: (მისი ხმა ძლივს ისმის, ტკივილით) რატომ ხარ მარტო? ადამი (ხმა) - უბრალოდ... ლილი - მომისმინე ერთი წუთით. შენ არ გენატრები, უბრალოდ გინდა მე მაგრძნობინო ეს, სულ რომ ლოდინის რეჟიმში ვიყო და გავჩნდე როცა მოგესურვება, როგორც სათადარიგო ვარიანტი. ადამი (ხმა) - ხომ იცი რომ არაა ეს სიმართლე... მე... მე დღემდე მაქვს შენს მიმართ გრძნობები. უბრალოდ... ყველაფერი ძალიან რთულია. ვერ ვუმკლავდები ამ ყველაფერს. ლილი - რთულია? რთული იყო მაშინ, როცა არჩევანი გააკეთე. ახლა ყველაფერი ნათელია. შენ სხვასთან ხარ. მე აქ ვარ და ჩვენ... ჩვენ უკვე არაფერი ვართ. ადამი (ხმა) - მაგრამ ხომ ვიყავით... იმ ღამითაც... ლილი(აწყვეტინებს) - ის ღამე შეცდომა იყო და ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის, კიდევ ერთი იმ მრავალთაგანი, რაც გამოვიარე. ადამი (ხმა) - არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ხომ იცი. ლილი - მაგრამ მტკივა. ყოველთვის, როცა მირეკავ, ყოველთვის, როცა გხედავ, ყოველთვის, როცა... ადამი (ხმა) - ლილი... გთხოვ... მოდი შევხვდეთ. დღეს. ლილი - რატომ? რომ კიდევ ერთხელ მითხრა, გრძნობები გაქვს, მაგრამ არაფერი შეიცვლება? რომ კიდევ ერთხელ დამაიმედო და მერე ისევ გაქრე, როცა უკეთესად გახდები? ადამი (ხმა) - არა... არა ამისთვის არა. მე შენ არაფერს დაგპირებივარ. უბრალოდ... შენთან მინდა ყოფნა. თუნდაც ცოტა ხნით. როგორც ადრე... ლილი - როგორც ადრე? როდის? როცა იმასთან იყავი და მერე ჩემთან მოდიოდი? თუ როცა ჩემთან იყავი და მერე ისევ მასთან გარბოდი? რომელი ადრე გაინტერესებს, ადამ? (სიჩუმე. ადამი არ პასუხობს.) ლილი - თუ რაიმე სხვა საქმე არ გაქვს, წავიდე უნდა. ადამი (ხმა) - ლილი, გთხოვ... მჭირდები. ლილი - ნახვამდის. ლილი თიშავს ტელეფონს. დებს დახლზე. (შუქი ქრება. სცენა ნელა იცვლება — რიტმული მუსიკა, გარდასახვა ფიტნეს სტუდიად.) სცენა 4 ფიტნეს სტუდია ლილი - მიდით გოგოებო! იგრძენით ძალა! ჩასუნთქვა – ამოსუნთქვა! (მოსწავლე ჩერდება.) ქალი - ძალიან ძნელია... ლილი - ვიცი. მაგრამ სწორედ ამიტომ შეძლებ. ყოველი ოფლის წვეთი — ეს არის შენი ტკივილისგან განთავისუფლება. (ლილი მოძრაობას აჩერებს, უყურებს ქალებს.) ლილი - ბევრი აქ მოხვდით იმიტომ, რომ ვიღაცამ გატკინათ. მაგრამ ეს დასასრული არაა — ეს დასაწყისია! თქვენ არ ხართ მსხვერპლები. თქვენ ხართ მებრძოლები! ყოველი აწევა — დარტყმაა იმ ტკივილზე, რომელიც მოგაყენეს! ქალი - ფეხებს ვერ ვგრძნობ... ლილი: ეს კარგია — სხეული იღვიძებს. გახსოვდეს: შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ფიქრობ. (მოკლე სიჩუმე. ლილი უახლოვდება, უყურებს თვალებში.) ლილი - ნუ მისცემ უფლებას ვინმეს გითხრას, რომ სუსტი ხარ. დაიბრუნე ღირსება. ოფლით, შრომით, ძალით. ჩვენ ვართ ძალა — შეუჩერებელი! (მუსიკა ძლიერდება, ქალები აგრძელებენ ვარჯიშს. ბოლოს ლილი ქოშინით ეცემა იატაკზე. ნელა ჩუმდება მუსიკა.) ქალი - ლილი, დღეს კინაღამ მომკალი! მაგრამ ნელნელა ვცდილობ რომ თავი გავართვა — ეს უკვე წინსვლაა ლილი - შენ ყოველდღე ძლიერდები. გახსოვდეს — საუკეთესო შურისძიება ბედნიერებაა. (მეორე ქალი ჩაერევა.) ქალი - და ტკივილი? ოდესმე ქრება? ლილი - დრო სჭირდება. ჩვენ, ქალები, ზედმეტად დიდხანს ველოდებით — გვგონია, რომ ისინი დაბრუნდებიან. მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა ისევ სჭირდებით. ისინი ჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაც აიძულებს მათ. (ქალები ჩუმდებიან. ტელევიზორის ხმა ისმის — “სერიული მკვლელის მსხვერპლთა რიცხვი შვიდია...”) ლილი - დღეისთვის კმარა გოგოებო. გახსოვდეთ — თქვენ წარმოუდგენლად ძლიერები ხართ. ნუ მისცემთ წარსულს უფლებას, მომავალი წაგართვათ. (იღებს ტელეფონს რეკავს. ლილი - დავასრულე. ორ საათში შეგიძლია გამოხვიდე. (შუქი ქრება.)
სცენა 6 — ადგილი: ლილის ბინა. (განათება რბილი, ინტიმური,მაგიდაზე — ბოთლი ღვინო და ორი ჭიქა. მუსიკა არ არის. სიჩუმეა. კარზე კაკუნი.) ლილი - შემოდი, ღიაა. (კარი იღება. ადამი შემოდის. უკან იხედება, ფრთხილად კეტავს კარს. ლილი დივანზე ზის, ღვინის ჭიქით ხელში.) ლილი - მოხვედი. ადამი - გითხარი, რომ მოვიდოდი. ლილი - ბევრ რამეს მეუბნები ხოლმე, ადამ, მაგრამ არ ასრულებ. ადამი (უახლოვდება) - კარგი რა, არ დაიწყო ახლა. ლილი - არ ვიწყებ. (ადამი ჯდება დივანზე, ოდნავ მოშორებით.) ადამი - როგორ ხარ? ლილი - რომელი პასუხი არის მისაღები შენთვის? „კარგად“ თუ „ცუდად“? ადამი - რაც სიმართლეა, ის მითხარი. ლილი - არ ვიცი, როგორ ვარ. ადამი - ვიცი, რომ რთულია... მაგრამ მეც... მეც არ ვარ კარგად. ეს სიტუაცია... ლილი - ეს სიტუაცია შენ შექმენი. ხომ გააკეთე არჩევანი — და მაინც აქ ბრუნდები. (ადამი ცდილობს შეეხოს, ლილი ხელით აჩერებს.) ადამი - არ შემეძლო... არ შემეძლო არ მოვსულიყავი. შენ ხომ იცი, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. ლილი - მნიშვნელოვანი რითი? იმით, რომ შემიძლია ყველა შენი ახირება ავიტანო? იმით, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო, როცა გჭირდები? იმით, რომ მიყვარდი... მიყვარხარ... იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საჭირო იყო? ადამი - ვიცი, უბრალოდ... ყველაფერი აირია... ლილი - აირია კი, რადგან ისევ აქ ხარ. იცი, რა არის ყველაზე სასაცილო, ადამ? შენ ახლა მას ღალატობ — ჩემთან. ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს მე მღალატობდი. წრეზე დადიხარ. სულ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებ. მხოლოდ ქალები იცვლებიან. (მოკლე სიჩუმე.) ლილი (აგრძელებს) - რატომ მოხვედი? მართლა მოგენატრე? თუ უბრალოდ გინდოდა დარწმუნებულიყავი, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია ჩემზე ზეგავლენა? რომ ჯერ კიდევ შეგიძლია ჩემი გრძნობებით თამაში? ადამი - ლილი... გთხოვ... (უახლოვდება) ლილი - არ გინდა. ადამი - ვიცი... მაგრამ... (კოცნას უპირებს) (ლილი წამით იყინება, შემდეგ მკვეთრად უბიძგებს ადამს უკან.) ლილი - წადი! წადი ახლავე, სანამ ისევ დავკარგე საკუთარი თავი! დაბრუნდი შენს კომფორტულ, პატარა სამოთხეში და ილუზიებში! ადამი - კარგი... წავალ. მაგრამ დაგირეკავ. ლილი (სიცილით) - რა თქმა უნდა დამირეკავ! შენ ყოველთვის რეკავ, როცა მოწყენილი ხარ!(ადამი მიდის კარისკენ, ჩერდება, ბრუნდება.) ადამი - ლილი... მე... ლილი - წადი. (ადამი გადის. ლილი რჩება მარტო. ოთახში სიჩუმეა.შუქი ნელა ქრება.) სცენა 7 — ადგილი: ღამის კლუბი (ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა. მოციმციმე, ფერადი განათებები. მოცეკვავე ხალხის ნაკადში ჩნდება ლილი. მისი მოძრაობა ინტენსიურია, სწრაფი, ოდნავ აგრესიული — თითქოს ტრანსშია.) (მამაკაცი უახლოვდება. დგას მის გვერდით, აკვირდება. ლილი ცეკვას განაგრძობს, თითქოს ვერ ამჩნევს მას. ) (მამაკაცი ცდილობს მუსიკის ფონზე რაღაც უთხრას, უღიმის. ჟესტებით ელაპარაკება. ლილი მას ღიმილით პასუხობს. უყურებს მამაკაცს თვალებში, შემდეგ ქვევით — ხელებზე. მამაკაცი ხელს წევს და ლილის სახესა და თმაზე ეფერება.) ლილი (მუსიკის ფონზე, ხმამაღლა) - ვერ გავიგე! ძალიან ხმაურია! მამაკაცი (უახლოვდება, ყურთან ეუბნება) - ყველაზე ლამაზი ხარ აქ! მარტო ხარ? ლილი (იცინის) - შეიძლება მარტო ვარ, შეიძლება არა... შენ? მარტო ხარ? მამაკაცი - უკვე შენთან ვარ — და აღარ ვართ მარტოები. რა გქვია? ლილი - ლილი. შენ? მამაკაცი - დათო. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ლილი! ლილი - ბეჭედი მოიხსენი? მამაკაცი (იბნევა) - რა? ბეჭედი? არა... მე... ლილი - ძალიან საყვარელი ხარ, როცა იბნევი. გინდა ვიცეკვოთ? (ლილი ზურგს აქცევს, ნელა მიდის მოცეკვავეების ჯგუფისკენ. ვნებიანი მზერით იწვევს მისკენ. დათო მიჰყვება. განათება მკვეთრად იცვლება — წითელი, მუქი იისფერი, ცეცხლოვანი. ორივე მოცეკვავეებში უჩინარდება. მუსიკის ხმა ძლიერდება — შუქი ქრება. რამდენიმე წამით სიბნელე.) სცენა 8 — ადგილი: ლილის ბინა. (ლილი შემოდის. ნელა იხდის ფეხსაცმელს და სამზარეულოსკენ მიდის. იღებს დოქს, ისხამს წყალს ჭიქაში, სვამს. იყურება დარბაზისკენ. შემდეგ ამავე ჭიქით წყალს ისხამს ხელებზე — თითქოს რაღაცის ჩამობანას ცდილობს. იღებს ვაშლს, უყურებს, შემდეგ დებს უკან. იღებს ღვინის ბოთლს , ისხამს ჭიქაში, ჯდება სკამზე, სვამს. სიჩუმეა. შემდეგ რთავს ტელევიზორს, დივანზე მიწვება. იძინებს) შუქი ქრება. სცენის ფონზე ან ეკრანზე ჩნდება პროექცია: მუსიკის ფრაგმენტები, მკვეთრი განათების კონტრასტი. ჩნდება ბუნდოვანი მამაკაცის ჩრდილი. მის წინ — დიდი, ნახევრად ქალური სილუეტი. უკან — პატარა ჩრდილი, რომელსაც ხელში დანა უჭირავს. ორივე ჩრდილი ერთდროულად წევს ხელს. ისმის დანის დარტყმის ხმა. მამაკაცის ჩრდილი იკრუნჩხება და ქრება. სიჩუმე.) სცენა 9 — ადგილი: პოლიციის განყოფილება. გიორგი ზის მაგიდასთან, სვამს ყავას და ათვალიერებს საქაღალდეს. თამარი დგას დაფასთან, მიკრულ ბარათებს აკვირდება. თამარი - კიდევ ერთი... უკვე მერვეა და არავითარი სამხილი. გიორგი - ყველა მსხვერპლი დაკავშირებულია ძალადობასთან ან შანტაჟთან. ეჭვმიტანილებად ყველა ცოლები, ყოფილი ცოლები, შეყვარებულები, საყვარლები გვყავს... რა დათვლის. თამარი - ფიქრობ, რომ ქალია? ექსპერტები ამბობენ... გიორგი - ექსპერტები ბევრ რამეს ამბობენ. ჭრილობები — პატარა, ზუსტი მოძრაობები... გათვლა, სიზუსტე. უხეში ძალა არაა — უფრო ქალის ხელია. თამარი - მოტივი გასაგებია, მაგრამ მსხვერპლები სხვადასხვა წრიდან არიან, სხვადასხვა ასაკის. არანაირი კავშირი, გარდა მათი წარსულისა. გიორგი - აი, სწორედ ეგაა საკვანძო — მათი წარსული. ვიღაცამ იცის ეს წარსული. თამარი - შესაძლოა ეს იყოს ვინმე, ვისაც წვდომა ჰქონდა ამ ინფორმაციაზე — ვინმე, ვინც მუშაობდა პოლიციაში ან სოციალურ სამსახურში? გიორგი - ვამოწმებ ყველას. ყოფილ თანამშრომლებს, იურისტებს, ფსიქოლოგებს... ჯერ არაფერი. მხოლოდ ვარაუდები. თამარი - ქალაქში პანიკაა. ხალხს ეშინია.
გიორგი - ვიპოვით. აუცილებლად ვიპოვით. და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყვნენ მსხვერპლები — არავის აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე გაანადგუროს სცენა 10 — ადგილი: ლილის ბინა. ლილი და ადამი სხედან დივანზე ლილი - ვერ ვხვდები, რად მიღირს ეს. რატომ არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ ვიყო ბედნიერი. რაში მჭირდება ეს ტანჯვა? ადამი - მეც მტკივა, ლილი! შენ გგონია, რომ მარტო შენ იტანჯები? მეც ვარ ჩარჩენილი ამ ჯოჯოხეთში! ლილი - ჯოჯოხეთი? შენ თვითონ შექმენი ეს ჯოჯოხეთი — სამოთხის ძიებაში, ადამ! შენი სისუსტით! შენი ჩამოუყალიბებლობით! ადამი - ლილი... ლილი - არ გაბედო. (ადამი უახლოვდება. ლილი არ იხევს უკან. ისინი დგანან ძალიან ახლოს. ადამი ნაზად ეხება მის სახეს. განათება ოდნავ სუსტდება, კოცნა იწყება — არა ნაზი, არამედ ძლიერი, სასოწარკვეთილი. თითქოს ბრძოლას ჰგავს.) ლილი ტანსაცმელს იცმევს.
ადამი ზის დივანზე, თავჩაღუნული. ადამი - ლილი... მოდი, უბრალოდ ვიყოთ ერთად. ლილი - უბრალოდ ვიყოთ ერთად? ანუ როცა მოგესურვება მოხვიდე, იცოდე, რომ მაინც მიგიღებ — და მერე ისევ დაბრუნდე შენს „ნორმალურ“ ცხოვრებაში? ადამი - ჩემი ცხოვრება არ არის ნორმალური. რთულია. ლილი - საერთოდ არ არის რთული. შენ თავად ქმნი ამ სირთულეს, რადგან გინდა ტკივილი, ქაოსი, აღმაფრენა. გინდა იყო მსხვერპლიც და ჯალათიც — როცა ეს დაგჭირდება. გინდა ემოციებით თამაში, სხვანაირად ვერ არსებობ. და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მეც ეს მინდა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ვინც ხარ — მაინც შენ მინდიხარ. (პაუზა. ლილი დგება, მიდის კარისკენ, აღებს.) ლილი - ახლა კი... დროა წახვიდე. (ადამი ნელა დგება. უხერხულად დგას, თითქოს ვერ ხვდება, რა თქვას. ლილი უყურებს მას, თითებით კარის სახელურს ეხება.) ლილი - წადი — და აღარ დაბრუნდე. (ადამი ჩუმად გადის. კარი იკეტება. შუქი სუსტდება. რჩება მხოლოდ ლილი, რომელიც შუა ოთახში დგას.) სცენა 11 — ადგილი: პოლიციის განყოფილება ბარმენი - ბატონ დავითზე გავიგე... ის ჩვენთან დადიოდა ბარში. „ედემის ბაღი“ ქვია. მგონი რაღაც ვიცი, რაც გამოგადგებათ. გიორგი - დაბრძანდით, გისმენთ ყურადღებით. მადლობა, რომ მოხვედით. (ბარმენი ჯდება, სვამს წყალს. ხელი ოდნავ უკანკალებს.) ბარმენი - ბატონი დავითი ყოველ პარასკევს მოდიოდა. ბევრ ფულს ხარჯავდა. სულ სხვადასხვა ქალთან ერთად იყო. აი, იცით... ისეთი ტიპი იყო. თამარი - გახსოვთ, იყო თუ არა ვინმესთან ერთად მისი მკვლელობის ღამეს? ბარმენი - დიახ. მაგიტომ მოვედი. იმ ღამეს მასთან ერთად ერთი ქალი იყო, რომელსაც ადრე არასდროს შევხვედრივარ. ისეთი გამორჩეული იყო, რომ მახსოვრებაში ჩამრჩა. გიორგი - გამორჩეული — რითი? ბარმენი - ძალიან ლამაზი იყო. და რაც უცნაურია — არ სვამდა, მხოლოდ წყალს უკვეთავდა. დავითის ჩვეულებრივ სტუმრებს არ გავდა. მშვიდი იყო, მაგრამ რაღაცნაირად უცნაურად მშვიდი. მუქი, გრძელი თმა ჰქონდა, დიდი ნუშისებური თვალები. სპორტული აღნაგობა — აი, რომ ამბობენ ყველაფერი თავის ადგილზე აქვსო ისეთი. თამარი - კიდევ რამე ხომ არ გახსენდებათ? ბარმენი - ხო... ხელზე ჰქონდა სვირინგი — ხე ეხატა. მგონი სიცოცხლის ხეს ეძახიან. გიორგი - დავითის ქცევა როგორი იყო იმ საღამოს? ბარმენი - ნერვიულობდა. სულ ირგვლივ იყურებოდა. ყური მოვკარი, კამათობდნენ — ქალი ეუბნებოდა: „ყველა ცოდვას თავისი ფასი აქვსო.“ დავითმა ფული გადაიხადა და გავიდნენ. მერე აღარ დამინახავს. (პაუზა. ოთახში სიჩუმე ისადგურებს.) გიორგი - შეგიძლიათ ჩვენს მხატვარს აუწეროთ მისი გარეგნობა — ფოტორობოტისთვის? გავავრცელებთ, იქნებ ვინმე ამოიცნოს. დიდი მადლობა დახმარებისთვის. (ბარმენი ნერვიულად თავს უქნევს, პოლიციელი აცილებს. გიორგის და თამარს შორის სიჩუმე.) (ამ დროს ისმის ტელევიზორის ხმა ოთახის კუთხიდან — დიქტორი ამბობს.) „პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი. მოქალაქეებს ვთხოვთ, თუკი ამოიცნობენ აღწერილ პირს, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას. ეჭვმიტანილს ხელზე აქვს ხის გამოსახულებიანი სვირინგი.“ (გიორგის ტელეფონი რეკავს. ოთახში ჩნდება დაძაბულობის ტალღა.) გიორგი (ტელეფონით) - გამომძიებელი გიორგი გისმენთ... დიახ, ფოტორობოტთან დაკავშირებით?... ვინ არის?... ფიტნეს სტუდიიდან? „ლილიტის ძალა“? ინსტრუქტორი? გასაგებია. მისამართი?... დიახ, მადლობა. (თიშავს ტელეფონს, უყურებს თამარს) გიორგი - მგონი ვიპოვეთ. (შუქი ქრება. მცირე მუსიკალური გადასვლა — რბილი, ბასური რიტმი. სცენა ნელა გადადის ლილის ბინაში ) ლილი ზის დივანზე, მშვიდად. (კარზე ძლიერი კაკუნი ისმის.) ლილი (ჩუმად, თავისთვის): მოვიდნენ... (კარზე ისევ აკაკუნებენ, ახლა უფრო დაჟინებით.) გიორგი (გარედან) - პოლიცია! გააღეთ! (ლილი ნელა დგება, მიდის სამზარეულოსკენ. ხელით ეხება ვაშლს, შემდეგ იღებს, ნელა კბეჩს. დგას კარის წინ, მშვიდი მზერით.) ლილი - შემოდით. (კარი იღება. გიორგი და თამარი ოთახში შემოდიან.) თამარი - თქვენ დაპატიმრებული ხართ სერიული მკვლელობის ბრალდებით. ლილი (მშვიდად, ამთავრებს ვაშლის ღეჭვას) როგორ მომაგენით? გიორგი - მოწმემ ამოგიცნოთ ლილი - გასაგებია... ახლა რა ხდება? (გიორგი და თამარი უახლოვდებიან მას. ლილი არ იძვრის. განათება თანდათან ბნელდება. ) სცენა 12 — ადგილი: პოლიციის განყოფილება. გიორგი - მოტივებს დაახლოებით ვხვდებით, მაგრამ თქვენი ვერსიაც გვაინტერესებს. ლილი - სამართალი... ძალიან რთული ცნებაა, ბატონო გამომძიებელო. ზოგჯერ კანონი უძლურია, რაც არ უნდა ძლევამოსილი გვეგონოს. ზოგჯერ სხვა ძალების ამოქმედებაც საჭიროა. გიორგი - სხვა ძალები? რას გულისხმობთ? ლილი - ბედისწერა... კარმა... ან უბრალოდ შედეგები. როცა ადამიანები საშინელებას სჩადიან და ფიქრობენ, რომ მარტივად დაიძვრენენ თავს, სამყაროს თავისი გზა აქვს წონასწორობის აღსადგენად. გამოჩნდებიან ისინი, ვინც ამას აღასრულებენ. გიორგი - ვინ გამოჩნდება? ვინ აღასრულებს? რაიმე ორგანიზაციაზე საუბრობთ? ლილი - ეს არ არის ორგანიზაცია. ეს არის პრინციპი. ძალა. საწყისის გახსენება. (პაუზა. გიორგი და თამარი ერთმანეთს შეხედავენ.) ლილი (აგრძელებს) - დასაწყისში ღმერთმა შექმნა ადამი და ლილიტი. ერთმანეთის თანასწორები იყვნენ... გიორგი (აწყვეტინებს, ოდნავ ირონიით) - ანუ თქვენ გგონიათ, რომ რაიმე ზეციური მისია გაქვთ? ამ მითის გმირი ხართ? ლილი - ზეციური ნაკლებად. (თამარი გვერდით იხრება გიორგისკენ, ჩუმად ეუბნება.) თამარი (ჩუმად) - გიორგი... მგონი ფსიქოლოგი გვჭირდება. ეს დელუზიაა — მითოლოგიურ პერსონაჟად წარმოუდგენია თავი. გიორგი - ლილი... ვფიქრობ, დაძაბული ხართ. იქნებ შესვენება გავაკეთოთ? ექიმიც გნახავთ. ვინც დაგეხმარებათ. ლილი - ექიმი? ფიქრობთ, რომ ავად ვარ? თუ ისინი, ვინც დამპალ სამოთხეში ცხოვრობენ, თავს იტყუებენ ილუზიებით და ჰგონიათ, რომ ბედნიერები არიან — ვერც კი ხვდებიან, რომ ჯოჯოხეთი უკვე კარს მიადგათ? ცოდვის საფასური ყოველთვის გადასახდელია. გიორგი (მშვიდად, თამარს) - ფსიქოლოგს დაუძახე. (გიორგი დგება, თამარი ფურცლებს აგროვებს. ლილი ისევ ზის მშვიდად, ირონიული ღიმილით.) ლილი - ნუ გგონიათ, რომ ეს დასასრულია. თავდაპირველი ცოდვა არსად გამქრალა. ის ყოველთვის რჩება ადამიანში და იჩენს თავს მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. (ლილი ხარხარებს. განათება მკვეთრად სუსტდება.)
სცენა 13 — ფინალური აქტი. ადგილი: საგიჟე. (ცივი, ფერმკრთალი შუქი. საწოლი, სკამი. ლილი ზის საწოლზე, აცვია საავადმყოფოს ტანსაცმელი. სიჩუმეა.) ლილი - ეს ხელები... მათ ყველაფერი შეუძლიათ არა? მათ შეუძლიათ შექმნან და შეუძლიათ გაანადგურონ. ლილიტი - გაანადგურონ. დიახ. სწორედ ეს არის ბალანსი ლილი. სიცოცხლე და სიკვდილი. შექმნა და ნგრევა. შენ ძალიან დიდხანს იყავი მხოლოდ "შემოქმედი". ძალიან დიდხანს აძლევდი სხვებს უფლებას ეშენებინათ შენთან ერთად და დანგრევით მხოლოდ მათ დაენგრიათ. ახლა კი შენ ანგრევ და ამით აღადგენ ბალანსს. იღებ იმას, რაც შენია. ლილი - ისინი ამბობენ რომ ოჯახები გავაუბედურე. ლილიტი- (აწყვეტინებს, ხმაში ირონია შეიმჩნევა) მათ ოჯახებს თავადვე მიაყენეს ტკივილი. შენ მხოლოდ წერტილი დასვი. დაასრულე მათი ამბავი. ამბავი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და იმედგაცრუებებით. შენი რისხვით სამართლიანობა აღადგინე. რისხვა არის ცეცხლი, რომელიც ასუფთავებს. ტკივილი ტკივილის წილ. შიში შიშის წილ. თითოეული მათგანი იმსახურებდა ამას ლილი. ლილი - ისინი ამბობენ რომ გიჟი ვარ. ლილიტი - სიგიჟე...რა უცნაური სიტყვაა. ყველაფერს რასაც ადამიანები ვერ ხვდებიან ან რისიც ეშინიათ სიგიჟეს ეძახიან. ამბობენ რომ შეშლილი ხარ, ამ კედლებში გამოგამწყვდიეს თითქოს ეს ყველაფერი და მეც შენი გონების ქმნილებები ვართ მხოლოდ. ლილი - (ხმადაბლა, თითქოს ფიქრობს პასუხზე, დაღლილი) კედლები ცივია. დრო...თითქოს აღარ გადის. არასდროს მთავრდება და ეს სიჩუმე... ლილიტი - (აგრძელებს) ისინი ტყუილში ცხოვრობენ, მათ მიერ შექმნილ დამპალ სამოთხეში და ჰგონიათ, რომ ნორმალურები არიან? ლილი - მათი სამყარო...მათი სიმართლე...მათთვის ეს ნორმაა. ისინი ვერ ხვდებიან რას სჩადიან. მეგონა სიმძიმისგან გავთავისუფლდი. მეგონა შვებას ვიპოვიდი. მაგრამ ტკივილი არსად წასულა, უფრო გამძაფრდა. ლილიტი - შვება, ტკივილი, სევდა.. რა ადამიანური სიტყვებია. გეგონა ამით შენ შინაგან ბუნებას შეცვლიდი? ჰაჰაჰა...რა საცოდაობაა. სევდა.. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სევდიანი და უსამართლო ვიდრე ამ სამყაროს შექმნა? ლილი - ეს არ არის სამყაროს სევდა. ეს ჩემი სევდაა. ტკივილი...რომელიც არ ქრება. მოგონებები...რომლებიც სისხლმაც ვერ ჩამორეცხა. მოგონებები მასზე. ლილიტი - მოგონებები...ტკივილი... რატომ უნდა მოგეშორებინა ისინი სისხლით? ლილი - ვერ დავამარცხე. სასოწარკვეთა, იმედგაცრუება, ტკივილი, სიყვარული ... არადა, შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, როგორსაც ყველა მხედავდა, ძლიერი, დამოუკიდებელი... სხვაგვარადაც შემეძლო. ლილიტი - შეგეძლო კი. შესაძლებლობა - მხოლოდ საბაბია მათთვის, ვინც არჩევანს ვერ აკეთებს. შენ კი შენი არჩევანი გააკეთე და შენმა არჩევანმა მოგიყვანა აქამდე, ამ კედლებში. ლილი - ადამი. ისევ მოვიდა. იმ ღამით... ლილიტი: აჰ, ადამი...კაცობრიობის პირველი შეცდომა. პირველი მატყუარა. რომელმაც აირჩია უსახური ის და არა თავისუფალი, ძლიერი - შენ. რა თქმა უნდა მოვიდოდა. მოვიდა თავისი სისუსტით. თავისი სურვილით, რომელსაც ვერ აკონტროლებს. და შენ... შენ ის ისევ მიიღე. რატომ, ლილი? ლილი - მინდოდა ისევ მეგრძნო...მინდოდა ისევ ვყოფილიყავი სასურველი მისთვის. იმედი , რომ არა უბრალოდ მოვიდოდა, არამედ, დაბრუნდებოდა. ლილიტი - და რა თქმა უნდა ისევ იმედგაცრუება, როგორც ყოველთვის. ესეც ხომ შენი არჩევანია ლილი და იმის გაცნობიერება, რომ ვერაფერი მოკალი შენში ვერც სიყვარული...ვერც ტკივილი...ვერც მარტოობა. ლილი - მარტოობა .... და შენ...შენ დარჩები ჩემთან? ლილიტი - მე ყოველთვის შენთან ვიყავი, მაშინ როცა გტკენდნენ, მაშინ როცა ბედნიერი იყავი, მაშინ როცა გიყვარდა, როცა გძულდა, როცა მარტო გრძნობდი თავს ან მაშინაც როცა სამყაროს ნაწილი გეგონა თავი. მე ვარ შენ. ის შენ, რომელიც არ დანებდა, რომელმაც არ დაიჩოქა. ის შენ, რომელმაც იცის რომ ზოგი ჭრილობა არ ხორცდება, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას. მათ ჰგონიათ, რომ აქ გამოგამწყვდიეს და ამით ყველაფერი დაასრულეს. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გრძელი გზის, რასაც მე დასაბამიდანვე გავდივარ. მათ არ იციან რომ შენ მარტო არ ხარ. მათ არ იციან, რომ შენი აქ გამოკეტვა ეს არის შანსი, რომ ისწავლო უფრო მეტი, ისწავლო როგორ იყო უფრო ძლიერი.. თავისუფალი. როგორ იყო უფრო... ლილიტი. ლილის მზერა საბოლოოდ ფიქსირდება ერთ წერტილზე, თითქოს ხედავს ლილიტს და უღიმის. შემდეგ ლოგინზე წვება და ღიღინებს..... (სცენა ნელა ბნელდება )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|