ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2025


ცისფერი ჩიტი (საახალწლო)

ორ გარაჟს შორის გახირული ვიწრო სივრცე შემორჩა წარსულს. 
ომი და მშვიდობა,
სნიკერსი და მარსი,
ბურთი თუ კარი?
ცოცხალი ნაძვის ხე.
- თუ დაიღალე, მეგობარო, უნდა გაასწრო და გაიქცე.
- კი მაგრამ როგორ?
- ზუსტად ისე, ამასწინათ ერთ-ერთი ჩვენგანი რომ გაფრინდა.
- გაფრინდაო? და საით?
- ვინ იცის საით. ადგა დილით, გამხნევდა, მერე კი სივრცეს მიაშურა.  აი, როგორც ფრინველი, გადატენა ფრთები და…
ახლა ბედნიერება უტოპიას ჰგავს, თუმცა უნდა ვცადოთ. ჰოდა - I have a dream - როგორც ერთი შავი კაცი იტყოდა. 
- რა ჰქვია შენს ოცნებას? 
- ცისფერი ჩიტი.
ახალგაზრდა ქალმა საათს გახედა და კანზე იგრძნო, რომ კიდევ ერთი წელიწადი წაგლიჯეს.
ეჰჰ, ნეტა სულ ახალი წლის ღამეები იყოს - გარეთ ციოდეს, კორპუსებს შორის ქარი რბოდეს, ფოჩებიანი კანფეტები თოვდეს, თუ გინდა წვიმდეს, ოღონდ ნაძვის ხის წვიმები წვიმდეს, ოთახში ნათურები ფერად ფერებს კედლებზე აცეკვებდეს, აქეთ კი, ტელევიზორის ეკრანზე, ბიძია-ბაბუა ქრისტეფორე მეათასეჯერ იმეორებდეს: „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“.
სად იყვნენ ძმები რაიტები, როცა ცათმფრენს ჩვენი მხრიდან სალათი „ოლივიე“ ეგებებოდა, ღვიძლის მტერი ნიგვზიანი კერძები სივრცეში რომ თუხთუხებდნენ, დესერტად კი ყელსაკოკლოზინო ფელამუშ-გოზინაყი და შედევრალური ფეიჰოას კომპოტი იღვრებოდა.
- რა კამპოტი, დაასხით, ბიჭო, ღვინო!
მოგვიანებით, საკმარისად მთვრალზე, თუ გნებავთ მესროლეთ და ყველაფერი გაათავეთ. მე მზად ვარ.
(რჩება რამე ლამაზი სიკვდილის გარდა?).
ახლა ქალი უყურებს თოვას - ფართო და მოწყენილ ფანტელებს, ქუჩიდან მანქანების ყრუ გუგუნი აღწევს, მშვიდად სძინავთ ბავშვობით კმაყოფილ ბავშვებს. ამ დროს, სადღაც შორს, იქ, სადაც სულ ზაფხულია, მიაპობს ცისფერი ჩიტი ცას და ბუნებას საკვირველ სიცისფრეს სძენს.
ოცნებების გარეშე ყველანი დავიღუპებითო, - ამტკიცებდა შუმერთა ღმერთი.
ამიტომ გასწი უცხო მხარეში, ფრინველო! გაფრინდი და ჩვენ, ადამიანებს, ყველას ჩამოგვიტანე რაღაც ისეთი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეგვიძლია. ოღონდ იგი უნდა იყოს უცილობლად მსუბუქი, რომ როგორმე ვზიდოთ.
ხუთი,
ოთხი,
სამი,
ორი…
მიუხედავად წლებისა და სირთულეებისა, ამ დღეებში ყველას ჯიუტად გვჯერა:
სადმე მაღლა და შორს, პარალელურ სინამდვილეში, გადასერავს ცისფერი ჩიტი ცას და სამყაროს სიცისფრით გაავსებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები