ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
26 დეკემბერი, 2025


ბეღურა ("ქართული ფილმის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოთხრობა)

ბეღურა
გუშინ დედამ სასწავლო ნივთები მომიტანა. რვეული, ავტოკალმი, ფანქრი, ფლომასტერები, სხვასხვანაირი სახაზავი, საშლელი, უბის წიგნაკი, ფერადი ფურცლები. ორი დიდი პარკი იყო სავსე. მაგიდასთან ვიჯექი და ამ ნივთებს თავ-თავის ადგილზე ვალაგებდი. რა ცუდია, რომ ასე სწრაფად დამთავრდა არდადეგები. ხვალ სწავლა იწყება, მეხუთე კლასში მივდივარ. უნდა ვთქვა, რომ საერთოდ არ მიხარია სწავლის დაწყება. კლასელებთან არ მიმიხარია, რადგან მათში ერთი მეგობარიც კი არ მყავს. რომ მახსენდება, ისევ გიასთან ერთად უნდა ვიყო გაკვეთილებზე, ცუდად ვხდები. ჩემს მასწავლებლებთან მით უფრო არ მინდა შეხვედრა. თან წელს ნარგიზი  და ნინო მასწავლებლები  აღარ გვასწავლიან(თუმც, ეს დიდად არ მადარდებს. უბრალოდ, შეჩვეული ვიყავი მათ და იმიტომ გამოვყოფ). მხოლოდ ნონა მასწავლებელმა გვითხრა: „მეხუთეში ისევ  შევხვდებითო“. სხვები დავტოვეთ მეოთხე კლასში. იწყება სკოლა და დაიწყება ჩემი წვალებაც : „ბეღურა, დაფა გაასუფთავე! ბეღურა, ჩანთა დამივარდა, ამიღე! ბეღურა, დავალება გადამიწერე! ბეღურა, ფანჯარა გააღე.“ რატომ ასე? რატომ მეძახიან ბეღურას, როცა მშვენიერი სახელი მარიამი მქვია?  ყველაფერს მე რატომ მავალებენ?  ახლავე მოგიყვებით.
ტანად პატარა ვარ, გაწრიპული და ჩემს ასაკთან შედარებით - დაბალი, სამაგიეროდ, თმა მაქვს ისეთი ხვეული და სქელი, თუ შეკრული არაა, ბუჩქივით მადგას თავზე. პირველ დღეს, პირველ კლასში დედამ მიმიყვანა. შევედით სკოლის ეზოში  და ის-ის იყო მასწავლებელმა დაიძახა,  პირველკლასელები ჩემთან მოვიდნენო, რომ დედას ტელეფონმა დარეკა. მალე გაფითრებული დედა  ჯერ მასწავლებელს უხსნიდა რაღაცას, მერე ჩემთან მოირბინა და ჩქარ-ჩქარა მომაყარა:
- მარი, ბებო გადაუყვანიათ საავადმყოფოში, უნდა გავიქცე, დედიკო, შენ მამა მოგაკითხავს, აბა, ყოჩაღადო - მაკოცა და გაიქცა. ცრემლი მომერია, მინდოდა მეტირა, მაგრამ ბავშვებს რომ გადავხედე, მხოლოდ ორი გოგო იდგა მობუზული ჩემსავით. „აბა, ყოჩღად“, შევძახე ჩემს თავს, მაგრამ მაინც ვკანკალებდი. უცებ, მოულოდნელად თმის დასამაგრებელი რეზინი გასკდა და თმა ჩამომეშალა. არ ვიცოდი, რა მექნა. ხელით ვისწორებდი, მაგრამ ჩემს თმას ხელით რას ვუზამდი. საკლასო ოთახში შეგვიყვანეს. მასწავლებელი, საკმაოდ ხანში შესული ქალი, სახელებს სათითაოდ გვეკითხებოდა და მერე ადგილს გვაჩვენებდა, ვინ სად დამჯდარიყო. თავჩაღუნული ვიდექი. „შენ გეძახიან“, ხელზე დამქაჩა გვერდით მდგომმა ბიჭმა.
- „შენ გეკითხები, გოგონა, არ გესმის? მომხედე, სველ ბეღურასავით რომ გაბურძგნულხარ “- ხმააწეულად მითხრა მასწავლებელმა.
- „ბეღურა! მართლაც ბეღურას ჰგავს, ნახეთ“, დაიძახა იმ ბიჭმა, რომელმაც ხელზე მომქაჩა. ყველამ შემომხედა.
- „ბეღურა, ბეღურა“, გაიმეორა რამდენიმემ. მე ცრემლები გადმომცვივდა.
- „აბა, რა გატირებს, გეხუმრე. მიდი , იქ დაჯექი, ფანჯარასთან, ის იქნება შენი ადგილი.“ თავზე ხელი გადამისვა ნარგიზი მასწავლებელმა, მაგრამ მე უკვე ძალიან ცუდად განვეწყვე მის მიმართ. სლუკუნ-სლუკუნით წავედი ფანჯრისკენ.
- „ის ხომ ბეღურაა, ფანჯრიდან გაფრინდება,“ დაიძახა იმავე ბიჭმა და გაიცინა. რამდენიმემ მხარი აუბა. ისინი იცინოდნენ, მე კი ცრემლებს ჩუმად ვიწმენდდი. მამიკოს მოსვლამდე არ ვიცი, როგორ გავძელი. გაკვეთილებზე  მასწავლებლის ნათქვამი არაფერი  გამიგია. . ნაწყენი, გაბუსხული ვიჯექი. ერთი სული მქონდა მეტირა, მაგრამ კიდეც მრცხვენოდა და კიდეც მეშინოდა, რადგან იმ მობუზული ბავშვებიდან ერთი რომ ატირდა, მასწავლებელი ჯერ ვითომ მოეფერა, მაგრამ მერე ისე უყვირა... საწყალი გოგო ეგრევე გაჩუმდა და თავისთვის ჩუმად იწმენდდა ცრემლებს. როგორც კი ოთახში შემოსული  მამა დავლანდე, წამოვხტი და ტირილით ჩავეხუტე.
- რა იყო, მამიკო? რა იყო, ჩემო პატარა, რატომ ტირი? - მომეფერა ის. მე ტირილს ვუმატე და არაფერს ვამბობდი.
- თქვენ ხომ ვერ ამიხსნით, რა ხდება?-მიმართა მამამ მასწავლებელს.
- არც არაფერი ისეთი. ვეხუმრე, ბეღურას ჰგავხარ-თქო და მგონი ეს ეწყინა - ისე უთხრა მასწავლებელმა, თითქოს არაფერი მომხდარა. - კლასში ხუთი მარიამია და მოფერებით ბეღურა რომ დავუძახოთ, რა მოხდება?
- ბეღურაა, ბეღურა - ისევ წამოიძახა იმ ბიჭმა, გიამ (უკვე ვიცოდი მისი სახელი).
- ეს ხუმრობა გეწყინა, მამიკო? - მკითხა მამამ. - მეც ხომ გეძახი ჩიტუნას, რა მოხდა მერე,თუ ბეღურა გიწოდეს, განა ბეღურა ცუდია?
მე მაინც ვსლუკუნებდი და კარგა ხანს ვერ დავწყნარდი. გულდაწყვეტილს მეორე დღეს სკოლაში წასვლა არაფრით არ მინდოდა. ძლივს დამიყოლიეს დედიკომ და მამიკომ.
კლასში, გაკვეთილებზე სულ დაბღვერილი ვიჯექი ჩემს ადგილზე. დედის დახმარებით შედარებით კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ის მეტსახელი  ტკიპასავით მომეკრო, ოღონდ იმ განსხვავებით, ტკიპას მოიშორებ, მეტსახელს კი... მარტო მე კი არ მომაწებეს მეტსახელი, სხვებსაც შეარქვეს. მაგალითად: გია, ვეფხვაძეა და „ვეფხვო“ს ეძახიან, სოსო ირემაშვილია და „ირემა“ შეარქვეს, დოდო - კოღუაშვილია და „კოღოს“ ეძახიან, ნატო ყოველ დასვენებაზე ჭამს ფუნთუშას,  რომელსაც რატომღაც „ბულკს“ ეძახის და გიამ „ბულკა“ შეარქვა. თითქმის ყველა მეტსახელი მისი მოგონილია. მგონი არავის სწყინს, არავინ აპროტესტებს მეტსახელს ჩემ გარდა. მე კი, ვერ ვიტან, როცა ბეღურას მეძახიან. სულ ის პირველი დღე მახსენდება, იმეგაცრუებისა და ტკივილის დღე. რატომღაც ბეღურა ჩიტიც არ მიყვარს. მისი წრიპინი არ მსიამოვნებს. ბეღურები ყველგან დაძვრებიან, ნაგავში იქექებიან, ფუ... რაც უფრო ხშირად ვთხოვდი გიას, (ალბათ მიხვდით, რომ ის კლასის „ყოჩია“ )ნუ მეძახი ბეღურას-მეთქი, მით უფრო მეტჯერ, ხმამაღლა და სხვა ბავშვების გასაგონად მომმართავდა ასე.  ბავშვებს რა უთხრა, როცა ზოგჯერ მასწავლებლებსაც კი წამოცდებათ „ბეღურაო“. მეც  ვცდილობ, არ მეწყინოს, როცა მეტსახელით მომმართავენ, მაგრამ რომ არ გამომდის? დედასაც კი ვთხოვე, სხვა სკოლაში გადამიყვანე, აქაურობა არ მომწონს-მეთქი, მაგრამ ჩვენს სოფელში მხოლოდ ორი სკოლაა. იმ მეორე სკოლაში ყველა კლასი არაა და ჩემი სახლიდან საკმაოდ შორსაცაა, ჰოდა, არ გადამიყვანეს და მეც მიწევს ვითმინო, რომ ასე მექცევიან. მეტსახელის დაძახებას ვერ ვიტან და კიდევ უარესი- გიამ ისედაც ამომიჩემა.  სულ რაღაცის გაკეთებას მავალებს.
-ბეღურა, მიდი რა, დაფა გაასუფთავე! ბეღურა, ფანჯარა გააღე! ბეღურა, ყუთის ყვავილები მორწყე!
თუ არ მივაქციე ყურადღება, მოაღებს პირს და ხმამაღლა ყვირის: ბეღურა დაყრუვდა,  ბეღურას სისუფთავე არ უყვარს, ბეღურა ზარმაცია.
თუ რამე დაუვარდა (დარწმუნებული ვარ, ხშირად სპეციალურადაც აგდებს), ჩუმად მეძახის:
- ბეღურა, ჩანთა დამივარდა, მომაწოდე რა. ან ბეღურა, კალამი დამივარდა, აბა, სწრაფად მოფრინდი და ამიღე.
თუ არ მივხედე,ჩემთან ახლოს ზის და  ფეხით ჩემკენ გამოწევს. მერე  კი  მასწავლებელთან მიჩივლებს:
- მასწ, ბეღურა კალამს არ მაწოდებს.
ამას მასწავლებლისგან ჩემდამი შენიშვნა და გიას კმაყოფილი გამოხედვა მოჰყვება ხოლმე.
- რატომ მჩაგრავ? - ვუთხარი ერთხელ, მეოთხე კლასში ყოფნისას.
- მე გჩაგრავ? - ისე გაიკვირვა, თითქოს ანგელოზი იყოს, ოღონდ ფრთების გარეშე.
- დიახ, შენ! რატომ დამცინი?
- მე დაგცინი? - ისე გაიკვირვა, გეგონებოდა ცამდე მართალი იყო. - გეჩვენება, შე მართლა ბეღურავ, შენა!
და  მეც, საკუთარი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ეგრევე ვასრულებ მის ბრძანებებს.


მზიანი დილა გათენდა. სწავლა რომ არ იწყებოდეს, ადრიანად წამოვხტებოდი. დედასაც დავეხმარებოდი დილის საქმეებში, გარეთაც გავინავარდებდი. დღეს კი ძლივს,  რამდენჯერმე შეხსენების მერე, ზლაზვნით ავდექი. უხალისოდ გავემზადე სკოლაში წასასვლელად, არადა ისეთი ლამაზი ჩანთა მიყიდა დედამ, რომ თვალი ზედ დარჩება ადამიანს. ახალი ბოტასები, ჯინსის ქვედა ბოლო და ლამაზი მაისური დამიდო დედამ ჩასაცმელად. სანამ მოვწესრიგდებოდი, დედას ვარდები დაეკრიფა და  თაიგული გაემზადებინა.
- არ წავიღებ ამ თაიგულს. - ვუთხარი მე.
- რატომ? - გაუკვირდა დედას.
- ვის უნდა ვაჩუქო? ადრე ნარგიზი მასწავლებელთან მიტანას მაიძულებდი, ახლა აღარაა ის ჩვენი მასწავლებელი.
- რომელი მასწავლებელიც მოგეწონება, იმას აჩუქე.
- არ მინდა, არც ერთი არ მომწონს - გავაპროტესტე.
- როგორ, მთელ სკოლაში შენი მოსაწონი მასწავლებელი არავინაა?
- არა!
- ოხ, რა ჯიუტი ხარ, მარი... - მისაყვედურა დედამ და ხაჭაპურის ნაჭერი დამაკავა.
სკოლაში ერთად მივედით მე და დედა. ჩემი კლასელები დიდი ჭადრის ქვეშ შეგროვილიყვნენ.
- ოო, ბეღურას გაუმარჯოს - შორიდანვე იყვირა გიამ  და ეგრევე წამიხდინა ისედაც „მოჯღანული“ განწყობა. მალე ზეიმი დაიწყო. რომელიც, კიდევ კარგი, დიდხანს არ გაგრძელებულა და ზარიც მალე დაირეკა.
- ჩვენი ოთახი მეორე სართულზეა, - მოგვახსენა „ყოჩმა“ გიამ.
- დე, წადი, არ დაგაგვიანდეს, პატარა ხომ არ ვარ, რომ ამაცილო ოთახამდე?
- კარგი, მარი. აბა, ცხვირ-პირი ნუ ჩამოგტირის, ყოჩაღად  იყავი. უკვე დიდი გოგო ხარ, - მითხრა დედამ და წავიდა.
ის-ის იყო ჩვენთვის სასურველ ადგილებს მივაშურეთ, რომ ზარი მეორედ დაირეკა და ზარის ხმას ოთახში ახალგაზრდა, კოხტად ჩაცმული, ლამაზი ქალიშვილი შემოჰყვა დირექტორთან ერთად. მე ის მასწავლებელი  სკოლაში ადრე არ მინახავს. ხმაურით წამოვიშალეთ.
მან ყველას თვალი ღიმილით გადაგვავლო.
- დასხედით. მოგესალმებით მოსწავლეებო. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ. - მხიარულად მოგვმართა დირექტორმა, ქალბატონმა ლიზიმ - თქვენ ხომ  უკვე ერთი წლით გაზრდილები ხართ და იმედია, უკეთ ისწავლით. გაიცანით, თქვენი ახალი მასწავლებელი. მჯერა, შეიყვარებთ ერთმანეთს  და დამეგობრდებით. მე ვიცი, რომ თქვენ კარგი ბავშვები ხართ, - გვითხრა მან და მერე იმ გოგოს მიუბრუნდა.
- რადგან ასე გირჩევნიათ, მე დაგტოვებთ.  -  მერე, ისევ ჩვენ მოგვმართა - აბა, წარმატებებს გისურვებთ, - საქმიანი იერით გვითხრა, გაგვიღიმა და გავიდა. ჩვენ ისევ ავდექით.
- კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოსწავლეებო. დასხედით. - ღიმილით გვითხრა  მასწავლებელმა და გვაცალა, სანამ ყველანი დავსხედით. ისევ გაგვიღიმა და გააგრძელა: - ბავშვებო, როგორც გითხრეს, მე თქვენი მასწავლებელი ვიქნები. იცით, რომელი საგნის? მათემატიკის. ჩვენ ერთად შევუდგებით მათემატიკის ლაბირინთებში ხეტიალს (აქ რამდენიმემ, მათ შორის მეც, ამოვიოხრეთ), შევეცადოთ, სინათლეზე გასასვლელი გზები ადვილად ვიპოვოთ. თქვენი ქცევიდან გამომდინარე, ვატყობ, ვერ მოგხიბლეთ ჩემი შემოთავაზებით. - თითქოს მოიწყენით გადმოგვხედა მან. -  არა უშავს რა,  ერთად შევიყვაროთ და საინტერესო გავხადოთ მათემატიკის შესწავლა. ახლა კი, მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი. სიით არა, ისე. თითოეულმა მითხრას თავისი სახელი და გვარი და ცოტა რამ მომიყვეს  საკუთარ თავზე.
- მე დავიწყებ, მასწ. - წამოხტა გია.
- კი, ბატონო, შენ იყავი პირველი, ოღონდ ჯერ მე გაგეცნობით. ჩემი სახელი უძველესი დროიდან ერქვათ ქართველ მანდილოსნებს. ის შედგება რვა ასოსგან. ბოლოვდება „ი“ ასოთი.
- ქეთევანი
- თინათინი
- დარეჯანი
- შუშანიკი
- მზისდარი
- ხორეშანი
- ყოჩაღ თქვენ, რამდენი სახელი გაიხსენეთ - იცინოდა მასწავლებელი, - მაგრამ ჩემი სახელი მათ შორის არაა. კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემთ. ეს სახელი  ერქვათ ქართველ დედოფლებსაც და მეფესაც.
- თამარი- წამოძახა ლადომ.
- სულელო, თამარში ექვსი ასოა - შეეპასუხა რეზო.
- რატომაა სულელი? - ჰკითხა მასწავლებელმა. - მეფე ვახსენე და უცებ მეფე თამარი გაახსენდა.
- ჯერ ასოები უნდა დაეთვალა - წაიბურტყუნა რეზომ.
- შენც უნდა დაფიქრდე, სანამ სხვას რამე ეპითეტს მიაკერებ, მით უფრო, არასასურველს - საყვედური გაურია მასწავლებელმა ხმაში.
მეც გამალებით ვფიქრობდი. უცებ გამახსენდა, დედა  მიკითხავდა მოთხრობას თამარ მეფეზე. კითხვას რომ მორჩა, მითხრა: „ ის ძალიან ჭკვიანი, მორწმუნე, ლამაზი და, რაც მთავარია, ერთადერთი მეფე ქალიაო საქართველოში“, მამამ შეუსწორა: „არაა ასე, მისი ქალიშვილი რუსუდანიც მეფედ იწოდებოდაო“. უცებ ასოები გადავთვალე და წამოვიძახე:
- რუსუდანი, მას, რუსუდანი!
- ყოჩაღ! - შემობრუნდა მასწავლებელი ჩემკენ- შენ რა გქვია?
- ეს ბეღურაა მასწ, ბეღურა! - წამოიძახა გიამ.
- არა,, - წავიჩურჩულე - მე მარიამი მქვია - და თვალები ჩემდაუნებურად ცრემლით ამევსო.
- ბეღურაა,ბეღურა! განა არ ჰგავს? - დამცინოდა გია.
- შენ რა გქვია? - ჰკითხა წარბებშეკრულმა რუსუდან მასწავლებელმა.
- მე გიორგი, გია. ვეფხვაძე. მეტსახელად „ვეფხვო“, მასწ.
- სასიამოვნოა, გიორგი- გია-ვეფხვო. მე როგორ მოგმართო?
- როგორც გინდათ, მასწ.
- გია, თუ მარიამს არ სიამოვნებს მისი მეტსახელი, შენ რატომ ამახვილებ მასზე ასე ყურადღებას?
გია ცოტა დაიბნა.
- შენ ისე რომ გექცევიან, როგორც არ გინდა, მოგწონს?
გიამ მხრები აიჩეჩა.
- თქვენ, ბავშვებო? - ზოგმა მხრები აიჩეჩა, ზოგმა თავი გააქნია უარის ნიშნად.
- მეტსახელი ძირითადად მოფერებითი ფორმის უნდა იყოს. - გააგრძელა რუსუდან მასწავლებელმა. - მარიამ, რატომღაც მგონია, შენც მოფერებით შეგარქვეს ის...
- არა ,მასწ - შეაწყვეტინა დოდომ - გიამ დასაცინად შეგვარქვა მეტსახელები მეც, მარიამსაც და სხვებსაც.
- ბეღურა ნარგიზ მასწავლებელმა დაუძახა, მე კი არა - ჩაიბურტყუნა გიამ.
- სხვათაშორის, ბეღურა თავისი დამსახურებით არაფრით ჩამოუვარდება ვეფხვს. პირიქითაც კია...
- როგორ, მასწ? - ყური ცქვიტა ხვიჩამ.
- ბეღურა, ჯერ ერთი, პატივსაცემია იმით, რომ სამშობლოს არ ტოვებს. რაც არ უნდა ცივი ზამთარი იყოს, ადგილზე რჩება. ებრძვის მავნებელ მწერებს. ბეღურები რომ არა, ჩვენთვის საყვარელი ხილის უმრავლესობა  დამწიფებას ვერ მოასწრებდა, მატლები გაანადგურებდნენ. ბეღურა არაა მტაცებელი. ადამიანს არ გაურბის, მასთან ახლოს ცხოვრობს, საამურადაც ჭიკჭიკებს. აი, ვეფხვი კი...მტაცებელია. ადამიანისთვის საშიშია, ვერაგია, მასზე სუსტებს გლეჯს და ჭამს.  ასე, რომ... - გაიცინა რუსუდან მასწავლებელმა,- ჩვენთვის ბეღურა ასი თავით ჯობია ვეფხვს.
- გესმის, ბატონო „ვეფხვო“? - ნიშნისმოგებით უთხრა გიას დოდომ.
მასწავლებელს გაეცინა დოდოს რეაქციაზე.
- მასწ, იცით? ჩვენ „ირემაც“ გვყავს, „კოღოც“, „მგელოც“ - წამოიძახა ზურამ.
- კლასი კი არა ფაუნის მთელი თაიგული ყოფილა - გაიცინა ისევ რუსუდან მასწავლებელმა.
- ფლორისაც, მას - გაისმა ისევ ზურას ხმა - გვყავს ია, ენძელა, კესანე და როზა, ოღონდ ეს მეტსახელები არაა, ნამდვილად ჰქვიათ ასე.
- მოკლედ, ყოველ მხრივ განსაკუთრებული კლასი შემხვდა - ტაში შემოკრა მასწავლებელმა.
- ჩვენი დამრიგებელიც იქნებით მას? - ჰკითხა ენძელამ.
- დიახ, მერგო პატივი - ისევ მხიარულად გაგვიცინა რუსუდან მასწავლებელმა და თვალი მოგვავლო.
მგონი ყველას გაუხარდა, მე - განსაკუთრებით. ძალიან საყვარელი ჩანდა. ალბათ მალე შევეჩვევით და შეგვიყვარდება ერთმანეთი. მან სია ამოიკითხა.
- სათითაოდ რომ მოგისმინოთ, უკვე  დრო აღარ გვრჩება. ხვალ გავაგრძელოთ გაცნობა. მოიფიქრეთ, როგორ დაიხასიათებთ და წარმოაჩენთ საკუთარ თავს. ახლა კი, დარეკვამდე ერთი მათემატიკური დავალება უნდა მოგცეთ. - ისევ შემოგვღიმილა მასწავლებელმა.
ერთმანეთს გადავხედეთ, ეს დიდად არც ერთს არ მოგვეწონა. მან მგონი სახეების გამომეტყველებით შეგვატყო  უკმაყოფილება.
- აბა,  არ მოიწყინოთ. არც დასაწერს გაძლევთ და არც სასწავლს. თქვენ ხომ კარგად იცნობთ თქვენი სკოლის ეზოს? - ჩვენ თავი დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად. - იცით , რომ თითოეულ კლასს გამოგვიყვეს ადგილები, სადაც უნდა დავრგოთ ყვავილები, რომ ეზო უფრო გავალამაზოთ.  მგონი ჯობია, ჩვენს ნაკვეთზე ვარდები დავრგოთ. ყოველ წელს ყვავილების ისევ დარგვა არ დაგვჭირდება, ლამაზიც იქნება და კარგი სურნელებაც  ექნება. სოფელში ყველას აქვს ეზოში ყვავილები, განსაკუთრებით ბევრია სხვადასხვა ფერის ვარდი, თავად ვნახე, - ისევ გაიცინა მასწავლებელმა - ასე რომ, ვერ მომატყუებთ,  ვერ ვიშოვეთ ნერგებიო. ახლა კი ჩემი დავალება: ჩვენი ნაკვეთი ცხრა მეტრის სიგრძისა და ხუთი მეტრის სიგანისაა. იქ  მწკრივად, ყოველ ნახევარ მეტრში უნდა დავრგოთ ვარდის ნერგი. მწკრივებს შორის დაშორება უნდა იყოს ერთი მეტრი. გამოითვალეთ, რამდენი ნერგი დაგვჭირდება ამ ნაკვეთზე დასარგავად. მერე მშობლებს ჰკითხეთ, რამდენი ნერგის მოცემა შეეძლებათ, დანარჩენები ვიყიდოთ.
- ან დავაკალმოთ, მასწ - წამოიძახა კესანემ. - მე და დედა ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვაკალმებთ სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ვარდებს.
- ძალიან კარგი, ყოჩაღ, კესანე. ასეც ვიზამთ. - დაეთანხმა მასწავლებელი.
- ოთხმოცდაათი ნერგი  გვჭირდება მასწ. - წამოხტა ზურა. ის ყველას ჯობნიდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში.
- შენ მგონი, ზურაბი ხარ, ხომ? -გაუღიმა მასწავლებელმა - მადლობა, რომ უკვე იფიქრე ამოხსნაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, შენი პასუხი სწორი არაა.
- რატომ, მასწ? - გაიკვირვა ბიჭმა.
- რატომ? -ხმამაღლა გაეცინა მასწავლებელს - იმიტომ, რომ სწორი არაა, - თქვა და ისე საყვარლად გაშალა ხელები, მომინდა, მივსულიყავი და ჩავხუტებოდი.
უცებ ზარის ხმა გაისმა და მგონი, პირველად დამწყდა გული, რომ გაკვეთილი ასე მალე  დამთავრდა.
- ხვალ ველი სწორ პასუხს და მოსატანი ნერგების შესაძლო რაოდენობას. მალე დავიწყოთ ნაკვეთის დამუშავება და ნერგების დარგვა. აბა, ხვალამდე. - ისევ გაგვიღიმა რუსუდან მასწავლებელმა. კართან უცებ შემობრუნდა,  თვალი ჩაგვიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა. ამან ყველა მოგვხიბლა.
- რა კარგი მასწავლებელია...
- როგორ მომეწონა..
- უკვე მიყვარს...
- რა კარგია, რომ დამრიგებლად გვეყოლება...
- მათემატიკას აუცილებლად შევიყვარებ...
ისმოდა კლასში ბავშვების ხმები. მე არ გავნძრეულვარ. თვალწინ ისევ გაღიმებული რუსუდან მასწავლებელი მედგა. მინდოდა, მალე  ჩამთავრებულიყო გაკვეთილები. წავსულიყავი სახლში. მეფიქრა და ამომეხსნა ის ამოცანა, რომელიც მასწავლებელმა მოგვცა. მერე დედიკოსთვის მეთხოვნა, რომ ვარდის ბევრი ნერგი მოეცა, რათა რუსუდან მასწავლებლისთვის თავი მომეწონებინა. მინდოდა მალე დაღამებულიყო, მალე გათენებულიყო. მალე  მოვსულიყავი სკოლაში,  მალე შემოსულიყო რუსუდან მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილის ჩასატარებლად, მოგვფერებოდა, გაგვხუმრებოდა, აეხსნა ახალი თემა და მე  უკეთესად, მთელი მონდომებით გამეგრძელებინა მათემატიკის შესწავლა.
ამ წლების მანძილზე პირველად ხდებოდა, რომ მე ძალიან მინდოდა სკოლაში წასვლა.
სახლში დაბრუნებულმა  ეგრევე გამოვიცვალე ტანსაცმელი და მაგიდას მივუჯექი, რათა ის ამოცანა ამომეხსნა. თითქოს ძნელი არ იყო. ერთი მეტრში ორი ნერგი უნდა დარგულიყო. რადგან სიგრძე ცხრა მეტრი ჰქონდა ჩვენს ნაკვეთს, დაეტეოდა  ორჯერ ცხრა, ანუ თვრამეტი ნერგი. თუ მწკრივებს შორის ერთი მეტრი დაშორება იქნება, ხუთი რიგი გამოგვივა. თვრამეტჯერ ხუთი კი ოთხმოცდაათია, მაგრამ ზურას პასუხიც ხომ ეს იყო? მასწავლებელმა კი მას უთხრა, რომ ეს პასუხი არასწორიაო. რატომ ნეტა? ბევრი ვიფიქრე, მაგრამ შეცდომას ვერ მივაგენი. გადავწყვიტე, დედიკოს დავლოდებოდი. დედა ეკონომისტია და მათემატიკა კარგად იცის. თუ რამეს ვერ ვხსნი, ყოველთვის მეხმარება.მის მოსვლამდე შემეძლო მესადილა და ქართულის მასწავლებლის მიერ მოცემული დავალება: „ზაფხულის არდადეგები“, დამეწერა. დავალებაც დავწერე, ხვალისთვის მათემატიკაში ალბათ პირველ თემას აგვიხსნიან. წიგნი გადავშალე. „ნატურალური რიცხვები“ ეწერა პირველი თემის სათაურად. ამასაც წავიკითხავ, რომ ხვალ რუსუდან მასწავლებელი კითხვებს დასვამს და ვუპასუხებ, შემაქებს. წარმოვიდგინე მასწავლებლის გაღიმებული სახე და გული გამითბა.
დედა რომ დაბრუნდა სამსახურიდან, ერთად ვისადილეთ.
- მარი, აბა, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?
დედიკოს დაწვრილებით  მოვუყევი რუსუდან მასწავლებელზე. აღფრთოვანებით ვლაპარაკობდი და  რომ ვთქვი: „ ნეტავ მალე დაღამდებოდეს  და მალე გათენდებოდეს, რომ სკოლაში წავიდე-თქო“, დედამ ისეთი გაკვირვებით შემომხედა, რომ მის გამომეტყველებაზე გამეცინა.
- ამას რა სჯობს? ძალიან მიხარია, თუ სკოლა შეგიყვარდა. - სიყვარულით მითხრა მან.
მერე დედას  ჩემთვის პრობლემური ამოცანა ვაჩვენე. მან ყურადღებით წაიკითხა იგი და მირჩია: - ნახაზი გააკეთე, მარიკუნა, ნერგების ადგილები წერტილებით მონიშნე და მიხვდები, რამდენი ნერგია საჭირო.
- ცხრა მეტრიანი ქაღალდი საიდან მოვიტანო? - გავიკვირვე მე. დედას გაეცინა.
- ჩემი სულელი გოგო - თავზე ხელი გადამისვა. - უჯრედიანი რვეულის ფურცელზე დახაზე. ორი უჯრა ხომ ერთი სანტიმეტრია, შენ ჩათვალე თითქოს ერთი მეტრი იყოს. მასშტაბი ხომ ისწავლე?
- არა, ჯერ არ გვისწავლია.
- ნუ, არაუშავს. ასე ჩათვალე, რომ ორი უჯრა ერთი მეტრია. აბა, როგორი მართკუთხედი გამოგივა?
- სიგრძეზე თვრამეტი უჯრა, სიგანეზე - ათი. - ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე მე.
- აი, ყოჩაღ - მომეფერა დედა. - ახლა, დასვი წერტილები ერთ მწკრივში სიგრძეზე, მეორე მწკრივში სიგანეზე. ხომ გახსოვს, სიგრძეზე ყოველ ნახევარ და სიგანეში ყოველ ერთ მეტრშია დასარგავი ვარდი. მერე ყველა ნერგის რაოდენობას როგორ გამოითვლი?
- მიღებული რიცხვები უნდა გადავამრავლო.
- ჩემი ჭკვიანი - გაუხარდა დედას. - მიდი აბა, დაითვალე. საიდან უნდა დაიწყო წერტილების დასმა?
- ეგრევე, თავიდან - ვუპასუხე მე. ავიღე მწვანე ფლომასტერი და დავიწყე წერტილების მონიშვნა. სიგრძეზე მწკრივში ცხრამეტი წერტილი გამომივიდა, სიგანეზე ექვსი. გადავამრავლე და მივიღე  ასთოთხმეტი ნერგი. - დე, დედიკო, ასთოთხმეტი მივიღე, მე კი ოთხმოცდაათს ვფიქრობდი. მე კი არა, ზურამაც ოთხმოცდაათი მიიღო. ის ხომ ყველაზე ყოჩაღია.
- თქვენ იმას ვერ ხვდებოდით, რომ ნერგების ათვლა თავიდან იწყება და ამიტომ შეცდით. - გამიღიმა დედამ და ლოყაზე მაკოცა. ძალიან მიხაროდა, რომ ამოცანის ამოხსნა შევძელი.
- დე, დედიკო - გავსდიე დედას სამშარეულოში. - შენ რამდენ ნერგს მომცემ?
- ასე ზეპირად რა გითხრა, დე? გავიდეთ და ვნახოთ, რამდენმა დაკალმებულმა ტოტმა გაიხარა. იმათ ნაწილს და ზოგიერთს ბაღიდანაც მოგცემ.
- კარგი, დე. მადლობა. - გახარებული დედიკოს ჩავეხუტე.
როგორც იქნა გათენდა მეორე დილა. სიხარულით გავემზადე სკოლაში წასასვლელად. ცხრილში მათემატიკა მეორე გაკვეთილად გვეწერა. როგორც კი კლასში შევედი, რამდენიმემ ერთად მკითხა:
- მარი, ამოხსენი ამოცანა? - ჩემდა გასაკვირად გიამაც - მარიო, - დამიძახა.
- თქვენ? - ვიკითხე იქითაც.
- ჩვენ შენი პასუხი გვაინტერესებს. - მითხრა ზურამ.
საპასუხოდ პირი გავაღე, მაგრამ მერე თავი შევიკავე.
- მასწავლებელს ვეტყვი - მივუგე და მერხს მივუჯექი.
- უჰ, შენ მართლა ბეღურა, შენა - გაბრაზდა გია - რატომ არ გვეუბნები? იქნებ, შენი პასუხიც არასწორია.
- არასწორია და მასწავლებელი გამისწორებს - გავიმეორე ჯიუტად. არ ვიცი, რატომ არ ვუპასუხე. ალბათ, სხვებსაც ჰქონდათ სწორი პასუხი, მაგრამ მაინც არ ვთქვი.
პირველი გაკვეთილი ქართული გვქონდა. ორმოცდახუთი წუთი შეუმჩვნევლად გავიდა. როგორც იქნა, დადგა მათემატიკის გაკვეთილის დროც. რუსუდან მასწავლებელი ღიმილით მოგვესალმა. ჟურნალი გადაშალა, სია ამოიკითხა თუ არა, გიამ ვერ მოითმინა და წამოხტა:
- ნერგების რაოდენობა ვიპოვე ,მას.
- ძალიან კარგი. აბა, რამდენი ნერგი გვჭირდება?
- ასი მასწ!
- ასი? საიდან ,ხომ ამიხსნი? თუმცა, სხვებსაც ვკითხოთ.
- მე ოთხმოცდაათი...
- მეც...
- მე ასოცი...
- მე ოთხმოცდათხუთმეტი...
- მე ასთოთხმეტი
- შენ, მარი? ყოჩაღ. - გამიღიმა მასწავლებელმა. - აბა, როგორ გამოითვალე?
მე დაფასთან მივედი. დახაზვა და თან ახსნა დავიწყე. მოვიხედე. რუსუდან მასწავლებელი მიღიმოდა და თავს მიქნევდა.
- აუუ, რა ცოტა დამაკლდა... - თავში  ხელი შემოირტყა ზურამ.
- არაუშავს. ხომ იფიქრე, ხომ მოინდომე.
- ბეღურას ალბათ დედამ ამოუხსნა - წამოიძახა გიამ.
- დედამ მიმახვედრა და მე ამოვხსენი - წამოვხტი მე.
- გია, ხომ აგიხსენი, მეტსახელით მიმართვა სასურველი რომ არაა მარისთვის. რატომ იმეორებ? - ჰკითხა მასწავლებელმა.
- ბეღურაა და იმიტომ - გაბრაზებით უპასუხა გიამ და მასწავლებლის უჩუმრად ენა გამომიყო.

დრო სწრაფად გადიოდა.  ყველას ძალიან შეგვიყვარდა რუსუდან მასწავლებელი. უმრავლესობამ, მათ შორის მეც, მეტი მონდომებით დავიწყეთ მათემატიკის შესწავლა. ვარდებიც დავრგეთ და უმრავლესობამ გაიხარა. ისე ლამაზად აყვავილდნენ...გია ძველებურად ონავრობდა. მე ისევ მაწვალებდა და, მიუხედავად მასწავლებლის მიერ არა ერთგზის გაფრთხილებისა,  ბეღურას მეძახდა.

მაისის მზიანი დღე იყო. დიდი შესვენების მაუწყებელი ზარის დარეკვა და ჩვენი გარეთ გაცვენა ერთი იყო. უცებ სასადილოს მხარეს მდგარი ფიჭვის ხიდან უცნაური ჭყლოპინის ხმა შემოგვესმა. იქითკენ გავიქეცით და გაოცებულები შევდექით. მიწაზე ბეღურის ბარტყი იჯდა. ალბათ ან ბუდიდან გადმოვარდა, ან ფრენას სწავლობს და დაღლილმა ბუდემდე ვერ მიაღწია. შორიახლოს ჩვენს სასადილოს შემოჩვეული კატა მურკა იდგა გადასახტომად გამზადებული, რომელის წინ საოცარი სისწრაფით მიმოქროდა ბეღურა, სავარაუდოდ, იმ ბარტყის დედა  და საშინელი ხმით ჭყლოპინებდა. კატამ, მიუხედავად დედა ჩიტის  მანევრებისა, გადწყვიტა ბარტყის დაჭერა და როგორც კი ტანი აზიდა,  ბეღურა ცხვირ-პირში შეაფრინდა და ჩაუნისკარტა. რომ არა ჩვენი შეყვირება, შეიძლებოდა დედა ჩიტის თავგანწირვა ცუდად დამთავრებულიყო. კატამ მოიხედა და მოკურცხლა. ყველას გიამ დაასწრო. ხელი სტაცა, მუჭაში მოიმწყვდია და სიხარულით აყვირდა:
- დავიჭირე, დავიჭირე, ჩემია!
მერხიდან გიჟივით წამოვვარდი. გიასთან მივირბინე და ვუყვირე:
- მომეცი, მომეცი ახლავე!
გია ჩემგან ასეთ გაბედულებას ალბათ არ ელოდა. გაოცებული შემომაჩერდა და ხელი მაღლა აწია.
- მომეცი, მომეცი! ხელი არ მოუჭირო! - შევეცადე შევწვდომოდი და წამერთმია, მაგრამ ჩემზე თითქმის ორი თავით მაღალ ბიჭს მე როგორ შევწვდებოდი. მაინც არ ვნებდებოდი. მკერდზე მუშტად შეკრული ხელები დავუშინე.
- მომეცი, ცოდოა, მომეცი ახლავე! - ვყვიროდი და თან ცრემლები მცვიოდა. არ ვიცი, გიამ რა შეამჩნია ჩემს ქცევაში: სასოწარკვეთა, ბრაზი, თავგანწირვა თუ შეუპოვრობა, ხელი ნელ-ნელა დასწია, მუჭი გაშალა და საცოდავად მოწრიპინე, გულაფანცქალებული ბარტყი გამომიწოდა. მე ხელი ვტაცე შეშინებულ ჩიტს.
- ახლავე ბუდეში უნდა დავაბრუნოთ, კიბე, კიბე მომიტანეთ! - ვიყვირე მთელი ძალით. რამდენიმე ბავშვი კიბის მოსატანად გაიქცა.
- მარიამ, მე ავალ და ბარტყი მომაწოდე, ბუდეში ჩავსვამ -  მომესმა გიას ხმა. გაკვირვებულმა მოვიხედე. დამნაშავის ღიმილით შემომხედა და ხეზე ასასვლელად ფეხზე გაიხადა. სანამ კიბეს მოიტანდნენ, ხეზე აოცოცება დაიწყო. აიწია, ტოტზე ჩამოჯდა და ხელი  გამომიწოდა. ბარტყი მივაწოდე. მან ჯერ ხელში დაჭერა სცადა, მაგრამ ბუდე საკმაოდ მაღლა ჩანდა და იქამდე ცალი ხელით თავის შემაგრება გაუჭირდებოდა. დაფიქრდა, ბარტყი პერანგის ჯიბეში ჩაისვა და ხეზე ასვლა განაგრძო. ვხედავდით, როგორ ფრთხილად ჩასვა გიამ ბარტყი ბუდეში. დედა ბეღურა ეგრევე მასთან მიფრინდა და ახლა მხიარული ჟღურტული გააბა
- ყოჩაღ, გია, კარგი ბიჭი ხარ - მიუახლოვდა ხიდან ჩამომხტარ გიას რუსუდან მასწავლებელი და თავზე ხელი გადაუსვა. აჟრიამულებულებს არც კი შეგვიმჩნევია მისი მოსვლა.- რა ჭკვიანი და მზრუნველი ბავშვები ხართ, მეამაყებით. თქვენ რომ არა, დედა ჩიტის თავგანწირვა ვერაფერს შეცვლიდა. ის ოხერი მურკა ორივეს შეახრამუნებდა. მადლობა, ბავშვებო - მოგვიბრუნდა ჩვენი საყვარელი მასწავლებელი. ჩვენ ტაში შემოვკარით.
- აბა, ახლა კლასში შედით, ზარი ირეკება - გვითხრა მან.
სანამ ოთახში შევიდოდით, გია დამეწია და ჩუმად მითხრა:
- მაპატიე, მარიამ. მოდი, ვიმეგობროთ. აღარ დაგიძახებ ბეღურას.
გაოცებული შევჩერდი. მოვხედე. გია ალალად მიღიმოდა. მივხვდი, ჩვენი ფარული მტრობა დასრულდა, მეც გულიანად გავუღიმე და ვუთხარი:
- დამიძახე, აღარ გავბრაზდები. მე ბეღურა შემიყვარდა. დაე, ვიყო ბეღურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები