 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2026 |
გარეთ ნიღბების ფესტივალია... ვინ იცის, ამ დროს რა ხდება შიგნით...
წლების წინ ერთი გოგო გავიცანი ლაღი, ფერადი, ღიმილა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, ვტკბებოდი და ვთბებოდი მისი სიკეთეაკრეფილი მზერის ყოველი შევლებისას. ის ისეთი იყო, ისეთი სიცოცხლეს რომ უფრო და უფრო შეგაყვარებდა ადამიანს. მასთან ყოფნისას არასდროს, არასდროს მიგვრძვნია უმზეობა. ერთ დღეს მოულოდნელად ვესტუმრე, "სიურპრიზი" გავუკეთე. ჩემი მისვლით საოცრად გაიხარა, მაგრამ ამ სიხარულმაც კი ვერ მოახერხა იმ სევდის გადაფარვა, რომელიც რეალური ყოფისგან ჰქონდა ჩამდგარი თვალებში. ოჯახი მას უხეშად და უპატივცემულოდ ექცეოდა, როგორც ნივთს გამოსაყენებლად აუცილებელს, თუმცა, იქვე კუთხეში მისაგდებს. წამოსვლისას ქუჩის ბოლომდე გამომყვა, მეზობელ-ახლობლებს ისეთი გაბრწყინებული სახით შეხვდა, ისეთი უდარდელი კისკისით, თითქოსდა მასზე ბედნიერი არავინ დააბიჯებდა დედამიწაზე. მე მაშინ, ჩემს გვერდით, უსაზღვროდ დიდი სულის ადამიანი დავინახე. ... ჩვენს კორპუსში, ჩვენსავე სადარბაზოში ულამაზესი ქალბატონი ცხოვრობს. სილამაზესთან ერთად დიდი ჭკუითა და გასაოცარი კულტურითაც ჰყავს უფალს დაჯილდოებული. ბავშვობიდან ვიყავი მისით მოხიბლული. სულ მოწესრიგებული მახსოვს, დახატული თვალებითა და ტუჩებით. სრიალა სახის კანითა და გადატკეცილი შუბლით. ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი, მასავით ლამაზი და ყურადღებიანი ვყოფილიყავი, მასავით გამოჩენილი საზოგადოებაში. შეხვედრაც როგორი იცის, როგორი ტკბილი მოკითხვა... ყველა ნახვისას გიღიმის დალოცვილი კეთილშობილურად. მოდი და ნუ შეიყვარებ... რამდენიმე დღის წინ ჭერზე წყლის წვეთები შევნიშნე, მასთან ავედი ამბის გასაგებად. კარი სხვა ქალმა გამიღო... არა, ის იყო, მაგრამ სხვანაირი, სხვა ფერის, უსხივო, ისეთი, როგორიც მანამდე არასდროს მენახა. მთელი სახე დალურჯებული ჰონდა, ალაგ-ალაგ დასერილი ადგილები კი უმოწყალოდ შეხორცებული. გვერდით ოთახიდან კაცის მბრძანებლური ხმა ისმოდა. მეორე დილას ისევ ვნახე, ულამაზესი იყო ჩვეულებისამებრ, ისევ "ბედნიერი". წინა დღეს ალბათ სიზმარი თუ ვნახე-მეთქი გავიფიქრე, თუმცა ჭერი, ამჯერად მთლად სველი, სხვა რამეზე მეტყველებდა. მე მაშინ, იმ, ჩემს ძვირფას მეზობელში ღვთიური სიძლიერე დავინახე. ... სოფელში ერთი ნათესავი გვყავს. რა დროსაც არ უნდა ნახო სულ ტირის არქონობაზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, უსტუმრო სახლზეც. არასდროს არავის ეპატიჟება და აბა, ვის მოუნდება მასთან სტუმრობა? არც თავად სტუმრობს ვინმეს. ერთხელ, რაღაც საქმეზე მისულმა, ხმა რომ ვერავის მივაწვდინე, ბევრი დაკაკუნების შემდეგ მორიდებით შევაღე კარი. სახლში კი არა ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი. სიმდიდრე მანამდე წიგნებით, ფილმებით და სხვისი მონათხრობით მქონდა წარმოდგენილი. იმ დღეს კი პირველად ვიხილე ჭეშმარიტად. მერე ითქვა რომ ქალაქადაც ჰქონიათ რამდენიმე სახლი და მცირე ბიზნესიც კი. ქალი კი, ქალი, ფერდაკარგულ ხალათში გამოხვეული, მაინც დასტიროდა "მოუწყობელ" აწმყოს. მე მაშინ, იმ ქალში არტისტი დავინახე, სამყაროს სათავისოდ მომრგები მსახიობი. .... და როგორია ჩემი ცხოვრება?.. მე... მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თუმცა მათგან განსხვავებით თამაში არ შემიძლია, სარკმლის გარეთ და სარკმლის შიგნითაც ერთნაირია ჩემი ყოფა, ერთნაირად გამომზეურებული, სათქმელგაშიფრული, გრძნობებგამოაშკარავებული. დიახ, დიახ, ყველა ფიქრი, გადაწყვეტილება თუ მიზანი სახეზე მაწერია, პირიდან მეღვრება და თვალებით ცხადდება. მე ბევრის მსგავსი ვარ და სხვაც ბევრია ჩემნაირი, ჩემსავით ვერმპოვებელი და ვერმომრგებელი იმ ნიღბის, რომელიც არასდროს გვქონია და რომელიც არც გვიძებნია არასდროს.
გარეთ ნიღბების ფესტივალია... მხოლოდ შენ იცი რა ხდება შიგნით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიახ, არასწორად მიმითითებია ჟანრი. დიახ, არასწორად მიმითითებია ჟანრი.
1. ჩანახატი უფროა. ალბათ ჟანრის მითითება შეეშალა ავტორ. არ ჰყოფნის ტექსტს მხოლოდ თავბოლო რეფრენიანობა, რომ პოეზიად ჩაითვალოს ჩანახატი უფროა. ალბათ ჟანრის მითითება შეეშალა ავტორ. არ ჰყოფნის ტექსტს მხოლოდ თავბოლო რეფრენიანობა, რომ პოეზიად ჩაითვალოს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|