ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2026


მარაბდა

მე წაგებულად არ ვთვლი - მარაბდას!

„სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!“

ლადო ასათიანი

ვთქვათ! - ვეთანხმები ლადოს სრულებით,
მე წაგებულად არ ვთვლი - მარაბდას!
დიდება ხსოვნას შეწირულების,
ყველა მარტვილს და ყველა ალამდარს!

ვარ ღვთის წყალობით ქვეყნიდან ცხრა ძმის,
საქართველოდან არსად წავალ და...
ვიდრე გავდივარ ცხოვრების მანძილს,
მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა!

ოთარ რურუა

...........................................................................................................................................................

მინდა ცხრა ძმის საფლავზე ცხრა სანთელი დავანთო

ოთხი საუკუნეა ველზე სძინავს მარაბდის
მამულისთვის შეწირულ სააკაძის მხედრობას,
კვლავ არსებობს ქვეყანა - ,,ყმის და ვეფხვის ბალადის“,
თუკი რამე შევცოდე, გულით ვითხოვ შენდობას.

მინდა ცხრა ძმის საფლავზე ცხრა სანთელი დავანთო,
ლექსით ვუთხრა მადლობა მათ, მათ დას და მათ დედას...
ჩემი მიწის სურნელმა გამაბრუა, დამათრო,
გაუმარჯოს ამ ერს და მისთვის თავის დადებას!

ოთარ რურუა

....................................................................................................................................................

ჩემო პირველო სიყვარულო...

ჩემო პირველო სიყვარულო გეძებ წლებია,
სად ხარ... დავბერდი შენს ძებნაში... გავჭაღარავდი,
აქ, ამ მიწაში სააკაძის შვილის ძვლებია,
განისვენებენ ამ მიწაში გმირნი მარაბდის.

ჩემო პირველო სიყვარულო დამილოცნია
შენი განვლილი ბილიკი და ნატერფალები,
ლამაზის კალთა მოკრძალებით დამიკოცნია,
დამიკოცნია სიყვარულით შენი თვალები.

ვიდრე ვარსებობ, არასოდეს დამავიწყდება
წლები ფაზისში შენთან ერთად გატარებული,
მსურს წაგიკითხო ლექსი ვიდრე ხმა ჩამიწყდება,
ხარ პოეტისგან (ანუ ჩემგან) გულით ქებული.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები