ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიმი
ჟანრი: თარგმანი
4 თებერვალი, 2026


Warhammer 40000 - კ'ტანების შესახებ

“ისინი ღმერთებად გამოგვეცხადნნენ და ჩვენც ბრიყვებივით დავუჯერეთ. მეფეტ’რან მაცდინარი, აზა’გოროდ ღამისმფენი, ლაშ’უდრა მკალთაჯარი - დაე, წყეული იყოს მათი, და მათ ბოროტ მოძმეთა სახელები.”
-ზარეხის, უკანასკნელი მდუმარე მეფის მატიანიდან

გადმოცემების თანახმად, კ’ტანები ანუ ვარსკვლავღმერთები (ინგირები, როგორც მათ აელდარები უწოდებენ), გალაქტიკის პირველი მოაზროვნე არსებები იყვნენ. ნათქვამია, რომ ეს უსხეულო არსებები სამყაროს დასაბამისას გაჩნდნენ - კოსმოსური გაზებისა და უსაზღვრო ენერგიისაგან, და მათი ბუნება არანივთიერია. 
თავდაპირველ მდგომარეობაში ისინი წმინდად ენერგიისგან შემდგარი უზარმაზარი არსებები იყვნენ და ვარსკვლავის ზედაპირზე გაფენილნი, მისი გამოსხივებით იკვებებოდნენ. დროის სვლასთან ერთად მათ ეთერული ფრთების გამოსხმა და სამყაროს ელექტრომაგნიტურ ველებზე ფრენა ისწავლეს. როდესაც პირველი ვარსკვლავი ჩაქრა, შიმშილის დასაცხრობად სხვა მზე იპოვეს - პლანეტები და ნისლეულები მათი მადისთვის მეტისმეტად უმნიშვნელო იყო.
კ’ტანებს ფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთქმედება ნეკრონტირული ტექნოლოგიის წყალობით შეუძლიათ. ნეკრონტირებმა მათი ცნობიერება მექანიკურ სხეულებში მოათავსეს, რომლებიც ცოცხალი ლითონისგან, ნეკროდერმისგან იყო ჩამოსხმული, მათი კულტურის უძველესი ღვთაებების ფიგურებად. კ’ტანებმა აღმოაჩინეს, რომ ცოცხალ არსებებსაც ჰქონდათ ენერგია, რომლითაც შიმშილის დაცხრობა შეიძლებოდა. მათ ნეკრონტირების სიძულვილით ისარგებლეს და მტრად დასახულ სხვა სახეობასთან, უძველესებთან, ომი გააჩაღებინეს, რათა ცოცხალ არსებათა სულები შეეგროვებინათ საკვებად.
სწორედ კ’ტანებმა გამოიგონეს ბიოგადანაცვლების პროცესი და ნეკრონტირების ცნობიერება ნეკროდერმის უკვდავ, მექანიკურ სხეულებში მოათავსეს. ბიოგადანაცვლებამ ნეკრონტირები ნეკრონებად აქცია - უსულო არსებებად, რომლებსაც თითქმის აღარაფერი უხარიათ და სიამოვნებას თავიანთი უკვდავებაც კი ვერ ანიჭებთ.
მას შემდეგ, რაც ომი-ზეცაში უძველესთა დამარცხებით დასრულდა, ნეკრონები, მდუმარე მეფე ზარეხის მეთაურობით, ვარსკვლავღმერთებს აუჯანყდნენ. ზოგი კ’ტანი სრულიად გაანადგურეს, ხოლო დანარჩენები ფრაგმენტებად დაამსხვრიეს და ტესერაქტულ ლაბირინთებში გამოკეტეს.
ახლანდელ დროში, როდესაც ნეკრონთა უმრავლესობა დიდი ძილისაგან უკვე გამოფხიზლებულია, კ’ტანების ამ ნამსხვრევებს ბრძოლის ველზე თავიანთი დინასტიების უმძლავრეს იარაღებად იყენებენ.
თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ რომელიმე კ’ტანის ნამსხვრევი თავისუფლებას მოიპოვებს. მაშინ იგი საზარელ შურისძიებას დაატეხს თავს ყველას - მის დატყვევებაში დამნაშავეებსაც და უდანაშაულოებსაც...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები