მე არ გწერთ თქვენთვის. მე გწერთ, რომ ხმა გავაჩერო. რაც დავწერე, ყველაფერი მეტისმეტად ახლოს მოვიდა ჩემთან. ტექსტებმა დაიწყეს ჩემი სუნთქვით სუნთქვა. როცა ვკითხულობ, ვგრძნობ — ისინი ჩემზე მეტს ამბობენ, ვიდრე მე შემიძლია ვიცხოვრო. მე არ ვარ მწერალი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიტყვები დაესხნენ თავს. თქვენ ფიქრობთ, რომ ტექსტი უნდა გადარჩეს. მე ვიცი — ზოგი ტექსტი ცოდვაა არსებობისთვის. როცა წინადადება ზედმეტად ზუსტია, ის აღარ არის ლიტერატურა — ის არის ჩვენება სასამართლოში, სადაც ბრალდებული მე ვარ. მე არ მეშინია მკითხველის. მე მეშინია სიზუსტის. იმ სიზუსტის, რომელიც ამხელს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას ვერ უძლებს და ამიტომ წერას იწყებს. მე ვერ დავტოვებ დაუმთავრებელ სიმართლეს. დაუმთავრებელი სიმართლე უფრო სასტიკია, ვიდრე სიცრუე. ის მკითხველს აიძულებს ბოლომდე მიიყვანოს ის, რაც მე ვერ გავბედე. ცეცხლი არ არის განადგურება. ცეცხლი არის კორექტორი. ის შლის ზედმეტს. ის ტოვებს მხოლოდ იმას, რაც ისედაც ვერ დაიწვებოდა. თუ ოდესმე ვინმე იკითხავს: „რატომ დაწვა?“ უთხარით: იმიტომ, რომ არსებობა არ იყო საკმარისი ტექსტისთვის. და ტექსტი — ზედმეტად მძიმე არსებობისთვის. მე არ ვკლავ ნაწერებს. მე ვათავისუფლებ მათ ჩემგან. და ბოლოს — თუ რამე მაინც გადარჩება, იცოდეთ: ეს მოხდა ჩემი ნების წინააღმდეგ. და სწორედ ამიტომ იქნება მართალი. ფრანც კაპკა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|