ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2026


(უბრალოდ) ლამაზი ქალი!

სულ ორი დღის წინ, სულ ორი დღის წინ
მოულოდნელი ქარი
შილიფად შეკრულ კაბას შეეხო
და "შეარცხვინა" ქალი...
....
ქუჩაში ბევრი ხალხი მოძრაობს,
სავსეა ვიწრო ქუჩა,
ზოგს საქმიანი, ზოგსაც უბრალოდ
დაღლილი მზერა უჩანს.
ყველას თავისი ფიქრი შეუბამს
მკერდზე დამარცვლილ მძივად,
მხოლოდ ერთ ასულს ფრთები შეუსხამს
და ქრის მარტოსულ სხივად.
მარტოსულს ვამბობ, რადგან მის იქით
ირგვლივ არ ჩანდა სხვა მზე,
დაფარფატებდა ქალი, ვით ნისლი
ხალხს მოხვეული თავზე.
მზერით სამყარო დაჰქონდა მთელი,
დარდი განი-გან კრთოდა,
იყო იმ ქალში რაღაცა ვრცელი,
ქალს რაღაც მეტი ჰქონდა.
მიმოდიოდა ნება-ნებაზე
და არ ნაღვლობდა იმას,
რომ აღვიძებდა ვნებას ვნებაზე
ნაცრისფერ ქუჩის პირას.
დაღლილ ბრბოს განა გამოეპარა
ქცევა ლამაზი ქალის...
ცნობისმოყვარედ გამოაპარა
ყველამ საეჭვო თვალი.
ზოგს მოეწონა, ზოგსაც შეშურდა
ზოგმა გაკიცხა კიდეც,
სხვა არაფერი, ჭორსაც ეს უნდა
და გადაევლო კიდეს.
რა აღარ ითქვა მშვენიერ ქალზე,
საქმე გაუჩნდათ ენებს,
არ აპატიეს მას სილამაზე,
თქვეს, თქვეს და მოისვენეს.
ქალის ყურამდეც მივიდა ხმები
სიტყვამ იფრინა თითქოს,
ჯერ გაუკვირდა, მერე კი ფრთებით
კვლავ დააფრქვია სითბო,
კვლავ გააგრძელა მზემ ხეტიალი
ქარი უშლიდა მხოლოდ,
თუმც ბედისწერის უხმო ტრიალით
მაინც იცეკვა სოლო.
....
სულ ორი დღის წინ, სულ ორი დღის წინ
მოულოდნელი ქარი
შილიფად შეკრულ კაბას შეეხო
და "შეარცხვინა" ქალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები