ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
1 აგვისტო, 2026


ექო

ექო

არც ისე დიდი ხნის წინ, უღრუბლო სამეფოს სასახლის ერთ-ერთ  ოთახში ცხოვრობდა (ვფიქრობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი) გოგონა, სახელად ირინა.
    ერთ ჩვეულებრივ დილას გოგონამ გაიღვიძა, დაამთქნარა და ჩვეულებრივად წარმოსთქვა:
    - უფ, გათენებულა.
    - უფ გათენებულა, - მოესმა ირინას თავისივე ნათქვამი, ოღონდ ცოტა ხმადაბლა.
    - ვინ ხარ? - იკითხა, ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა.
    - ვინ ხარ? - გაიმეორა ვიღაცამ შეკითხვა.
    - ვინ ხარ მეთქი, გამოდი - ახლა უკვე მართლა შეშინდა გოგონა.
    - ვინ ხარ მეთქი, გამოდი. - ირინა წამოხტა და საწოლის უკან, კუთხეს დაუწყო თვალიერება, საიდანაც ხმა ესმოდა.
    - აქ ხარ?
    - აქ ხარ? - კვლავ გაიგონა თავისივე ხმა. გოგონამ კარი გააღო და გასვლა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. კარი მიაჯახუნა, ვითომ გავიდა, თვითონ კი იქვე დარჩა კარადას ამოფარებული.
    - ეჰ, რა სულელი გოგონა ყოფილა. ვერ მიხვდა რომ მე ექო ვარ და არ მაქვს უფლება სხვისი სიტყვები არ ვიმეორო! - მოესმა ირინას ნაზი, ტირილნარევი ხმა საწოლის მხრიდან. ირინა კარადას მოსცილდა და საწოლთან მივიდა.
    - ექო, სად ხარ? მართლა ექო ხარ? დამენახე რააა?
    - ექო, სად ხარ? მართლა ექო ხარ? დამენახე რააა? - ამ სიტყვების გამეორების შემდეგ საწოლის ქვემოდან პატარა, ძალიან ლამაზი არსება გამოსრიალდა. Uუფრო სწორედ გამოფრინდა. უცნობი არსება ტანად პატარა, თითქოს ცოტა გამჭვირვალე იყო და ოდნავ ბრწყინვალება დაჰკრავდა.
    - უი, რა ლამაზი ხარ,- წამოიძახა ირინამ.
    - უი, რა ლამაზი ხარ. - გაიმეორა პატარა ექომ და გააგრძელა. - გამარჯობა ირინა, მე ექო ვარ. ჩემი მშობლები და ახლობლები ექუნას მეძახიან. შენც შეგიძლია ექუნა დამიძახო. ახლა ძალიან გთხოვ არაფერი თქვა, თორემ გამეორება მომიწევს და სიმართლე გითხრა დამღალა ამდენმა ლაპარაკმა.
    - როგორ არ ვთქვა, როგორ არ გკითხო საიდან მოხვედი, აქ საიდან გაჩნდი  და საერთოდ, ექოები ლაპარაკობენ? მე აქამდე მეგონა, რომ ექო ჩვენი ნათქვამის გამოძახილია. შეგიძლია ჩემი ნათქვამი არ გაიმეორო და პირდაპირ მიპასუხო?
    - როგორ არა, შემიძლია, მაგრამ რომ გამიგონ შეიძლება მკაცრად დამსაჯონ.
    - რატომ? - გაიკვირვა ირინამ. - ვინ დაგსჯის?
    - იმიტომ რომ მე ექო ვარ და ჩემი აზრის გამოხატვის უფლება არ მაქვს. ვერ გაიგე? მამაჩემი დამსჯის. ის ხომ ყველა ექოს უფროსია.
    - კარგი მაგრამ, ახლა მამაშენი ხომ არ არის აქ. - უპასუხა ირინამ. Gგოგონა აღტაცებული თვალებით შესცქეროდა პატარა ექოს. - ექუნა, მომიყევი რა შენ შესახებ. სად დაიბადე, სად ცხოვრობ და საერთოდ ექოები როგორ ცხოვრობთ.
    - თქვენი სამეფოს გვერდით რომ სამეფოა, იქ ძველი სასახლე იდგა. ჩვენ საუკუნეებია იქ ვცხოვრობთ.
    - ვიცი, ის ბაბუაჩემის ძმის სასახლე იყო. დიდი ხანია გარდაიცვალა. ცოლ-შვილი არ ყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სასახლე მემკვიდრეობით ბაბაუაჩემს ერგო, მაგრამ არავინ მიხედა და სასახლეც ნელ-ნელა დაინგრა.
    - ჰოდა, სასახლე რომ დაინგრა ჩვენ ახალი თავშესაფრის ძებნა დავიწყეთ, გზაში  ჩემები დავკარგე და ამიტომ თქვენ სასახლეს შევაფარე თავი. კარგა ხანს გაკვირდებოდით, ყველაზე მეტად შენ მომეწონე და ამიტომ შენს ოთახში დავსახლდი. შენი ძმაც კარგია, მაგრამ ბიჭები არ მიყვარს. ცუდი სიტყვების თქმა იციან ხოლმე და იმის გამეორება მრცხვენია. - თავი დახარა ექუნამ და ცოტა წამოწითლდა.
    - ექუნა, რა საყვარელი ხარ, ჩემთან ხომ დარჩები? - თხოვნით მიმართა ირინამ ექოს. - ვიმეგობროთ. არა, ჯობია დებივით ვიცხოვროთ.
    - არა ირინა, ვერ დავრჩები. ძალიან მინდა, მაგრამ მე ექო ვარ და ადამიანივით ვერ ვიცხოვრებ. თანაც, ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო.
    - რა მოვალეობა, სხვისი სიტყვების გამეორება? - გაიცინა ირინამ.
    - დიახ, სხვისი სიტყვების გამეორება. ადამიანი რამეს რომ იტყვის, უნდა გაიგოს თავისი ნათქვამი და თუ რამე ცუდად ან არასწორედ თქვა, შერცხვება და მეორედ აღარ გაიმეორებს. ჩვენ ექოები ბევრ რამეს გასწავლით, თქვენ კი ამას ვერც ხვდებით.
    - მართალი ხარ, ერთხელ ბაბუაჩემის ძმის სასახლეში ვიყავით, ჩემ ძმაზე გავბრაზდი და დავუძახე “სულელო” ექომ კი ოდნავ ხმადაბლა ჩამომძახა “სულელოოოოოოო” და გამოვიდა რომ მე დავრჩი გასულელებული. - გადაიკისკისა ირინამ.
    - ამიტომ, როცა რამეს ამბობ, უნდა დაფიქრდე. - დამრიგებლური ტონით მიმართა ექომ გოგონას.
    - ექუნააააააა, ექუნააააააა, - მოესმათ მოსაუბრეებს ფანჯრიდან უცნაური ხმა.
    - მამაჩემია. უნდა წავიდე. რა კარგია, მიპოვნეს. - წამოიძახა ექომ.
    - მიდიხარ? - ცრემლები მოადგა თვალებზე ირინას.
    - უნდა წავიდე, არ იტირო. ასე ჯობია. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. თანაც ჩემები მომენატრენ. არ გეწყინოს რა. . . - ექო ირინასთან მისრიალდა, ლოყაზე მოეთათუნა, ფანჯარას მიუახლოვდა და გაუჩინარდა.
    - ეჰ, წავიდა, - ჩაილაპარაკა გოგონამ.
    - ეჰ, წავიდა, - მოესმა ხმადაბალი გამოძახილი ძალიან შორიდან. - არ იტირო, კიდევ ხშირად გაიგონებ ჩემ ხმას. უფრო სწორედ, პასუხს შენ დაძახებაზე. ოღონდ, სანამ  დაიძახებ, კარგად დაფიქრდი. ნახვამდიიიიიიიის. . .
   
   
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები