ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2026


***

დედა, შენ ამბობ, რომ
უკეთესი აირჩიე ორი შესაძლო გზიდან:
დარჩი იმასთან,
ვისაც უფრო სჭირდებოდი,
იმდენად, რამდენადაც
მისთვის ცხოვრება მარადიული ბავშვობიდან
გამოუსვლელობაზე მეტად-
უიმედობა და შიშია,
აბსურდეთში დამკვიდრებაა,
შავ-თეთრი აკვარელით ხატვაა, მაშინ,
როცა იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზეა ცისარტყელა
ყველა საოცნებო  ფერით.

მზეც კი უცნაურად უფორმოა მისთვის
და არასასურველი,
ისიც შიშისფერი.
ყველა შესაძლო სიხარულის ამომქოლავი.

შენ მისი ყველა ფობია დიდი ხანია გტკივა, დედა,
მაგრამ არ იმჩნევ,
არ უტყდები დარდს, რომელიც
მაინც გხრავს,
წელში გხრის,
გასაპყარებს,
სიკვდილს განატრებს.

მას ახსენებ და თვალებს სუსხი უმალ შორდება,
ხმასაც სირბილე ეპარება,
სუნთქვას- სიმშვიდე.
მასში ხედავ გამართლებას შენი ცხოვრების.

გზიდან,
შენს გულზე რომ გადის ორტოტად,
ჩემი- უღრანი ლაბირინთია,
მისი სავალი- უბორკილო, სუფთა შარა,
თუმცა, დახშული,
ინტერვალებით.

ვიცი, რითაც ამართლებ შენს არჩევანს:
მე ბევრი ვარ, დედა,
ის კი- ერთია.
მე მორჩილი ვარ,
კაცს, სიურჩე მაინც უხდება.
მე ამტანი ვარ,
ის ვერ შეძლებს აიტანოს,
მის გამო ჩვენ უნდა ავიტანოთ ყველაფერი.

მას გაუმართლა,
მას ეშველა,
მისთვის გათენდა...
მე რა უნდა ვქნა,
თუკი კაცად ვერ დავიბადე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები