ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური (მეშვიდე ნაწილი)

- დილა მშვიდობის. ვიცი, ცუდად გეძინა, მაგრამ დილის ცხრა საათია და ჯობია გზა გავაგრძელოთ. ამოძვერი მაგ ჭუპრიდან და ლამაზ პეპელად გადაიქეცი, - ჩვეული თბილი ტონით მომმართა.
- კარგი, მაგრამ პეპელა ხომ, სამი  ცოცხლობს? - გაღიმება ვცადე.
- ხო სამი დღე , ოღონდ ლამაზად. - თქვა და საძილე ტომრის დახვევა დაიწყო.
- რა ფილოსოფიური აზრებით გაიღვიძა თქვენმა ბრწყინვალებამ, - შემოგვეხმიანა გოგა და მაგდას გასაღვიძებლად დაიხარა.
- სიხარულო, გაიღვიძე, გზა უნდა განვაგრძოთ, - ისეთი სიყვარულით თქვა, რომ უნებურად ტანში გამცრა.
- შეგცივდა? - არც ეს გამორჩენია ბაჩანას.
- ხო, ცოტა არ იყოს, ცივა, თან ისე ვიყავი ჩათბუნებული,... - ვთქვი და სვიტერი ჩამოვიცვი თავზე.
- რამდენადაც ვხვდები, რაც უფრო შორს წავალთ, უფრო აცივდება და სინესტეც მეტი იქნება - თქვა გოგამ.
- ნამდვილად ასეა, სინესტე იმდენად მაღალია, რომ ტანსაცმელი სველდება. ეს რომ ვიცოდი, ჩემს ძმაკაცს ოთხი წყალგაუმტარი ნაჭრის ქურთუკი გამოვართვი. ის ტურისტულ ფირმაშია და ასეთი რაღაცეები ოხრად ჰქონდა. ის მანათობელი ფოსფორის ჯოხებიც მისგან წამოვიღე და ბევრი სხვა რამეც, - ბაჩანა აბჯარ-ასხმული მეომარივით ამაყად ყვებოდა თავისი სამზადისის შესახებ.
- მთელი გვერდები მტკივა, - დაიწუწუნა მაგდამ და საძილე ტომრიდან ამოძვრა.
- ქორწილამდე გაგივლის, - ისევ მიესიყვარულა გოგა.
- უკვე გამიარა, - სიყვარულითვე გამოეპასუხა მაგდა.
- წავიხემსოთ ცოტა და წავიდეთ.
- აუ, რა სიამოვნებით დავლევდი ყავას, - ვიცოდი, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც ვინატრე.
- არც ეგ არის შეუძლებელი, სპირტქურაც მაქვს და ყავაც, - თქვა ბაჩანამ და გადმომხედა.
შევხედე ადამიანს, რომელიც ჩემი სურვილების შემსრულებლად მოავლინა აქ ღმერთმა და სულში რაღაც უცნაური სითბო ჩამეღვარა.
- შენ ჩემს მფარველ ანგელოზად მოგავლინა ღმერთმა, - ვუთხარი და გავუღიმე.
- ლამაზად... ხო, არაფერი. ყავის გაკეთება რა ზეციური საქმეა, ახლავე, - თქვა და რაღაცის ძებნა დაიწყო ზურგჩანთაში. “ნესკაფეს” რამდენიმე პაკეტი ამოიღო გვერდითა ჯიბიდან, სასაცილო ზედადგარი დააძრო, შემდეგ მშრალი სპირტი  ქვეშ დაულაგა და ცეცხლი მოუკიდა. ზედ წყლით სავსე ჯამი შემოდგა. ამ ყველაფერს  ისეთი მონდომებით აკეთებდა, რომ თვალი ვერ მოვაცილე.
- რომ მიყურებ, ვიბნევი, - მითხრა და გვერდით დამიჯდა.
- არ გავხარ რაღაც დაბნეულ კაცს. შენ ძალიან მოხერხებული და, რაც მთავარია, კარგი ადამიანი ხარ!... - ვთქვი და ჩემი ზურგჩანთიდან ჭიქა ამოვიღე.
- ბაჩ, შენ მაგ ჩანთაში შოკოლადიც გექნება, გადავირიე პირდაპირ. ჯინივით ყოვლისშემძლე მგონიხარ, - მოგვიახლოვდა მაგდა თავისი ჭიქით.
- არა, შოკოლადი ნამდვილად არ მაქვს და არც ჯინი ვარ, სამწუხაროდ, - დანანებით თქვა ბაჩანამ.
- და რას ისურვებდი, ჯინი რომ გყავდეს? - ვკითხე მე.
ის დაფიქრდა. უცებ შემომხედა და დარწმუნებული ტონით მიპასუხა, - ალბათ, არაფერს. მაინც ვფიქრობ, რომ რაც გსურს, იმას შენ თვითონ უნდა მიაღწიო. ისე ფასი დაეკარგება სურვილსაც და...
- ნამდვილად. მეც ასე ვფიქრობ. თუკი სურვილები სხვისი დახმარებით რეალობა გახდება, მაშინ შენ, შენ რა უნდა გააკეთო? გულხელი დაიკრიფო და მარტო ისურვო? ასე ხომ ცოცხალ მკვდარს დაემსგავსები?... ზომბირებულ დეგენერატს. ისე კი, ასეთები ჯინის გარეშეც ბევრია იქ, - ვთქვი და საჩვენებელი თითი ზემოთ ავწიე.
- აუ, იქ. ხო, ჩვენ ხომ მიწის ქვეშAვართ, ისინი კი ზემოთ. აი, მე კი ვინატრებდი რაღაც-რაღაცეებს, - თქვა მაგდამ და გოგას გადახედა.
- წყალი ადუღდა, - თქვა ამ დროს გოგამ. ჯიბის დანით, რომელსაც დამჭერი ჰქონდა, ჯამი გადმოიღო და მდუღარე წყალი ჩვენს ჭიქებში გაანაწილა. ბაჩანამ ყავა ჩაყარა და ორივეს მოგვაწოდა.
- დალიეთ და წავედით, მთელი დღე უნდა ვიაროთ. ჯობია, მერე ვჭამოთ. დიდი დრო დავკარგეთ, რომ დავიღლებით, თან დავისვენოთ, თან ცოტას წავიხემსებთ.
- ჯობია, - დაეთანხმა გოგა.
  ყავამ ძალა შემმატა, გამომაფხიზლა. დახურული სივრცის შიში, რომელიც ძალაუნებურად ტვინში მიღიტინებდა, სადღაც გაქრა.
გზა გავაგრძელეთ. წინ ბაჩანა, შუაში მე და მაგდა, უკან კი გოგა. ორი ფანარი საკმარისი იყო, რომ გზა დაგვენახა. რაც უფრო შორს მივდიოდით, უფრო მეტად ციოდა, ჩემს თბილ სვიტერშიც კი ატანდა ნესტი და სიცივე. უცებ ბაჩანა შეჩერდა, ზურგჩანთა მოიხსნა, დაბლა დადო, იქიდან ის დაპირებული ქურთუკები ამოიღო და სამივეს დაგვირიგა.
- ისეთი ნესტია, ტანსაცმელი აშკარად სველდება. სანამ სულ არ დავსველებულვართ, ჩაიცვით, - თქვა და თავისი ქურთუკი მოირგო ტანზე.
სვიტერს ხელი მოვკიდე, ის მთლად ნესტიანი იყო. ქურთუკი ჩავიცვი და ელვა შევიკარი.
- ნანუკი, ისე ბაჩანა რომ არ წამოსულიყო, ვერც მივაღწევდით ბოლომდე, არა? - მკითხა მაგდამ.
- ჯერ არც მივსულვართ ბოლომდე, - უპასუხა ჩემს მაგივრად ბაჩანამ.
- მივალთ, აუცილებლად მივალთ. მაგდა კი მართალია, შენ რომ არა...
- ნუ აზვიადებთ, მე არ ვიქნებოდი, თქვენ უკეთ მოემზადებოდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. როცა გულით გინდა რაღაც, აუცილებლად მიაღწევ მიზანს, - თქვა და გადმომხედა.
- ასეა! - ვთქვი და ვინანე. ის შეიძლება მე მგულისხმობდა. დიდხანს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. უცებ, გვირაბი უფრო ვიწრო გახდა და დაბლა დაიწყო დაშვება. უცნაურად გათხრილი დიდი საფეხურების მსგავსი ტერასები ნელ-ნელა ეშვებოდა მიწაში. სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი, სიარულში გამოყოფილი ენერგია მათბობდა, ალბათ. ბაჩანას წამოღებული ქურთუკიც ძალიან დაგვეხმარა.
- ერთი საფეხური  დაახლოებით ხუთასი მეტრისაა! ერთი მეტრით ეშვება, შემდეგ ისევ  ტერასა იწყება, შეამჩნიე? - შემომიბრუნდა ბაჩანა.
- ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ გაზომვით არ გამიზომია.
შემშურდა მისი დაკვირვების უნარი.
- მოდით, ერთი საფეხური ჩავათავოთ და შევჩერდეთ. ოთხის ნახევარია, ჩვენ კი კუჭში არაფერი ჩაგვსვლია. ასე არ ივარგებს, ძალა უნდა მოვიკრიბოთ. გოგოებიც დაიღალნენ, ცოდოები არიან, - გოგა მაგდაზე უფრო ღელავდა, მაგრამ მეც მიმათვალა.
- კარგი, ასე გავაკეოთ, - დასთანხმდა ბაჩანა.
  როდესაც ტერასა გავიარეთ, ერთი მეტრით ქვემოთ ჩავხტით. ბაჩანამ ზურგჩანთა მოიხსნა, ჩვენც იგივე გავაკეთეთ.
- უკვე ცხრა საფეხურით ქვემოთ დავეშვით, ესე იგი ცხრა მეტრით ქვემოთ, რომ ვიცოდეთ სწორი გვირაბის სიღრმე, დავუმატებდით ცხრას და გვეცოდინებოდა, რამდენი მეტრით ქვემოთ ვართ ზღვის დონიდან, ცუდია, რომ არ ვიცით - სინანულით თქვა ბაჩანამ.
- და ჯერ არ ვიცით, კიდევ ამდენი საფეხური გველის წინ, - დავამატე.
- ისე, დაღმართს რომ აღმართი მოჰყვება, ეგ ხომ ვიცით, - შეგვახსენა გოგამ.
- ასე თუ იქნება, საფეხურებად არ გაგვიჭირდება. ისე, ჭკვიანი ადამიანების გათხრილია ეს გვირაბი, მაგრამ, რისთვის, ეს ვინ იცის? - პირველად გავიგე ჩემი მეგობრის ბაგეებიდან აზრიანი სიტყვები.
- როგორ, ვინ იცის? ეს გვირაბი თუ შუამთის მონასტერს უერთდება,როგორც სოფელში გავიგეთ ესე იგი, იქიდან შენ სოფლამდე მიწისქვეშა გვირაბი იმიტომ გათხარეს, რომ გასაქცევი, დასამალი, მიწის ზემოთ ძნელი მისაგნები ყოფილიყო. ჭკვიანურია, არა? მტერი შემოესეოდა თუ არა მონასტერს, და ატყობდნენ, რომ ვერ ერეოდნენ, ჩავიდოდნენ ამ გვირაბში და რამდენიმე დღის შემდეგ სამშვიდობოს იყვნენ შენი სოფლის ბოლოზე - ყველაზე პრიმიტიული აზრი, რაც შეიძლებოდა მოსვლოდა ადამიანს, მოუვიდა გოგას. პრიმიტიული, მაგრამ მაინც სიმართლესთან მგონი ახლოს უნდა ყოფილიყო. შეიძლებოდა მართლაც ამიტომაც გათხარეს ეს გვირაბი, მაგრამ ამდენი შრომა, ამხელა მანძილის გათხრა, ამდენი მიწის ზემოთ აზიდვა, ღირდა იმად, რომ მხოლოდ დასამალი და გასაქცევი მოემზადებინათ სიცოცხლის გადასარჩენად? ეს კითხვა მაინც უპასუხოდ რჩებოდა ჩემთვის. არა!... იყო აქ, რაღაც სხვა, საიდუმლო, რომელსაც ისევ ეს გვირაბი ახდიდა ფარდას.
- თვითონ გვირაბი მოგვიყვება თავის თავზე, - ჩემი აზრი გაახმოვანა ბაჩანამ, როგორც ყოველთვის.
- ამოვალაგოთ საჭმელი, ვჭამოთ და გავაგრძელოთ გზა,  - მიუბრუნდა გოგა მაგდას.
ბაჩანამ ისევ “ტუშონკას” მოხსნა თავი, გამომშრალი პური ამოალაგა პოლიეთილენის ნაჭერზე, თეფშებზე გაანაწილა კონსერვი და ერთი მეოთხედი მომაწოდა.
ამას რა მაჭმევს, გავიფიქრე და გამხმარი პურის ნატეხი გავაქანე პირში.
- ძნელია, გაყინული “ტუშონკის” და გამხმარი პურის ჭამა, მაგრამ უნდა ვჭამოთ, - არა მგონია, სამ დღეზე მეტი დაგვჭირდეს ამ გვირაბის დასაპყრობად. ასე რომ, კუჭის გაფუჭებას ვერ მოვასწრებთ. - რას იზამო, მხრები აიჩეჩა ბაჩანამ და მოწყალე თვალებით გადმომხედა.
  შევჭამეთ, თუ ერქვა ამას ჭამა. გაყინული ქონი ისევ საყლაპავში იყო გაჭედილი. ნესტში ისედაც ჭირდა სუნთქვა, ამ ქონმა კი სულ დამიხშო სასუნთქი გზები.
- თუ თითო ყლუპი ცხელი წყალი არ დავლიეთ, დავიხრჩობით - თქვა ბაჩანამ, სპირტქურა აანთო, ჯამით წყალი შემოდგა და ისევ ჩემს მსხნელ ანგელოზად იქცა.
ცხელი წყალი სიცოცხლის ელექსირივით ესიამოვნა ჩემს ყელს. ჩავლაგდით და გზა განვაგრძეთ. ორი საფეხურით ქვემოთ კიდევ ჩავედით. უცებ, ბაჩანა შეჩერდა, ხელის მოძრაობით გვანიშნა შევჩერებულიყავით და გვერდით კედელს დაუწყო თვალიერება. ფარანი ზემოთ მიანათა თუ არა, გარკვევით დავინახეთ კვამლისგან გაშავებული გვირაბის ნაწილი.
- აქ, ეტყობა, ჩირაღდანი იყო დამაგრებული, ხედავთ, აი, აქ. - ხელი დაადო იმ ნაწილს, სადაც ქვის ნაწილებს შორის ჩაღრმავება შეიმჩნეოდა, ზემოთა ნაწილი კი მთლად ჭვარტლით იყო გაშავებული.
- აქამდეც რომ დავკვირვებოდით, ბევრგან შევნიშნავდით ასეთ ადგილებს. ისე, ყურადღებით უნდა ვიყოთ, თორემ შეიძლება გამოგვეპაროს ის საიდუმლო, რისი ახსნაც გვინდა, - დანანებით ვთქვი.
- კარგი, ყურადღებით ვიქნები. თითოეულ წვრილმანს მივაქცევ ყურადღებას, - დამპირდა ბაჩანა.
  გზა გავაგრძელეთ. ათ მეტრში ბაჩანა ისევ შეჩერდა. ამჯერად ფანარი ძირს დაანათა და შემომხედა. დაბლა თიხის ქოთნის ნამსხვრევები ეყარა. ახლოს მივედი, ფრთხილად ავკრიფე და ერთმანეთს მივადე. იგი სულ სამ ნაწილად იყო გატეხილი. წითელი თიხის ქოთანი დღევანდელი ლობიოს ქოთნის იდენტური იყო, ოღონდ უფრო ვიწრო და დამუშავებული ყელით.
- წავიღოთ თან, მე მაქვს ადგილი ზურგჩანთაში, - თქვა მაგდამ.
- რა თქმა უნდა, წავიღოთ, მაგრამ ჯობია, ცალკე ჩავდოთ. ხელები ხომ თავისუფალი გაქვთ ორივეს. ჰოდა, ჩავდებ პარკში ფრთხილად და ხელში დაიჭირე, კარგი? - შეუთანხმდა გოგა მაგდას.
- კარგი! - დაეთანხმა ისიც.
  თითქმის ოთხი საათი შეუჩერებლივ ვიარეთ. საფეხურები ქვემოთ და ქვემოთ ეშვებოდა.  ვითვლიდი თითოეულს და აღმოვაჩინე, რომ 27 საფეხურით ქვემოთ ჩავედით. რაც უფრო ღრმად ვეშვებოდით, გვირაბის კედლები იცვლებოდა და ვიწროვდებოდა. სიცივეც საგრძნობლად მატულობდა და სუნთქვაც ჭირდა.
- თუ კიდევ ქვევით ჩავალთ, სუნთქვა გაგვიჭირდება, ამისათვის ნამდვილად არ ვართ მზად, - თქვა ბაჩანამ.
- აბა, უკან ხომ არ დავბრუნდებით? - ვინ იკითხავდა ამას, თუ არა მაგდა.
- არა, არ დავბრუნდებით, ეჭვი მაქვს, რომ ახლა აღმასვლა დაიწყება, - თქვა გოგამ.
- მეც ასე ვფიქრობ, - გაამხნევა მეგობარი ბაჩანამ.
- მაგას გზა გვიჩვენებს! - საშინლად ცივად ნათქვამი გამომივიდა და ვინანე.
არ გავჩერებულვართ, ისე ჩავათავეთ კიდევ 6 საფეხური, სულ 33. უცებ, ბაჩანა შეჩერდა და შემოტრიალდა,
- ეს საფეხური, სხვებისგან განსხვავებით,  ხუთას  მეტრზე გრძელია, მგონი, ეს ცენტრია. ალბათ, ახლა ზემოთ ავალთ. თუ გამოვითვლით, გამოდის, რომ სამი დღე კი არა, ორი დღე და ორი ღამე საკმარისი იქნება მიზნის მისაღწევად. 33 საფეხური ქვემოთ, 33 - ზემოთ. თუ, რა თქმა უნდა, არ ვცდები.
  ხმა არავის ამოუღია. ალბათ, ყველას მთელი გულით უნდოდა, რომ ბაჩანა მართალი ყოფილიყო. რამდენიმე მეტრის შემდეგ ბაჩანა ისევ შეჩერდა, შემომხედა, ფარანი მაღლა ასწია და ყველამ გარკვევით დავინახეთ, რომ გვირაბი ამ მონაკვეთში უზარმაზარ გამოქვაბულს უერთდებოდა. მან ხელით გვანიშნა, გავჩერებულიყავით, თვითონ კი წინ წავიდა.
  ინტერესმა კინაღამ გადამრია. გვირაბის კიდეზე გავჩერდი და ვაკვირდებოდი, როგორ ეშვებოდა  ბაჩანა, ოსტატურად გაკეთებულ ქვის კიბეზე. ამჯერად ცნობისმოყვარეობამ დამძლია. ჩემი ზურგჩანთიდან ფანარი ამოვიღე და მას უკან მივყევი. გამოქვაბული იმდენად დიდი ჩანდა, რომ ჩვენი ფანრის შუქი ციცინათელას ნათებასავით მხოლოდ ჩვენს გზას ანათებდა. კიბე ხვეული ფორმით ჩადიოდა ქვემოთ, სადაც ბაჩანას უკვე ჩაეთავებინა საფეხურები და მე მინათებდა გზას.
- ჩამოდით, - ასძახა ზემოთ გოგას და მაგდას და ხელი გამომიწოდა.
- ჩამოდით, ჩამოდით, ჩამოდით... - გაიმეორა ექომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები