ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანე
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2009


ყოველდღე

 
  ასი გრამი არაყი დილის სიფთაზე და ეს ყირამალა ცხოვრება უჩვეულოდ ლამაზი და მშვენიერია. ბირჟაზე დგომა ამ მათრობელა სითხის გარეშე ხომ საშინელებაა-დგახარ და ელი, ელი, ელი... მანქანა რომ სვლას შეანელებს, ჯერ ინსტიქტურად გადადგამ ერთ ნაბიჯს-იქნებ კლიენტიაო, მერე  აცნობიერებ-სხვა მომასწრებსო და მეორე ნაბიჯს ელვის სისწრაფით მიაყოლებ მორიდებით გადაგმულ იმ პირველ ნაბიჯს, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ გაგიმართლოს-ან მართლაც სხვა მოგასწრებს, ან არადა, იმ სვლაშენელებული მანქანის პატრონი სულაც არ არის კლიენტი-უბრალოდ შეანელა  და არად დაგიდევს, რომ აქ, ამ თაკარება სიცხეში (ან გულისგამაწვრილებელ ყინვაში), მისთვის უმნიშვნელო მოქმედებით-მანქანის სვლის შენელებით-ჯერ სიხარულით აუფრიალა ვიღაცას გული, არიქა, ოჯახში ორ კაპიკს შევიტანო, მერე კი დატოვა ძაღლივით გალახული და იმედგაცრუებული. უკვე გაჩერებული მანქანის დანახვა ხომ უდიდესი ბედნიერებაა ამ ნახევრადმშიერი და ასი გრამი არყით შებრუებული ადამიანებისთვის. გადმოდიან ,,ფირმა” მანქანებიდან (და ,,სავეცკიდანაც”) გაბღენძილი ბიძები თუ გადაპრანჭული დეიდები და ვინ რა კრიტერიუმით ირჩევს ,,მეტლახის”  დამგებს, ,,სანტეხნიკს”, ,,პარკეტჩიკს”, ,,ციკლოვშიკს” ან სულაც ,,მეტაჩკეს”-ვერ გაგიგია. გარს უამრავხელოსანშემოხვეული კლიენტი იმ მომენტში შეძენილი მედიდურობით (მხოლოდ იმ მომენტში შეძენილით, თორემ
ისიც ისეთივე მოკვდავია, როგორც შენ) კითხულობს, ანგარიშობს, ფიქრობს, თავს აქეთ-იქით აქნევს და ბოლოს და ბოლოს დიდკაცურად-წამოდი და აბა შენ იციო-მოწყალებასავით მოგიგდებს. შენც, ბედნიერი, რომ, როგორც იქნა აგირჩიეს, ძალ-ღონეს არ იშურებ და თავგანწირვით ებრძვი აგურსა და ბლოკს, გორავ ცემენტიან ტალახსა თუ ლაფში, სუნთქვაშეკრული ძვრები სანიტარულ წერტილებში და თირკმელებს იხევ უმძიმესი ბარგის თრევით. თუმცა გასმრჯელო იმდენად მცირეა, რომ ჰა, ჰა და ორი დღე თუ გამოკვებავს სიცივითა და შიმშილით ასხავლებულ შვილებს. ის ლუკმა კი, რომელსაც გაბღენძილი კლიენტის ოჯახში შეგაჭმევენ ათსაათიანი ვირული შრომის შემდეგ, ყელში ძვალივით გეჩხირება და თვალწინ გიდგება მშიერი სისხლი და ხორცი, დიაბეტით
დასუსტებული დედა, რევმატიზმით შეწუხებული მამა და ახალგაზრდა მეუღლე-თუმცა ჯერ ჯანმრთელი, მაგრამ მომავალში ისიც ავადმყოფობისთვის განწირული. ჰოდა,  ამ ძაღლუმადური სიცოცხლისთვის გძაგს სწორედ გათენება, დაღამება კი უფრო მეტად., რადგან ის საზიზღარი ღამე ხომ დილის მეგზურია, შენი მეგზური კი მოვალეობაა, მოვალეობა შენი პატარა ოჯახის წინაშე, რასაც სამწუხაროდ ვერ ასრულებ და ყოველღამ სასოწარკვეთილი ფიქრობ, რომ იქნებ გაგეზიარებინა გუშინ დაღუპული შენნაირის ბედი და თავი ყულფში შენც გაგეყო, ანდა, რა მოხდებოდა, გუშინწინ რომ მანქანა დაეტაკა შენსავით ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს, შენც ისე მომკვდარიყავი და აღარ დაგენახა ეს დედინაცვლად ქცეული წუთისოფელი. დარდი და სევდა  ძვალსა და რბილში მომაკვდინებელი მეტასტაზებივით გაგჯდომია და
ვეღარ უძლებ, ვეღარ უძლებ და... ისევ ნებდები, ისევ გამოდიხარ შენთვის უმზეო დილას ამ საზიზღარ ბირჟაზე და ფულიანი კლიენტის მოლოდინში ისევ უსასრულოდ ტკეპნი მიწას, იმ მიწას, ყოველდღე რომ პირდაფჩენილი ელის მრავალ შენნაირს. ჰოდა, შენც, სხვა არა დაგრჩენია რა, გარდა იმისა, რომ ეს არაფრის მომტანი შავი დღეები თეთრი, მათრობელა სითხით გააზავო და ოდნავ მაინც შეაფერადო ნეგატივად ქცეული შენი ყოფა. ამიტომაცაა,-ასი გრამო არაყი დილის სიფთაზე და ეს ყირამალა ცხოვრება სულ ცოტა ხნით მაინც, უჩვეულოდ ლამაზი და მშვენიერია...

მაგრამ სად არის ყოველდღე დასალევი არყის ფული?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები