ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2009


თავი 32. ურთიერთგამოცდა ("გაცვლა")

იმ საღამოს აღარ დარეკა ჯაბამ.
არც მეორე დღეს...
არც ერთი კვირის მერე...

თეონა ადგილს ვერ პოულობდა, სულ გაღიზიანებული დადიოდა, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევდა პირველი ნაბიჯის გადადგმის და დარეკვის უფლებას.

“ჰმ, დარეკვასაც აღარ კადრულობს?! ხო, მართალია, მე თავად ვუპასუხე მშრალად და ცივად... ვიცი, ბევრი გამამტყუნებს ამის გამო... მაგრამ, რატომ უნდა გამამტყუნონ?... აბა რა უნდა მექნა? “დედა, რა ბედნიერებაა, რომ დამირეკე-მეთქი” და კისერზე ჩამოვკიდებოდი? იწრუწუნოს, ძალიანაც კარგი...  ეეჰ, თეონა, თეონა... მგონი შენ უფრო წუწუნებ, ვიდრე ის... აღარ იფიქრო ამაზე, თორემ... შენ კიდევ გაგიჟება გინდა?...”

ჯაბამ მუშაობა დაიწყო. ზუსტად იმ პერიოდში მის სამსახურში კომკავშირის კომიტეტის მდივნის ადგილი განთავისუფლდა და, ზეიკოს ხათრით, მაშინვე ჯაბა დანიშნეს.
ზეიკოს ხათრით... თორემ, რომელი “აქტიური კომკავშირელი” ჯაბა მყავდა? ფაკულტეტზე ალკკ კომიტეტის ოთახს იმდენად აგნებდა, რამდენადაც თეონა იყო იქ.
- ნუ გეშინია, თანდათან მიეჩვევი... მეც დაგეხმარები, თეონაც... – ამშვიდებდა ზეიკო, როცა ჯაბა პროტესტს გამოთქვამდა, “კომკავშირის კომიტეტის მდივნობა - რა ჩემი საქმეაო?!”...
- თეონა... დამეხმარება კი არა, იმას ვფიქრობ, როგორ შემოვირიგო....
- შენ კიდე გაახურე საქმე, რაა! რა გჭირს, რა დაგემართა? ერთი პატარა  გოგო როგორ გაბნევს და გათამაშებს ასე?
- არ ვიცი, ზეიკო!...
- აი, დაბადების დღეზე დაპატიჟე და ბეჭედიც წამოაცვი ხელზე.
- ვითომ?...
- ნუ გადამრიე, ბიჭო... რას ქვია “ვითომ”? არ გიყვარს თეონა?
- მიყვარს... და უფრო მეტადაც, ვიდრე ეს შეგიძლია წარმოიდგინო!
- აბა, გამაგებინე, რა გჭირს?!... ოღონდ, არ გადამრიო და მის “არამიწიერობაზე და გამორჩეულობაზე” არ მითხრა არაფერი!
- და თუ მართლა ასეთია?
- ხოდა გეყოლება არამიწიერი ცოლი!.. არ გააჭირა საქმე?!... წავედი... შაბათს  გამოვალ და მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ შენი დაბადების დღისთვის!

ჯაბას დაბადების დღე ახლოვდებოდა.
თეონა ცდილობდა, აღარ ეფიქრა ჯაბაზე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
შაბათ საღამოს ტელეფონის ზარი გაისმა.

ნინუცამ აიღო ყურმილი.

- ნინუც, გამარჯობა, ჯაბა ვარ...
- ვააა, დაკარგულო, როგორ ხარ?
- მუშაობა დავიწყე, ნინუცა, და ვეღარ ვიცლი.
- ნუუუ, აბა ახლა გამარჯობის თქმასაც აღარ იკადრებ...
- კარგი, რაა, მასე მიცნობ?
- არა, კარგი ბიჭი ხარ! დავუძახო თეონას?
- დამელაპარაკება? გაბუტულია ჩემთან...
- არ დაგელაპარაკება და თავისი აჯობებს!... მაცალე, ახლავე!

- თეეე, ჯაბა რეკავს... ყურმილი აიღე! – და თეონას დაბნეულ თვალებს რომ წააწყდა, შეუყვირა, - ხოო, ვითომ არ ელოდებოდი მაგის ზარს, არა? გეყოფა მაიმუნობა! აიღე ყურმილი...

- ალლო... – გაუბედავად თქვა თეონამ და, თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ... რაღაც საშინელის მოსასმენად მოემზადა.

ალბათ იფიქრა, ჯაბა მეტყვის, “ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო”...
“ახლა რას აპირებ, თეონა? მიაღწიე მიზანს? დაკარგე ჯაბა!... დაკარგე ადამიანი, ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს... და რატომ?  რა იყო მიზეზი? უაზრო ამპარტავნობა?... იყავი ახლა...”

- როგორ ხარ, თეეე?
- გამარჯობა, ჯაბა... – თეონას ხახა გაუშრა, ენა სასაზე აეწება, მეტყველების უნარი დაკარგა... ყურმილიანი ხელი დაუშვა და რაღაც გაურკვეველი ზმუილისმაგვარი კვნესა აღმოხდა.
- სად წახვედი, თეეე? ხმა გამეცი...  იცი, როგორ მომენატრე? – გაიგო ყურმილში ნაცნობი ხმა და ცრემლები წამოუვიდა.
- აქ ვარ... – ძლივს ამოთქვა ეს ორი პაწაწინა სიტყვა.
- თეეე, რა რიცხვი მოდის ახლა?
- არ მინდა შეხსენება, ისეც ვიცი... შენი დაბადების დღე ახლოვდება!
- ხოდა, ჩემთან გამოდი... აუცილებლად გამოდი.
- ბევრი ხალხი გეყოლება?
- არა, მხოლოდ ოჯახის წევრები, ზურა, გიგა და ვალერი.
- და მე... მე რომელ კატეგორიაში გავდივარ, ჯაბა? – სცადა ცრემლებს შორის გაღიმება. თან იფიქრა, “კიდევ კარგი, ჯაბა ახლა ვერ მხედავს, რა საშინლად გამოვიყურებიო...”
- შენ რომელ კატეგორიას ირჩევდი? ოჯახის წევრის სტატუსი გირჩევნია თუ მეგობრის? – გაისმა ჯაბას გულიდან ამოხეთქილი სიცილი.
- ჯერ, ალბათ, მეგობრის...
- ჰოდა, ჯერ, როგორც მეგობარი, ისე მოდი.
- ტორტი გამოგიცხო? – ამოისლუკუნა თეონამ.
- თეეეე, ტირი? რა გატირებს, სულელო?
- მეგონა აღარ დარეკავდი!
- ისე, რა ამის პასუხია და... იქნებ რა მჭირდა? არ უნდა დაგერეკა?
- კი...
- მერე?
- მიყვარხარ, ჯაბა!...

ყურმილში ისევ სიცილი გაისმა...
- მოდი და ამაზე აქ მელაპარაკე...
- ცუდო, ცუდო!.... შენ? ერთხელ არ წამოგცდენია, მიყვარხარო...
- მაცლი, რო? რამდენიც დავაპირე რამის თქმა, იმდენი გამექეცი... შენ მე ნიშნობიდან გამექეცი, თეეე... დავიღალე ამ ბეჭდის ჯიბით ტარებით... ბოლოს და ბოლოს, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, კარგად გაქვს თუ არა?
- რა ბეჭედი, ჯაბა?!... – უცებ შეაშრა ცრემლები და თვალები გაუბრწყინდა.
- ბეჭედი... შენთვის!
- როდის მიყიდე?– უცებ სახის გამომეტყველება შეეცვალა, რაღაც სხვანაირ, მისთვისაც უცნაურ ტალღაზე გადაერთო... ვერ აეხსნა, რა სჭირდა. გრძნობდა, რომ რაღაც ხდებოდა... მასში ვიღაც სხვა ლაპარაკობდა და თეონა მხოლოდ და მხოლოდ  ახმოვანებდა იმ უცნობის ნათქვამს. - ან მე მიყიდე კია? იქნებ ნანასთვის იყო ნაყიდი და... მერე მე უნდა მაჩუქო?
- ნანას რატომ მახსენებ, თეონა?
- იმიტომ, რომ ნანა რეალურად არსებობდა, შენი საცოლე იყო... მე საცოლე არ ვარ და ბეჭედზე მელაპარაკები... და ისიც არ ვიკითხო, ვისთვის არის ეს ბეჭედი ნაყიდი? – ხმაც კი შეეცვალა, - ვერცხლის ზანზალაკების წკრიალი დაემატა თითქოს... და იმ წუთას რომ მის თვალებში ჩაეხედა ვინმეს, თეონას უძირო, ჩამუქებულ ზღვისფერში ჩაიკარგებოდა! 
- გაჩუმდი, თეონა...
- რატომ? როგორი ბეჭედია? ერთი ბრილიანტით, თვლიანი? ნანასთვის.... – წინადადებაც კი ვერ დაამთავრა, რომ ჯაბამ იყვირა:
- შენ რა იცი ის ბეჭედი, თეეე?
- არ ვიცი, ჯაბა... – და უცებ, თეონა ისევ ჩვეულებრივ ტალღაზე გადმოერთო, ხმიან-თვალებიანად, - უცებ ბეჭედი დამიდგა თვალწინ... ფასიც კი დავინახე: 288 მანეთი...
- თეეე.... ნუ გადამრიე, თეეეე... რა დაგიშავე, ღმერთო? – ბოლო სიტყვები სასოწარკვეთილი ხმით დაიჩურჩულა ჯაბამ.
- რა მოხდა, ჯაბა?
- არაფერი... მაპატიე, უნდა გავიდე. ახლა შენი ჯერია, შენ დამირეკე... ვნახოთ, როდის მოგენატრები!
- კარგად იყავი, ჯაბა... ტორტს მე მოვიტან!

თეონამ ყურმილი დაკიდა და იქვე, სავარძელში ჩაეშვა.
თვალები დახუჭა...
უცნაური შეგრძნება დაეუფლა, - თითქოს სადღაც მიფრინავდა, მხოლოდ თვითონ, ამ საშინლად მძიმე და მოუხერხებელი სხეულის გარეშე... გაუხარდა სიმსუბუქე, ლაღად გაინავარდა... მერე ვიღაცამ ფეხებში ჩაავლო ხელი და დაბლა, მიწისკენ დაქაჩა... იმდენად ძლიერად, რომ მალე აღმოჩნდა იმავე სხეულის ტყვეობაში... შემდეგ ორი ბეჭედი დაინახა, ერთმანეთში ჯაჭვის რგოლებივით გაყრილი, - ის, რომელიც ცოტა ხნის წინათაც დაინახა, ბრილიანტისთვლიანი და მეორე, - რგოლი, რომელიც უცნაურად ციმციმებდა, რადგან მასზე 5 მცირე ზომის ბრილიანტი ელავდა. მერე რიცხვები დაინახა, - 288 და 330... მერე... მერე მესამე რგოლი შეება ბეჭდებს, სადა, უთვლო... და ვიდრე თეონა რამის დანახვას კიდევ მოასწრებდა...

- ვაახ, გადამრევს ეს გოგო... როგორ შეუძლია ასე წამში დაძინება? თეე, გაიღვიძე, წამო, საჭმელი ჭამე, გაშლილია სუფრა!... – ნინუცამ სავარძელში ჩაძინებული თეონა გააღვიძა და სასადილო ოთახში გაიყვანა.


* * *
დიდი ტორტი გამოაცხო თეონამ და მამას სთხოვა, ჯაბასთან წამაღებინეო.

ჯაბასთან ელოდნენ...
საკმაოდ დიდი ხანი გასულიყო თეონას ბოლო სტუმრობიდან.
კარი გაუღეს თუ არა, თათია და ნიკუშა კალთაზე შემოეხვივნენ, კინაღამ გააგდებინეს ხელიდან ის უზარმაზარი ტორტი. ჯაბამ იმარჯვა და ტორტი გადაარჩინა.

თეონამ ჯერ ბავშვები გადაკოცნა, შემდეგ – ჯაბას მიულოცა დაბადების დღე, მერე კი სათითაოდ დაუარა ოჯახის ყველა წევრს, რომლებიც ლამის ხელგაშლილნი იდგნენ და საკუთარ რიგს ელოდნენ.

მალე სხვა სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა.
სუფრა 20 კაცზე იშლებოდა.
თეონა ბავშვებს ართობდა.

- თეე, მოდი, რა, მომეხმარე?! – გამოსძახა ზეიკომ სამზარეულოდან.
- მოვდივარ... – თეონა შევიდა და მორიდებით დადგა მაგიდის კუთხეში.
- გოგო, შენ, რა, კიდევ უცხოდ გრძნობ ამ სახლში თავს? – სამზარეულოში შესვლისთანავე აჯახა შეკითხვა ზეიკომ, - მოშინაურდი ცოტა!
- რის საფუძველზე უნდა მოვშინაურდე? არა, ტყიური ისეც არ ვარ... მაგრამ, შინაურ ცხოველად გარდასახვის მიზეზს ვერ ვხედავ, ზეიკო!
- რაის “შინაურ ცხოველად”, თეე? უიმეეეე, ეს რომ არ იტყვის, რააა!
- რა ვიცი, აბა? მოშინაურდიო და... შინაური ადამიანი – არ გამიგია მე...
- ოოფ, ვითომ ვერ მიხვდი, ახლა, რას გეუბნები, არა?
- კი, დავუშვათ – მივხვდი კიდეც... მერე?
- რა “მერე”?...
- მერე ის, რომ მე ხომ ვერ მოვიყვან შენს ძმას ცოლად? ჩემგან რას ითხოვთ?
- ხო, პრინციპში – მართალი ხარ! მაგრამ, უარს ხომ არ ეტყვი, თეე?
- უარს? – და უცებ, ხელი რომ არავის მოუკიდებია, ისე, სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ფუჟერი გასკდა და ნამსხვრევებად იქცა.

ყველა გაოცებული შეჰყურებდა დამსხვრეულ ჭიქას და შიშით ვერავინ კიდებდა ხელს.
- ეს ჩემი ბეჭედი გატყდა... – თავისთვის ჩაილაპარაკა თეონამ და ცრემლებით აევსო თვალები.
- ბეჭედი კი არა, ჭიქა გასკდა მხოლოდ, - სცადა სიტუაციის განმუხტვა მეგიმ, რომელიც აქამდე ჩუმად უსმენდა მათ საუბარს. შემდეგ სწრაფად მივიდა და ცოცხითა და აქანდაზით აკრიფა მინის ნამსხვრევები.
- არა, მეგი... ჩემი ბეჭედი გატყდა!
- საიდან მოიტანე?
- აი, ნახავთ, თუ არა!...
- ჯაბააა, - გასძახა ზეიკომ, - აქეთ შემოდი, რააა?

ცოტა ხანში სამზარეულოში აშკარად დაბნეული ჯაბა შემოვიდა.
- რა მოხდა, ზეიკო?
- აქ რა მოხდა და ჭიქა გასკდა... და შენ რა გჭირს? ადამიანის ფერი არ გადევს სახეზე...
- ზეიკო, თეეე.... ბეჭედი...
- რა, “ბეჭედი”? – ლამის ერთ ხმაში იყვირეს ზეიკომ და მეგიმ...
- არაფერი... ბეჭედი გატყდა! – ჩუმად ჩაილაპარაკა თეონამ და ცრემლებმა ორი სველი კვალი დატოვეს გაცრეცილ ლოყებზე.
- შენ რა იცი, თეეე? – შეძრწუნებული თვალებით შეხედა ჯაბამ და მუშტი გაშალა, - ხელისგულზე ორად გახლეჩილი ბეჭედი ედო.
- მაპატიეთ, მე უნდა წავიდე!... - ცრემლებს შორის გაღიმება სცადა თეონამ. მაგრამ ისეთი უმწეო და საწყალი სახე გაუხდა, რომ ჯაბა მივარდა და გულში ჩაიკრა.
- არა, თეეე, ახალს გიყიდი! ბეჭდის გამო რატომ უნდა წახვიდე?! ჩვენი ურთიერთობა ამ ბეჭედს უნდა ვანაცვალოთ?
- არ ვიცი, ჯაბა... მაშინ დამპირდი, რომ ჯერ-ჯერობით არაფერს იტყვი ამ ბეჭდის შესახებ სტუმრებთან...
- გპირდები... ოღონდ არ წახვიდე და რასაც გინდა, იმას დაგპირდები! დარჩი,  თეე,,,
- დავრჩები... ჰო, კარგი, ნუ დამახრჩობ!...

საღამოს თეონამ სახლში დარეკა და მამამაც გააფრთხილა, - “12-ზე მანდ ვიქნები... ზუსტად 12-ზე გამოდიო”...

ზეიკო და მეგი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.
- ვაახ, კაცოოო, ასეთი არაფერი გამიგია, - ორივეს უყვარს ერთმანეთი და ეს საქმე კი როგორ ჯანჯლდება! – აღშფოთებას ვერ მალავდა ზეიკო.
- ჩუუ, ცოტა ჩუმად... აბა, გოგო? მეც ეგ არ მიკვირს?
- ისე, მართლა კია თეონა ცოტა უცნაური... რა იცოდა იმ ბეჭდის შესახებ?
- რა ვიცი, აბა? ან ის ფუჟერი რამ გატეხა?
- აბა? კაციშვილი არ გაკარებია... კი არ გატყდა, გასკდა! სად არ იყო მოფანტული მისი ნამსხვრევები.... - ზეიკომ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.
- ჩუუ, დაიცა... თეონა და ჯაბა დერეფანში გამოსულან სალაპარაკოდ... – მეგი სამზარეულოს კარს მიუახლოვდა და მათ საუბარს მიუგდო ყური.

- თეეე, რატომ არ გინდა, რომ გამოვაცხადოთ ამ ნიშნობის შესახებ?
- ჯერ ხომ არ გვქონია ნიშნობა, ჯაბა?!
- ხო, არ გვქონია, მაგრამ... ფეხს რატომ ითრევ? ხომ ვიცი, რომ გიყვარვარ?
- მე კი მიყვარხარ, მაგრამ... შენ? 
- თეეე, ნუ გადამრიე, რომ არ მიყვარდე, ნიშნობაზე დაგიწყებდი ლაპარაკს?
- მეც ეგ მაკვირვებს... შენ მხოლოდ ნიშნობაზე მელაპარაკები და არა გრძნობაზე... მე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, ჯაბა! არ ვიცი, რას წარმოვადგენ შენთვის... ვიცი, რომ ეჭვიანობ, ვიცი, რომ ცოლად გინდივარ... მაგრამ არაფერი ვიცი, გიყვარვარ თუ არა!
- ეს ერთი და იგივეა!
- არაა, ჯაბა, ერთი და იგივე! ასე მგონია, ვიღაც გაიძულებს ჩემს მოყვანას...
- ვინ, სულელო გოგო?
- არ ვიცი... ზეიკო, მაყვალა დეიდა, მეგი, გიგა, ზურა...
- არავინაც არ მაიძულებს...
- ჯაბა, ხედავ, რა ხდება? ამდენი ხანია გთხოვ, რომ მითხრა “მიყვარხარო”... სხვას ხომ არაფერს გთხოვ? და შენ ეს სიტყვა ვერ თქვი... შენ მე არ გიყვარვარ, ჯაბა! 12-ია უკვე... მამა მოვიდოდა.. კარგად იყავი.
- გამოგაცილებ...
- მოიცა, დავემშვიდობები ამ ხალხს...

- ზეიკო, რა ხდება? – გაოგნებული თვალებით შეხედა მეგიმ დას, - ეს რა გაიგო ჩემმა ყურებმა?!
- რაო?
- ჯაბას უყვარს თეონა თუ მართლა ჩვენს გამო უნდა მისი მოყვანა?
- რას ამბობ, რააას?! ჯაბას რომ თეონა უყვარს, ნეტა ისე მე და შენ ვუყვარდეთ ჩვენს ქმრებს... – აღშფოთდა ზეიკო, - მაგან კიდევ რა დაიფასა თავი? არ უნდა ეს ჩემი ძმა და იყოს ისე... უუუფ!
- არ ხარ მართალი, ზეიკო... რა თქვა ამისთანა თეონამ? “მე მიყვარხარო და შენ – არაო... მითხარი, რომ შენც გიყვარვარო...” და ჯაბამ არაფერი უთხრა, გესმის?
- კაი, რააა... ვინ უხსნის ახლა სიყვარულს ქალს?
- გარეკე, ზეიკო? აბა, ისე ვინ მიყვება კაცს ცოლად? ესენი ხომ გარიგებით არავის შეუხვედრებია?! სიყვარულით მოყავს და... სიყვარულზე არაფერს ამბობს!...
- კაი, ჩუმად ვარ, თორემ ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ამასაც მე დამაბრალებთ! ის ბეჭედი მაინც რა ჯანდაბამ გატეხა?! გამიგია, ოქრო შუაზე გასკდეს? თუჯის ხომ არ იყო?!
- ხო, მეც ეგ გამიკვირდა. რაღაც ძალიან უცნაურადაა ყველაფერი.... აი, ჯაბა მობრუნდა.
- ჯაბააა! – იყვირა ზეიკომ.
- რა გინდა? – მაშინვე შემოვიდა ჯაბა.
- თეონა წავიდა?
- კი...
- რაო, რა გითხრა? მოგყვება თუ არა? ან შენ რა უთხარი? ამოიღე ხმა!
- ტყვიამფრქვევიდან მომაყარე კითხვები და როგორ გიპასუხო? თეონას ვუყვარვარ, მაგრამ ცოლობაზე თავს იკავებს ჯერ...
- რატომ?
- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ჯერ მე თავად ვერ გავრკვეულვარ ვერაფერში!
- გამაგებინე, გიყვარს თეონა?
- ძალიან... სიგიჟემდე!
- და რატომ არ ეუბნები?
- იმიტომ, რომ... მეშინია!...
- რისი, ბიჭო, ცოლის მოყვანის?
- არა, ზეიკო... თავად თეონას სიყვარულის მეშინია!
- რა ჭირს თეონას საშიში?
- არაფერი... თავადაც ვერ ამიხსნია... მის გვერდით რომ ვდგავარ, საოცარი შიში მიპყრობს... არა მისი დაკარგვის, არამედ რაღაც ძალიან დიდის, გრანდიოზულის წინაშე წარდგომისა... და არ მკითხოთ, ეს რას ნიშნავსო... არ ვიცი! მე თავადაც არ ვიცი და თქვენ რა გიპასუხოთ? – ჯაბა სამზარეულოს კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა, თვალები დახუჭა და ისე მწარედ ამოიოხრა, რომ ვერცერთმა დამ ვეღარაფერი უთხრა.



* * *
მთელი ღამე წრიალებდა ჯაბა.
რეტროსპექტივასავით ატრიალებდა თავში თეონასთან დამშვიდობების სცენებს.
ხან როგორ აბოლოვებდა ამ დიალოგს და ხან როგორ...

- ეეეჰ, ჯაბა, ჯაბა... რა გჭირს, გამაგებინე... ხომ ძალიან გიყვარს თეონა? ხომ სიგიჟემდე გიყვარს? მაშინ რატომ არ ეუბნები მას ამ სიყვარულის შესახებ?-ჩასძახა საკუთარმა “მე”-მ...
- შენ მაინც დამანებე თავი?! ჩემი გაჭირება მყოფნის...
- არანაირი გაჭირება არ გაქვს! რა გიშლის ხელს? ხომ ვერ იტყვი, “სხვა უყვარს და ახლოს არ მიშვებსო”?
- ვერა, ვერ ვიტყვი... მითხარი, რა ვქნა!...
- დამიჯერებ, რო?
- დაგიჯერებ....
- მაშინ ხვალვე ნახე თეონა, უთხარი “მიყვარხარო”!... დანარჩენს – სიტუაცია გიკარნახებს.
- გათენდეს ერთი... ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი!

დილას 9 საათზე დარეკა ჯაბამ.
ყურმილი – თეონამ აიღო. გაუკვირდა ჯაბას ხმის გაგონება.
- თეეეე, უნდა გნახო... აუცილებლად უნდა გნახო!
- რა ხდება, ჯაბა? ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა, თეეე! რომელზე გნახო?
- გამაგებინე, რა ხდება?
- რა და... – უცებ, თითქოს სილა გააწნესო, ჯაბა შეტორტმანდა, გაჩუმდა და სულ სხვა რამ თქვა, -  თეე, დეკემბრის ბოლოს სამსახურში კარნავალის ჩატარება მინდა და... დამეხმარები?
- აბა რას ვიზამ?! მაგრამ ამის თქმა ოდნავ მოგვიანებითაც ხომ შეიძლებოდა? თუნდაც ერთი საათის შემდეგ! ხვალ 3-4 საათისთვის გამოვალ შენთან სამსახურში და იქ მოვილაპარაკოთ.
- გელოდები... აუცილებლად მოდი, თეეე!

თეონამ ყურმილი დაკიდა. კარგა ხანს იდგა უძრავად, მერე მხრები აიჩეჩა და ტანზე ჩაცმა დაიწყო, - უნივერსიტეტში მიდიოდა.

დეკემბრის ბოლომდე თითქმის ყოველ მეორე დღეს დადიოდა თეონა ჯაბას სამსახურში, პროგრამას ადგენდა, აზუსტებდა, როლებს ანაწილებდა...
საახალწლო კარნავალი 28 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.

სწრაფად გადიოდა დრო.
და აი, დადგა 28 დეკემბერიც.
წინა დღეს გენერალური რეპეტიცია ჩაატარა თეონამ....
წინა დღეს – ავად გახდა საღამოს წამყვანი.
შეწუხდა თეონა.
- თეე, შენ ვერ წაიყვან?
- გაგიჟდი, ჯაბა? ამდენ ხალხს რა ვუთხრა, ვინ ვარო?
- აბა რა ვქნათ?
- შენ წაიყვან... მეც ხომ აქ ვიქნები? ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!

მეორე დღეს ლამაზად, მაგრამ - არასაკარნავალოდ გამოწყობილი თეონა წამყვანებმა თავის მაგიდასთან დასვეს.

უამრავი საინტერესო თუ სასაცილო კონკურსით იყო გაჯერებული პროგრამა.
ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა ორად გაჭრილი სურათის მიხედვით საკუთარი მეორე ნახევრის პოვნას, ანუ სურათის თითო ნახევარს, ჩაყრილს ცალკე ჭურჭელში, - იღებდნენ გოგონები, ხოლო მეორე ნახევარს, სხვა ჭურჭლიდან, - ვაჟები. ამ კონკურსით 3 პრიზი თამაშდებოდა:
1. “ყველაზე სწრაფი და მოხერხებული წყვილი”, - ვინც პირველი გამოცხადდებოდა ჟიურის წევრებთან;
2. “საუკეთესო მოცეკვავე წყვილი”, – ნაპოვნ წყვილებს შორის ვინც ყველაზე ლამაზად  იცეკვებდა;
3. “ყველაზე სიმპატიური წყვილი”...

გოგონებმა ჭურჭლები ჩამოატარეს.
ჯაბამ ერთი ცალი აიღო და უკუღმა მხრიდან დადო მაგიდაზე.
ერთი ნახევარი – თეონამაც ამოიღო და თავის თეფშთან დადო.

მოვიდა ამ კონკურსის გათამაშების დროც.
ნახევარსურათების მფლობელებმა არ იცოდნენ კონკურსის შინაარსი, ამიტომ არც წინასწარ არ დაუწყიათ ერთმანეთის ძებნა.

და როგორც კი წამყვანებმა კონკურსის პირობები გამოაცხადეს, ერთად წამოიშალა მთელი დარბაზი. დარბოდნენ, ეძებდნენ, პოულობდნენ...

თეონამ ჯაბას ნახევარსურათი გადმოაბრუნა, - დიდი, თეთრი ლაინერის ნახევარი მიაპობდა ლურჯი ზღვის ტალღებს.
“საიდან მახსოვს ეს სურათი?... მოიცა, ჩემიც ეს არ არის? კიიი!  ესაა!  ჩემი მეორე ნახევარია ჯაბა!”

პირველი ნაწილი კონკურსისა დამთავრდა.
ცეკვა დაიწყეს.
ჯაბა თეონას მიუახლოვდა.
- თეე, შენ რატომ არ ეძებ შენს მეწყვილეს?
- მე ის დიდი ხნის წინ ვნახე, ჯაბა!
- ვინაა? – გამომცდელად ჩახედა თვალებში. გონებაში ამოუტივტივდა ფოტოგრაფის სახე, რომელმაც უამრავი სურათი გადაუღო თეონას, - “გული დამწყდება, რომ არ გამოხვიდე სურათებშიო”...
- შენ, ჯაბა... – თეონამ ორივე სურათი ამოატრიალა და თეთრი ლაინერიც მთელი თავისი მშვენებით წარსდგა მნახველთა წინ.
- მერე? რატომ არ თქვი? – ჯაბამ ხელი დაავლო თეონას და მოცეკვავეებთან გაიყვანა.


ლამაზად ცეკვავდნენ.
მუსიკა დამთავრდა.
და აი, ჟიურის თავმჯდომარე აცხადებს გამარჯვებულებს:
ყველაზე სწრაფი წყვილი – თემური და მანანა!
საუკეთესო მოცეკვავე წყვილი – სოსო და ქეთი!
ყველაზე სიმპატიური წყვილი – ჩვენი სტუმარი თეონა და ჯაბა!

როცა პრიზის ასაღებად მივიდნენ, თავმჯდომარემ ორივეს ხელი ხელში დაიჭირა, ერთად გადასცა პრიზი და ჩუმად უთხრა:
- თქვენ ისეთი ლამაზები ხართ, ისე უხდებით ერთმანეთს, რომ... ნუ დაკარგავთ ერთმანეთს...
- დიდი მადლობა, ბ-ნო ბენო... – ერთხმად თქვეს ჯაბამ და თეონამ და პრიზი ჩამოართვეს.

ადგილიდან დაიძრნენ თუ არა, ისევ ჩართეს საცეკვაო მუსიკა.
ჯაბამ ხელი მოხვია თეონას და საცეკვაოდ დატოვა.
- თეეე, იცი რას ვფიქრობდი მთელი ღამე?
- ??????
- მიყვარხარ, თეონა! ძალიან მიყვარხარ!


(გაგრელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს