არა, მაინც როგორ ვერ ვიტან ამ ადგილს. დგანან სხვადასხვა ზომის მუცლებით სვადასხვა სურვილების, მისწრაფებების, ემოციების, განათლების, შეგნებისა და სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები ე.წ. რიგში და ელოდებიან ჯადოსნური კარის გახსნას, საიდანაც ექთნის გამყინავი ხმა გაისმის მხოლოდ ერთი სიტყვით: "შემდეგი"... ეს „შემდეგიც“ ხან მაღალი, ჩაფუნთულებული ქალბატონია, რომელსაც არაფერი ეტყობა ორსულობის, ისევე როგორც ბებიაჩემს, რომელსაც ზუსტად ასეთივე ტანი აქვს, ხან სუსტი წითურთმიანი გოგონა, რომლისთვისაც თითქოს მიუწებებიათ მუცელი და მისი სხეულის ნაწილი არააო, – ისე გამოიყურება... ხან კი ასაკოვანი ცოლ–ქმარი რომლებსაც სიბერეში გადაუწყვეტიათ შვილის გაჩენა, ალბათ კიდევ ერთის...
"შემდეგმა" მე მიგულისხმა და შევედი, ექიმმა ისე მომიკითხა, თითქოს მისი უახლოესი ნათესავი ვიყავი და მოემზადა... "საოცარია, ძალიან საყვარელია... გინდა გაჩვენო?..." - მკითხა მოულოდნელად... "ამ კაცს ცოტა აკლია, რას ქვია მინდა? 5 თვეა ჩემშია და ლამის გავგიჟდე, ისე მაინტერესებს, როგორია. ამან კიდე – „გინდაო“? რომ მეთქვა „არა–მეთქი“, ნეტავ თუ დაიჯერებდა?" პატარუნა იჯდა და თითს წოვდა... "ხედავ, რას აკეთებს? თითს ლოკავს. შეხედე, რამხელა თმები აქვს, გულძმარვა არ გაწუხებს?" და უცბად ისე გადაიხარხარა, კინაღამ გული გაგვიჩერდა... "ნახე, მოდი, შენ თვითონ შეხედე... იმ დღესაც გითხარი და მგონი არ დაიჯერე... მის "ღირსებას" შეხედე რა, წესით ამხელა უნდა ჰქონდეს 8 თვის ნაყოფს, ეს კი 5 თვისაა! ოხ, ეს რა იქნება, იციიი?.. ქალების რიგი დაგიდგება სახლთან... ეს გენებია, საყვარელო, რომელსაც ვერსად წაუხვალ... მამამისს, ან რომელიმე პაპას, ან ბიძას მოკლედ ვიღაცას გავს ამით..."
მოვდივარ და მეცინება... დედი, რა იყო ეხლა მაგაშიც დამსგავსება?... კიდევ რაში გავხარ ნეტა? არ ვიცი მამაშენს რა მუსიკა უყვარს, შენ კი საგალობლებს უსმენ და მხოლოდ ამ დროს მშვიდდები... ლექსები? მაგაში მე მგავხარ. მხოლოდ ერთი ფრაზაა საკმარისი--- "ყურღანებიდან გნოლი აფრინდა..." და შენ უკვე მშვიდდები... ისე, შენი მოპოეტო მამის ლექსიც (გეალერსები თითქმის უსუსურს...) მოგეწონა მგონი, თუ იმიტომ გაინაბე, რომ ეს ლექსი მე დამიწერა? მე ალუბლის წვენი მიყვარს, შენც მოგწონს და კიდევ, მამაშენივით, ღომი გიყვარს... მწარე არ მიყვარს, შენ კი ჯერ არ გაგისინჯავს. ნეტავ როდის ამოვხსნი თქვენს ყველა მსგავსებას? მე მამაშენი ძალიან მიყვარს, შენც მიყვარხარ. მას კი ჩვენი ხსენებაც არ უნდა... იმედია ამაში მე მგავხარ, ხომ ასეა პატარავ?...
გენები, გენები საოცარი რამეა. სადაც ვერ წარმოიდგენ, იქ იჩენს თავს... დედი, ჩემო პატარა სიხარულო, დამპირდი, რომ ყველაზე მთავარში არ დაემგვანები მამას და სასმელს ცხოვრებაში არ მიეკარები... ხომ მპირდები?... ჯანდაბას, მოპოეტო ხასიათში დაემგვანე, ოღონდ ამაში არა... ძლიერად მომხვდა რაღაც მუცელში შიგნიდან... შენი პატარუნა ფეხი იყო ალბათ და ნეტა რას ნიშნავდა, დე? იმას, რომ მპირდები თუ იმას, რომ არ მპირდები?... რას გაიგებს კაცი შენი ჯიშისას?.. მითუმეტეს მე, ქალი, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ ესმის თქვენს ენაზე ნათქვამი...
და მაინც ეს გენები... ვერ შეედავები რა...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|