ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2009


იასამნისფერი დღე


                  იასამნისფერი დღე

ვის არ უყვარს მზე და გაზაფხული, მაგრამ წელიწადის ამ დროს მე ყველაზე მეტად იასამნის სურნელი მიყვარს... არ ვიცი რატომ, მაგრამ მხოლოდ ამ ყვავილის დანახვის შემდეგ ვხვდები, რომ გაზაფხული ნამდვილად დადგა და რომ ზამთრის სიცივის აღარ უნდა მეშინოდეს...
ალბათ ამიტომაც გამახარა დღეს ასე ძალიან ქუჩაში აყვავებული იასამნის ხის დანახვამ... გაოცებული
შევჩერდი მის ძირას... მოწიწებით შევეხე ამ ფუმფულა ყვავილს და მისი სურნელი მთელი სხეულით შევიგრძენი... დაუფიქრებლად მოვტეხე ერთი ტოტი და გაღიმებული გავემართე გაჩერებისაკენ...
      ასეთივე ბედნიერი ღიმილით ავედი სამარშუტო ტაQსში... მძღოლმაც და მგზავრებმაც გაკვირვებულებმა შემომხედეს. ალბათ იფიქრეს-საწყალი, ალბათ ვერ არისო... წითლად თმაშეღებილმა ქალბატონმაც სწორედ ასეთი რაღაც ჩაიბურდღუნა, მაგრამ ნაფიქრი ისეთი ხმამაღალი გამოუვიდა, რომ მის გვერდით მჯდარმა დარბაისელმა მამაკაცმა ჩემდამი თანაგრძნობით აღსავსე ხმით წარმოთქვა:-ისეთი დროა ქალბატონო, რომ ვინღაა დღეს საერთოდ თავის ჭკუაზეო...
      მე ყურადღება არ მივაქციე მათ სიბრალულით აღსავსე თვალებს და ფანჯარაში გავიხედე, რადგან მათთვის რაიმეს ახსნას აზრი არ ჰქონდა... მაგრამ მალევე შეიცვალა სიტუაცია და როცა ეს პატარა სივრცე იასამნის სურნელით აივსო, თითქმის ყველას სახეზე შევნიშნე ბედნიერების ღიმილი... ერთმა სათნო დედაბერმა ჩემი მისამართით მადლიერი ხმითაც კი წაიტუტუნა:-ღმერთმა დაგლოცოს შვილო! (არ ვიცი რისთვის მიხდიდა ეს ქალი მადლობას, მაგრამ  მაინც მესიამოვნა)
    აღტაცებული სახით შემომხედა ყურებში ნაუშნიკებგაჩრილმა სიმპატიურმა ჭაბუკმაც, რომლის ყურადღებასაც ალბათ ვერც მივიქცევდი, ხელში იასამნის რტო რომ არ მჭეროდა... ახლა კი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი სახით ანგელოზს ან მოჩვენებას ხედავდა...
      მერე პატარა ლურჯთვალა გოგონამ ატეხა ტირილი:-მეც მინდაო,-ჩემი იასამნისკენ იშვერდა ხელს...
ღიმილით გავუწოდე... პატარამ ჯერ ყვავილს შეხედა აღფრთოვანებული თვალებით, მერე მე... ჩაწიკწიკებული პაწია კბილები გამოაჩინა და ფუმფულა ხელებით ჩაბღუჯა ტოტი...
      ჩემი ჩასვლის დროც დადგა და კმაყოფილმა დავტოვე სამარშუტო ტაქსი... ხალისიანად გავემართე სამსახურისკენ-მე ხომ რაღაცა ფერადით დავარღვიე თბილისის ნაცრისფერი სიმყუდროვე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები