ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
13 ოქტომბერი, 2009


ინტერვიუ აიკიდოს დამაარსებელთან, ო-სენსეისთან - მორიჰეი უეშიბასთან და მის შვილთან, დოშუ უეშიბა კიშომარუსთან

ინტერვიუს უძღვება ორი უცნობი იაპონელი ჟურნალისტი. ტექსტი გამოქვეყნდა უეშიბა კიშომარუს იაპონურად დაწერილ წიგნში "აიკიდო", ტოკიო, კოვადო, 1957 წ. გვ.198-219.
თარგმანი იაპონურიდან შესრულებულია სტენლი პრანინისა და კაცუაკი ტარასავას მიერ.

ჟურნალისტი(ჟ): კოლეჯში სწავლისას, ჩვენმა პროფესორმა გვიჩვენა ერთი ცნობილი ფილოსოსფოსის პორტრეტი, ეხლა, ინტერვიუს ჩამორთმევისას მე გამაოცა ამ სურათის თქვენთან მსგავსებამ, სენსეი.

ო-სენსეი (მორიჰეი უეშიბა): ძალიან კარგი, შეიძლება სჯობდა ფილოსოფოსი გავმხდარიყავი. ჩემში სულიერი მხარე უფრო ძლიერად არის გამოკვეთილი, ვიდრე ფიზიკური.

ჟ: ამბობენ, რომ აიკიდო ძლიერ განსხვავდება კარატესა და ძიუ-დოსაგან.

ო-სენსეი: ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ აიკიდო ნამდვილი საბრძოლო ხელოვნებაა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აიკიდო უნივერსალურ სინამდვილეს ემყარება. ეს არის სამყარო, რომელიც ბევრი განსხვავებული ნაწილისაგან შედგება, თვით სამყარო, როგორც ერთი მთლიანი წარმოდგენილია ოჯახის სახით და სიმბოლურად მშვიდობის საბოლოო ფორმას გამოხატავს. სამყაროზე ასეთი წარმოდგენის ქონისას, აიკიდო შეიძლება მხოლოდ სიყვარულისადმი მიძღვნილი საბრძოლო ხელოვნება იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ძალადობის ხელოვნება. სხვაგვარად, აიკიდო უზენაესის ნების კიდევ ერთი გამოხატულებაა. აიკიდო არის ყოვლისმომცველი, უზარმაზარი. ამიტომაც, აიკიდოში ზეცა და დედამიწაა სავარჯიშო სივრცე. აიკიდოისტის გონების (სულის) მდგომარეობა მშვიდი და არაძალადობრივი უნდა იყოს. გონების ეს განსაკუთრებული მდგომარეობა ძალადობას ჰარმონიად აქცევს. ეს წმინდა იაპონური საბრძოლო სულია. ჩვენ ეს მიწა მოგვეცა იმისათვის, რომ აქ, ჩვენთან, ზეციური წესი დავამკვიდროთ. ომისმაგვარი მოქმედება სრულიად მიუღებელია.

ჟ: მაშინ გამოდის, რომ იგი (აიკიდო) სრულიად განსხვავდება ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებისაგან.

ო-სენსეი: დიახ, ეს ასეა. იგი განსხვავებულია. თუ ჩვენ წარსულს გავიხსენებთ, ვნახავთ, თუ როგორ გამოიყენებოდა საბრძოლო ხელოვნება იმ დროს. სენგოკუს პერიოდში (1482-1558 წწ. ე.წ. "მეომარი ქვეყნების" პერიოდი) ადგილობრივი ბატონები საბრძოლო ხელოვნებას პირადი ინტერესებისა და სიხარბის დასაკამაყოფილებლად იყენებდნენ. ეს, ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელია. იმ დროს, როდესაც მე საბრძოლო დისციპლინებს ომისათვის, სხვათა მკვლელობისათვის ვასწავლიდი (I მსოფლიო ომის დროს), საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი. ამ მდგომარეობამ განაპირობა ის ამბავი, რომ მე აიკიდოს ნადვილი სული გავიგე და ჩავუღრმავდი მას. შვიდი წლის წინ მე საშუალება მომეცა გამეგო, თუ რას ემსახურება საბრძოლო ხელოვნება (კონკრეტულად აიკიდო). მე მივედი იმ აზრამდე, რომ დედამიწაზე ზეციური სამყარო უნდა შეიქმნას. ამის დადასტურებად მიმაჩნია ის, რომ მიწა და ზეცა (ანუ ფიზიკური სამყარო) უკვე იმყოფება სრულყოფილ მდგომარეობაში, ისინი სტაბილურნი არიან თავიანთ ევოლუციაში, ამ დროს კაცობრიობა (ამ შემთხვევაში იაპონელები) და მისი მდგომარეობა გარდაქმნის, გადატრიალების ფაზაში იმყოფება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მდგომარეობა. ამის რეალიზაცია იქნება გზა სამყაროს ჰუმანიზაციისაკენ. როდესაც მე დავიწყე ამის კეთება, მე ვთქვი: "აიკიდო სიყვარული და ჰარმონიაა-მეთქი", "ბუ" (საბრძოლო) აიკიდოში სიყვარულის გამოხატულებაა-მეთქი. მე აიკიდოს ჩემი ქვეყნის სამსახურისათვის ვსწალობდი. აიკიდოთი შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სიყვარული და ჰარმონია. აიკიდო სამყაროს პრინციპებთან და ნაღვაწთან სრულ ჰარმონიაში დაიბადა, ამიტომაც იგი არის აბსოლუტური გამარჯვების ბუდო (საბრძოლო ხელოვნება, გზა).

ჟ: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ აიკიდოს პრინციპებზე. საზოგადოება აიკიდოს აღიქვამს, როგორც რაღაც მისტიურს, ისეთს, როგორიცაა ნინძიუ-ცუ (ნინძათა, მსტოვართა საბრძოლო ხელოვნება, ბ.ჩ.), თანაც თქვენზე გაგვიგია, რომ საოცარი სისწრაფით დაგიმარცხებიათ ძალიან ძლიერი მეტოქეები, აგიწევიათ რამდენიმე ასეული ფუნტის სიმძიმის საგნები.

ო-სენსეი: ეს მხოლოდ გამოიყურება მისტიურად. აიკიდოში ჩვენ მთლიანად ვიყენებთ მეტოქის ძალას. რაც უფრო მეტ ძალას ხარჯავს მეტოქე ,მით უფრო ადვილია მისი დამარცხება.

ჟ: ამ კუთხით აიკი არის ძიუ-დოშიც, რადგან იქაც მეტოქის რიტმთან ხდება სინქრონიზაცია. თუ იგი გექაჩებათ, თქვენ აწვებით, თუ იგი გაწვებათ, თქვენ ექაჩებით. თქვენ მართავთ მის მოძრაობებს ზემოთ ნახსენები პრინციპის თანახმად, აიძულებთ მას დაკარგოს წონასწორობა და შემდეგ იყენებთ ტექნიკას მის დასამარცხებლად.

ო-სენსეი: აიკიდოში აბსოლუტურად გამორიცხულია შეტევა. შეტევა ნიშნავს, რომ სული უკვე დამარცხდა. ჩვენ ვიყენებთ აბსოლუტური "არა-წინააღმდეგობის" პრინციპს. სხვაგვარად რომ ითქვას, ჩვენ არ ვუპირისპირდებით შემტევს. ამიტომაც, აიკიდოში არ არსებობს მეტოქე. აიკიდოში გამარჯვებაა მასაკაცუ (ნამდვილი გამარჯვება) და აგაცუ (საკუთარ თავზე გამარჯვება), როდესაც შენ ყველაფერზე ზეციური მისიის თანახმად იმარჯვებ, მაშინ ფლობ აბსოლუტურ ძალას.

ჟ: ნიშნავს თუ არა თქვენი ნათქვამი ო–ნო–სენს (ტერმინი, რომელიც შეტევაზე დაგვიანებულ პასუხს, რეაქციას აღნიშნავს)?

ო-სენსეი: არანაირად. ეს არ არის სენსენ ნო სენისა თუ ო ნო სენის საკითხი. თუ ვეცდებით ამის ახსნას, გამოვა რომ, თქვენ ოპონენტს მასზე კონტროლის მცდელობის გარეშე აკონტროლებთ. ეს არის მუდმივი გამარჯვების მდგომარეობა. აქ არ დგას საკითხი მეტოქისთან დამარცხებისა თუ მასზე გამარჯვების შესახებ. ეს შეგრძნებაა. აიკიდოში მეტოქე არ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც მეტოქე გყავთ იგი თქვენი ნაწილი ხდება, იგი უფრო პარტნიორია, რომელსაც მხოლოდ აკონტროლებთ.

ჟ: რამდენი ტექნიკის სახეობა არსებობს აიკიდოში?

ო-სენსეი: საბაზო ტექნიკა დაახლოებით 3 000 საბაზო ტექნიკურ ილეთს მოიცავს, თითოეულ მათგანს 16 ვარიაცია აქვს.....სულ რამდენიმე ათეულ ათასამდე ილეთი გამოდის, სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ახალ-ახალი ვარიანტების შექმნა.

ჟ: როდის დაიწყეთ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა?

ო-სენსეი: დაახლოებით 14-15 წლის ასაკში. პირველად ტენშინ-რიუ ჯიუ-ჯუცუ ვისწავლე ტოკუსაბურო ტოძავა  სენსეისთან, შემდეგ კიტო-რიუ, იაგიუ-რიუ, აიოი-რიუ, შინკაგე-რიუ. სულ ყველა ჯიუ-ჯუცუს ფორმებია. მე ჩემი თავი ჰოზოინ-რიუ სოჯუცუში (შუბით ბრძოლის სკოლა) და კენდოშიც (ხმლის სკოლა) ვცადე, მაგრამ ყველა ჩამოთვლილი ხელოვნება ერთი-ერთზე შერკინებას გულისხმობს, რაც არ მაკმაყოფილებდა. მე ქვეყნის მრავალი ადგილი მოვიარე გზის ძიებაში, ვარჯიშში, მაგრამ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ვერ მივიღე...

ჟ: ეს მებრძოლის ასკეტური ვარჯიშისა და ძიების გზა  იყო?

ო-სენსეი: დიახ, ეს ნამდვილი ბუდოს ძებნის პერიოდი იყო. როდესაც მე რომელიმე საბრძოლო სკოლაში ვიწყებდი სიარულს, არასოდეს ვეჯიბრებოდი მასწავლებელს - სენსეის. ადამიანი, რომელიც დოძოზე აგებს პასუხს, იმდენადაა დატვირთული სხვადასხვა საქმეებით, რომ მისთვის ძნელიც კია ყოველთვის და მუდმივად ერთი ხარისხით აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები. მე ყოველთვის პატივს მივაგებდი მასწავლებლებს და ვსწავლობდი მათგან. თუ მე ვთვლიდი, რომ მასწავლებელზე მეტი შემეძლო, მე პატივს მივაგებდი მას და სახლში ვბრუნდებოდი.

ჟ: თქვენ მაშინ აიკიდოს არ სწავლობდით, როდის იშვა აიკიდო?

ო-სენსეი: როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ბევრი ადგილი მოვიარე ნამდვილი ბუდოს ძებნაში...30 წლის ასაკში კუნძულ ჰოკკაიდოზე დავსახლდი. ერთ მშვენიერ დღეს, ჰისადას სასტუმროში ყოფნისას, ტაკედა სოკაკუ სენსეის, აიძუს ტაკედათა შთამომავალს შევხვდი, იგი დაიტო-რიუ ჯიუ-ჯუცუს მასწავლებელი იყო. ტაკედასთან ოცდაათდღიანი ვარჯიშის შემდეგ მე ძლიერი აღტაცება დამეუფლა. მოგვიანებით, ეს მასწავლებელი ჩემთან დავპატიჟე და მე და ჩემმა 15-16 მოწაფემ, ერთად ვისწავლეთ მისგან ტაკედას გვარის ხელოვნება. ეს ბუდოს სულის სწავლება, არსის ძიება იყო.

ჟ: აიკიდო იშვა ტაკედასთან დაიტო-რიუს სწავლის შედეგად?

ო-სენსეი: არა. უფრო კორექტული იქნება თუ ვიტყვი, რომ ტაკედა სენსეიმ მე თვალი ამიხილა და მაჩვენა, რა არის ნამდვილი ბუდო.

ჟ: რაიმე განსაკუთრებული მოვლენა თუ უძღოდა წინ თქვენ მიერ აიკიდოს შექმნას?

ო-სენსეი: დიახ. ეს ასე მოხდა: 1918 წელს, მამაჩემი მძიმედ დაავადდა. მე წასვლის ნებართვა ვთხოვე ტაკედა სენსეის და ჩემი მეურნეობა მას დავუტოვე. სახლისკენ მიმავალმა შევიარე ქ. აიაბეში, კიოტოს მახლობლად და მამაჩემისათვის, მისი განკურნებისათვის ვილოცე, ამ დროს მე  შევხვდი ონისაბურო დეგუჩის, (ონი–სანს, როგროც მას ხშირად მიხსენიებენ). მოგვიანებით სახლში ჩავედი, და სამწუხაროდ მამაჩემს ცოცხალს ვეღარ ჩავუსწარი.  მიუხედავად იმისა, რომ დეგუჩი ონისაბუროს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, გადავწყვიტე აიაბეში გადავსულიყავი ოჯახით, სადაც ტაიშოს პერიოდის (1925 წ.) ბოლომდე დავრჩი. დიახ...იმ დროს მე დაახლოებით 40 წლისა ვიყავი. ერთ დღეს, ჭასთან ვიდექი და ტანს ვიმშრალებდი. უცბად დავინახე, რომ ციდან უთვალავი მბრწყინავი ბურთი ჩამოეშვა და ჩემს ტანს შემოეხვია. ჩემი სხეული უზომოდ გაიზარდა და, ბოლოს მთელი სამყარო შეავსო. ამ უცნაურ მდგომარეობაში მყოფს ერთი აზრი მიტიალებდა თავში: "... არავინ არ უნდა იფიქროს გამარჯვებაზე, ბუდოს ჭეშმარიტი ფორმა მხოლოდ სიყვარული შეიძლება იყოს, ადამიანმა სიყვარულით უნდა იცხოვროს. ეს არის აიკიდო და იგი ძველი კენ-ჯიუცუს ფორმაა ... ", ამის შემდეგ სიხარულმა შემიპყრო და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.

ჟ: მაშინ უნდა ითქვას, რომ არ არის აუცილებელი ძლიერი იყო. ძველ დროს კი "ძენისა" და "კენის (ხმლის)" გაერთიანებას ასწავლიდნენ. მართლაც ძნელია ბუდოს არსში ჩაწვდომა გონების "დაცარიელების" (იგულისხმება სატორი) გარეშე. ასეთ შემთხვევაში ავი და კარგი მნიშვნელობას კარგავს.

ო-სენსეი: როგორც ზემოთ ვახსენე, ბუდოს არსი მასაკაცუ და აგაცუა.

ჟ: ო-სენსეი, მოსმენილი მაქვს ისტორია შერკინებაზე, სადაც 150 კაცთან მოგიწიათ ბრძოლა.

ო-სენსეი: მე მომიწია? მახსენდება ერთი...დეგუჩი სენსეისთან ერთად 1924 წელს, მინღოლეთში მოგზაურობისას, რომლის მიზანი დიდი აზიური საზოგადოების შექმნა იყო ეროვნული პოლიტიკის გათვალისწინებით. მე მის გვერდზე ვიმყოფებოდი. ჩვენ მოვიარეთ მონღოლეთი და მანჯურია. ერთხელ მანჯურიაში გადავეყარეთ შეიარაღებული ყაჩაღების ბანდას, რომლებმაც შემოგვიტიეს. მე მათ საპასუხო სროლა გავუხსენი, მათ მასაში შევიჭერი და სასტიკად შევუტიე. ამან გაჭრა, ისინი მიმოიფანტნენ და ჩვენ ხიფათს გადავურჩით.

ჟ: როგორც ვიცით თქვენ მრავალმხრივი კავშირები გქონდათ მანჯურიასთან, დიდი ხანი გაგიტარებიათ იქ.

ო-სენსეი: ამ ინციდენტის შემდეგ მე ბევრჯერ გახლდით მანჯურიაში. ვიყავი საბრძოლო ინსტრუქტორი შიმბუდენის ორგანიზაციაში, კენკიოკუს უნივერსიტეტში მონღოლეთში. ამ მიზეზების გამო მე იქ ძალიან კარგად მიღებდნენ.

ჟ: აშიჰეი ჰინომ გამოაქვეყნა მოთხრობა სახელად "ოძა ნო ზა", რომელშიც იგი აღწერს ტენრიუ საბუროს, სუმოს სამყაროს აჯანყებული წარმომადგენლის, ახალგაზრდობის პერიოდს. ამ მოთხრობაში ავტორი ჰყვება საბუროს კავშირზე აიკიდოსთან და აიკიდოს სულზე. სენსეი, გქონიათ  თუ არა შეხვედრები და კავშირი ამ კაცთან?

ო-სენსეი: დიახ, ეს იყო მანჯურიაში, როდესაც იგი სამი თვე ცხოვრობდა ჩემს სახლში. მას მე მანჯურიაში იაპონური მთავრობის დაფუძნების  10-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე შევხვდი. ტენრიუ საბურო ახალგაზრდა სიმპათიური კაცი იყო, რომელზეც ბევრს საუბრობდნენ. ყველა აღნიშნავდა მის შეუდარებელ ძალას. მე მკითხეს, ხომ არ შევეჯიბრებოდი მას, ხომ არ გამოვცდიდი ჩემს შესაძლებლობებს ამ უძლიერეს სუმოისტთან ორთაბრძოლაში. მე საბუროსთან წარმადგინეს და ჩვენ შევთანხმდით, რომ შევეჯიბრებოდით ერთმანეთს. მე დავჯექი და საბუროს ვუთხარი "სცადეთ, წონასწორობიდან გამომიყვანეთ-მეთქი". თანაც ვთხოვე, მთელი ძალით მომწოლოდა. აიკიდოს საიდუმლოების გამო, რომელსაც მე ვფლობდი, მისი არაერთი მცდელობა, დავეძარი ადგილიდან, უშედეგოდ დასრულდა. საბურო ძალიან გაკვირვებული იყო. ამის შემდეგ მან ჩემთან დაიწყო მეცადინეობა. ძალიან კარგი კაცი იყო.

ჟ: სენსეი, მოგვიყევით თქვენს კავშირზე იაპონიის საზღვაო ძალებთან.

ო-სენსეი: საკმაოდ დიდი ხანი, დაწყებული 1927 ან 1928 წლიდან, მე გახლდით საზღვაო აკადემიის უშტატო პროფესორი.

ჟ: იმ დროს თქვენ ჯარისკაცებს ასწავლიდით?

ო-სენსეი: საერთოდ მე ხშირად მიწევდა სამხედროებთან მუშაობა, ეს თანამშრომლობა საზღვაო აკდემიაში დაიწყო. მოგვიანებით, 1933 წელს, გავხსენი საბრძოლო კლასები არმიის ტოიამას სკოლაში. 1941-1942 წლებში  აიკიდოს ვასწავლიდი სამხედრო პოლიციის აკადემიაში. გარდა ამისა ამავე პერიოდში, დემონსტრაცია ჩავატარე არმიის სუპერინტენდანტის, გენერალ ტოშიე მაედას მიწვევით.

ჟ: ჯარისკაცების სწავლებისას თუ იყო რაიმე საინტერესო ეპიზოდები ძალის გამოცდასთან დაკავშირებით?

ო-სენსეი: კი, იყო ერთი ასეთი შემთხვევა, დაკავშირებული სამხედრო პოლიციის ჯარისკაცებთან, რომელთაც ჩემი ძალის გამოცდა გადაწყვიტეს. ერთ საღამოს პოლიციის აკადემიის ეზოში გავისეირნე. ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა და მარტო არ ვიყავი. უცბად ყველა მიმართულებიდან შემომიტიეს ჯარისკაცებმა და თავიანთი სასწავლო ხმლებით დამიწყეს ცემა. ჩემთვის ეს ჩვეული სავარჯიშო სიტუაცია იყო და დავიწყე მოძრაობა, სხეულს ხან იქით ვხრიდი, ხან - აქეთ, და უმეტეს შეტევებს ვიგერიებდი. დარყმებს ვიცილებდი, თან ვუტევდი, ისე რომ რაც შეიძლება მეტი გამომეთიშა შეტევიდან. საბოლოოდ ყველა მათგანი დაიღალა, დაშავდა ჩემი საპასუხო დარტყმებისაგან და მომხდურთა შეტევაც შეწყდა. ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მე უკვე ვაკაიამას პრეფექტურაში სამხედრო პოლიციის შტაბში ვმუშაობდი. ერთმა ოფიცერმა მიცნო და ჩემთან მოვიდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ იგი ერთ-ერთი მომხდურთაგანი იყო. მან მომიბოდიშა და მითხრა: "ძალიან ვწუხვარ იმ ინციდენტის გამო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა. იმ დღეს ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობდით აიკიდოს ახალი მასწავლებლის (ო-სენსეის, ბ.ჩ.) შესაძლებლობებზე და ჩვენი ახალგაზრდული სიფიცხით და სისულელით, გადავწყვიტეთ რეალურად გამოგვეცადა თქვენი ძალა. როგორც გახსოვთ, მაშინ 30 კაცი დავმარცხდით თქვენთან. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ოცდაათი ახალგაზრდა, ამბიციური პოლიციელისათვის, რომელთაც ვერაფერი შეძლეს თქვენი ხელოვნების წინააღმდეგ".

ჟ: გქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევები ტოიამას სკოლაში მუშაობისას?

ო-სენსეი: გულისხმობთ ძალის გამოცდას? დიახ, ერთი ასეთი შემთხვევა იყო... ვფიქრობ, პოლიციელებთან აღწერილ ეპიზოდამდე. ერთ დღეს, რამდენიმე კაპიტანმა, რომლებიც, თავის მხრივ ინსტრუქტორებად მუშაობდნენ ტოიამას სკოლაში, შემომთავაზეს ძალა გამომეცადა მათ წინააღმდეგ. მათი საუბრებით გავიგე, რომ მათ შეეძლოთ გაეტეხათ ხის ფიცრები, აეწიათ გარკვეული სიმძიმე და სხვა. მე მათ ვუთხარი: "შეიძლება მე არ მაქვს თქვენნაირი ძალა, მაგრამ შემიძლია ძირს დაგცეთ მხოლოდ ერთი თითის გამოყენებით. ბოდიშს მოგიხდით, თუ ეს ასე მოხდება-მეთქი." მარჯვენა ხელი გავშალე, საჩვენებელი თითი მერხს მივადე და შევთავაზე მუცლით გაწოლილიყვნენ ჩემს ხელზე. ჯერ ერთი, მერე ორი, სამი ოფიცერი დამაწვა ხელზე. ყველას გაუკვირდა, შეჯიბრის ბოლოს ხელზე ექვსი ოფიცერი მეწვინა. გვერდზე მყოფ ოფიცერს ვთხოვე ჩემთვის წყალი მოეწოდებინა. დავლიე წყალი, ხოლო ექვსი კაცი ისევ ჩემს ხელზე იწვა. ამ დემონსტრაციამ ძალიან იმოქმედა მათზე და ყველანი გაკვირვებულებიი დარჩნენ.

ჟ: აიკიდოს გარდა, გამოდის, თქვენ სასწაულებრივი ძალაც გქონიათ.

ო-სენსეი: არა, მე ასე არ ვიტყოდი.

უეშიბა კიშომარუ (ო–სენსეის ვაჟი): რა თქმა უნდა, მამაჩემს დიდი ძალა აქვს, მაგრამ აღწერისათვის სჯობს ვთქვათ, რომ ეს "კი"-ს ძალა უფროა ვიდრე ფიზიკური ღონე. მახსოვს, ერთხელ სოფელში ახალი სახლის მშენებლობისას, ჩვენ დავინახეთ, რომ შვიდი კაცი ეჯაჯგურებოდა ხის ძალიან დიდ ვარჯს და მის აწევას ცდილობდა. მამაჩემმა ცოტა ხანს უყურა და უთხრა მათ გვერდზე გასულიყვნენ, რათა მას ეცადა აწევა. მან ეს უზარმაზარი ხე მარტომ ასწია და სხვა ადგილას გადაიტანა. მხოლოდ ფიზიკური ძალით ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია...
(გამოტოვებულია რამდენიმე აბზაცი, ბ.ჩ.)

ჟ: რომელ ასაკში სჯობს აიკიდოში ვარჯიშის დაწყება?

უეშიბა კიშომარუ: შეიძლება 7-8 წლის ასაკიდან, მაგრამ სერიოზული ვარჯიშის დაწყება იდეალურია 15-16 წლის ასაკიდან. თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე ვილაპარაკებთ, ამ ასაკში სხეული და ძვლები უკვე ჩამოყალიბებულია. გარდა ამისა, აიკიდო ბევრ სულიერ ასპექტს შეიცავს (ისევს როგორც ბუდოს სხვა სახეობები), რომლებიც ადამიანისათვის უფრო გასაგები ამ ასაკში ხდება. საზოგადოდ, ვფიქრობ, 15 ან 16 წლის ასაკი კარგი ასაკია აიკიდოში ვარჯიშის დასაწყებად.

ჟ: თუ ძიუ-დოს შევადარებთ, აიკიდოში იშვიათია არის ძლიერი ჩაჭიდება მეტოქეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, დიდი ფიზიკური ძალა აიკიდოში არ იხარჯება. ამავე დროს, აიკიდოკას შეუძლია რამდენიმე მეტოქის გაუმკლავდეს. ეს მართლაც იდეალური ბუდოა. ამ კუთხით, ალბათ ბევრია "უხეში" ტიპიც, რომელიც აიკიდოს სასწავლად მოდის?

უეშიბა კიშომარუ: რა თქმა უნდა, ასეთი ტიპებიც მოდიან სამეცადინოდ, მაგრამ როცა ასეთი ადამიანი მოდის აიკიდოს ბრძოლაში გამოყენების მიზნით, როგორც წესი, დიდ ხანს ვერ ჩერდება. ბუდო არ ჰგავს ცეკვას ან ტელევიზორის ყურებას. აიკიდოში წინსვლისათვის, წვიმაში თუ კარგ ამინდში, უნდა ისწავლო და ივარჯიშო. კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ აიკიდო ბუდოს ფორმაში მოქცეული სულიერი ვარჯიშია. იგი არასოდეს გახდება ბრძოლისათვის გამოსაყენებელი იარაღი. ამავე დროს, ძალიან ხშირად, ძალადობისაკენ მიდრეკილი ადამიანები, იცვლებიან აიკიდოს სწავლისას.

ჟ: გასაგებია... მუდმივი ვარჯიშის პირობებში ისინი აღარ იქცევიან "უხეში" ბიჭებივით.

ო-სენსეი: აიკიდო არ არის ძალადობისაკენ მიმართული ბუ (საბრძოლო მეთოდი) და უფრო სიყვარულისა და მშვიდობის ხელოვნებაა (ორიგინალი არ გვაძლევს სხვაგვარი თარგმანის შესაძლებლობას, ეს უეშიბა მორიჰეის სიტყვებია, ბ.ჩ.), რომელიც არ იძლევა ძალადობრივად ქცევის საშუალებას. თქვენ მოძალადე ოპონენტს  რბილად "უსწორდებით". მათ აღარ შეუძლიათ უხეშად მოიქცნენ.

ჟ: გასაგებია, ეს არის არა ძალადობის კონტროლი ძალადობით, არამედ, ძალადობის ტრანსფორმაცია სიკეთეში. რას ასწავლით პირველად აიკიდოში, როგორც ბაზისს? ძიუ-დოში პირველად უკემი (დაცემის წესი) ისწავლება...

უეშიბა კიშომარუ: პირველად სხეულის მოძრაობას - "ტაი საბაკის" ვასწავლით, შემდეგ "კი"-ს ნაკადებს....

ჟ: რა არის "კი"-ს ნაკადი?

უეშიბა კიშომარუ: აიკიდოში ჩვენ მუდმივად ვასწავლით პარტნიორის "კი"-ს კონტროლს ჩვენი საკუთარი "კი"-ს მოძრაობასთან ერთად. პარტნიორი "ჩართული" უნდა იყოს ჩვენს მოძრაობებში. შემდეგ, ვასწავლით იმას, თუ როგორ ვაბრუნოთ ჩვენი სხეული. ჩვენ ვაბრუნებთ არა მარტო ტორსს (ტანს), არამედ ხელებსა და ფეხებს ტორსთან ერთად. ამის შემდეგ მთელი სხეული ერთიანი ხდება და რბილად მოძრაობს.

ჟ: აიკიდოს ვარჯიშის ყურებისას ჩანს, რომ სტუდენტები ბუნებრივად ეცემიან. რა ვარჯიშებს იყენებთ უკემისათვის (დაცემისათვის)?

უეშიბა კიშომარუ: ძიუ-დოსგან განსხვავებით, როდესაც ჩაჭიდებული ხარ ოპონენტთან, აიკიდოში მუდმივად ინარჩუნებ რაღაც დისტანციას. აქედან გამომდინარე, აიკიდოში უკემის უფრო თავისუფალი ფორმები გამოიყენება. იმის მაგივრად, რომ კუნძივით დაეცე, როგორც ეს ძიუ-დოში ხდება, ჩვენ წრიულ დაცემებს, უკემის უფრო ბუნებრივ ფორმას ვიყენებთ. ასე რომ ჩვენ ამ ოთხ ელემენტს ძალიან მონდომებით ვასწავლით.

ჟ: გამოდის, რომ თქვენ ტაი ნო საბაკის (სხეულის მოძრაობას), კი ნო ნაგარეს ("კი"-ს ნაკადს) და უკემის (დაცემას) ასწავლით და შემდეგ იწყებთ ტექნიკის სწავლებას. ტექნიკის რომელ სახეობას ასწავლით დასაწყისში?

უეშიბა კიშომარუ: შიჰონაგეს, ანუ მეტოქის სხვადასხვა მიმართულებით დაგდების ტექნიკას. ეს ისწავლება ისევე, როგორც ხმლის ტექნიკა. რა თქმა უნდა, ვიყენებთ ბოკკენსაც (ხის ხმალს). როგორც ადრე მოგახსენეთ, აიკიდოში მოწინააღმდეგე თქვენივე მოძრაობის ნაწილი ხდება. მე შემიძლია მეტოქე თავისუფლად, ნებისმიერი მიმართულებით ვამოძრავო. სწორედ ამიტომ, როდესაც იარაღით მოძრაობას სწავლობ, იგი შენი ნაწილი ხდება, ფეხის ან ხელის მსგავსად. ამიტომაც, აიკიდოში ის რაც ხელში გიჭირავს, აღარ არის გარეშე საგანი ან ობიექტი, იგი შენი სხეულის გაგრძელებად აღიქმება.

სწავლების მეორე საფეხურია ირიმინაგე, ანუ შესვლა მაშინ, როდესაც მეტოქე დარტყმას აპირებს. მაგალითად, მოწინააღმდეგე გირტყამთ გვერდულად სახეში, მუშტით ან ხელი-ხმლით (ტე-გატანა). თქვენ ხელებით აგრძელებინებთ მოძრაობას მისივე ვექტორით და მისივე იმპულსის გამოყენებით, ხოლო თქვენი ტანის მარცხენა მხარეს უხსნით მას, ისე რომ, მოქმედება თქვენ წინ ხდება. გიჭირავთ მეტოქის ხელები და წრიულად ამოძრავებთ მათ თავის გარშემო. იგი ეცემა თავისივე გარს შემოხვეული ხელებით... ესეც "კი"-ს ნაკადია... ამის შესახებ ბევრი ძნელად გასაგები თეორია არსებობს. შედეგი კი ის არის, რომ მეტოქე აბსოლუტურად ძალაგამოცლილი რჩება, მისი იმპულსები გახარჯულია და თქვენ მისი მიმართვა ნებისმიერი სასურველი (მომგებიანი) მიმართულებით შეგიძლიათ. რაც უფრო მეტ ძალას ახმარს მეტოქე თქვენთან შერკინებას, მით უფრო ადვილია თქვენთვის მისი მართვა. სხვამხრივ, თქვენ თუ პირდაპირ შეეჯახებით მეტოქის ძალის ვექტორს, თქვენ ვერასოდეს მოუგებთ ფიზიკურად ძლიერ მოწინააღმდეგეს.

ო-სენსეი: დავამატებ, აიკიდოში არასოდეს მიდიხარ შემტევის ძალის წინააღმდეგ. როდესაც მეტოქე გიტევთ ხმლით, ატარებს ჭრით ან ჩხვლეტით მოძრაობას, ეს მოძრაობა ყოველთვის ერთ კონკრეტული ხაზს ან  წერტილს მოიცავს. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოერიდოთ ამ წერტილს ან ხაზს.

უეშიბა კიშომარუ: მომდევნო, რასაც ჩვენ ვასწავლით, არის ჯდომში შესრულებული იკკიო (პირველი პრინციპი, კონტროლი - უპირატესობის მოპოვება პირველივე მომენტიდან) შომენუჩის (პირდაპირი დარტყმა ხელი-ხმლით შუბლში) შეტევიდან. შემდეგ ნიკიო (მეორე კონტროლი), შემდეგ მაჯებისა და სახსრების კონტროლის ტექნიკა, გდების სხვადასხვა ტექნიკა და ა.შ....

ჟ: აიკიდო ბევრ სულიერ ელემენტს მოიცავს. რამდენი ხანი სჭირდება აიკიდოს საბაზო ელემენტებისა და მისი ძირითადი არსის გაგებას სულ თავიდან თუ დაიწყებს კაცი?

უეშიბა კიშომარუ: იმის გამო, რომ არსებობენ კარგად და ცუდად კოორდინირებული ადამიანები, ძნელია მიახლოებითი დროის განსაზღვრა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს აიკიდოში სამი თვე, უკვე ითავისებს აიკიდოს ძირითად ელემენტებს, შემდეგ მან ექვს თვემდე უნდა გაზარდოს ვარჯიშის პერიოდი, თუ ამ 6 თვესაც ვარჯიშში გაატარებთ, მაშინ შეიძლება გააგრძელოთ უსასრულოდ, დახელოვნებამდე. ისინი, ვინც არ არის მზად, როგორც წესი, სამ თვეზე ადრე ანებებენ თავს.

ჟ: როგორც ვიცი, ამ თვეში, 28-ში დაგეგმილი გაქვთ შავი ქამრის კანდიდატთა გამოცდები, შავი ქამრის რამდენი მატერებელია დღეისათვის?

უეშიბა კიშომარუ: უმაღლესი წოდება დღეისათვის 8-ე დანია, რომელიც ოთხ ოსტატს აქვს მინიჭებული. მე-7 დანი ექვს კაცს აქვს, 1-ლი დანის მფლობელები საკმაოდ ბევრნი არიან, თუმცა ეს იმათი რაოდენობაა, ვისაც ჰომბუ დოძოსთან (აიკიდოს მსოფლიო ცენტრი) ჰქონდა ურთიერთობა ომის შემდეგ.

ჟ: როგორც ვიცი, ძალინ ბევრი სწავლობს აიკიდოს უცხოეთშიც.

უეშიბა კიშომარუ: ბატონმა ტოჰეიმ (კოიჩი ტოჰეი სენსეი, ბ.ჩ.) იმოგზაურა ჰავაის კუძულებზე და აშშ-ში აიკიდოს სწავლების მისიით. ყველაზე მეტი მიმდევარი აიკიდოს დღეს ჰავაიზე ჰყავს, 1200-1300 კაცი. ტოკიოში ეს ციფრი 70 000-80 000-ს აღწევს, შავი ქამრის რამდენიმე მფლობელი არის საფრანგეთში....
(გამოტოვებულია რამდენიმე აბზაცი, ბ.ჩ.)

ჟ: რას გვეტყვით აიკიდოს ტექნიკის ინტერპრეტაციაზე?

ო-სენსეი: უმთავრესი წერტილები მოიცავს, მასაკაცუს - სწორ გამარჯვებას, აგაცუს - გამარჯვებას ზეციური მისიის თანახმად და კაცუჰაიაის, რაც ნიშნავს გონების მდგომარეობას, მიმართულს სწრაფი გამარჯვებისაკენ.

ჟ: გზა საკმაოდ გრძელია, არა?

ო-სენსეი: აიკის გზა უსასრულოა. მე 76 წლის გახლავართ, მაგრამ მე კვლავ ვაგრძელებ ძიებას. ბუდოს გზა არ არის ადვილი არჩევანი. აიკიდოში უნდა ჩასწვდე სამყაროს ყველა მოვლენას.... ეს არის ვარჯიში მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჟ: ასე გამოდის, რომ აიკი არის კამის (ღმერთის) სწავლება, ისევე როგორც საბრძოლო გზა. მაშ რაღა არის აიკიდოს სული?

ო-სენსეი: აიკიდოს სული არის აი (სიყვარული). შენ იღებ ამ უდიდეს სიყვარულს სამყაროსადმი და უთმობ მას ადგილს გულში, ხდები პასუხისმგებელი შენს საკუთარ მისიაზე, დაიცვა ეს სიყვარული. მისიის შესასრულებლად  ნამდვილი ბუდოა საჭირო. ნამდვილი ბუდო ნიშნავს აჯობო საკუთარ თავს და გააუვნებელყო მოწინააღმდეგის მებრძოლი სული... ეს არის აბსოლუტური თვითდახვეწის გზა, რომელზეც ყველა მოწინააღმდეგე უნდა გააქრო. აიკის ტექნიკა ასკეტური ვარჯიშის ტექნიკაა და გზაა, რომლის მეშვეობითა და ზეცისმიერი დავალების რეალიზაციით სხეულისა და გონების უნიფიკაციის მდგომარეობას აღწევ.

ჟ: აიკი არის გზა მსოფლიო მშვიდობისაკენ?

აიკის საბოლოო მიზანია ზეცის დამყარება დედამიწაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მთელი მსოფლიო ჰარმონიაში უნდა იყოს. ამის შემდეგ აღარ იქნება ატომური და წყალბადის ბომბების საჭიროება. ეს იქნება კომფორტული და კეთილი მსოფლიო.
(დასასრული)

ინგლისურიდან თარგმანი შესრულებულია "ბევრჯერ ჩამოსულის" მიერ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები