ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
5 დეკემბერი, 2009


დეკემბრის ახალი წელი

დეკემბრის ახალი წელი



შემოდგომა მიილია. დაზამთრდა. დეკემბერი დადგა  თუ არა, პირველივე დღიდან აფუსფუსდა. “მალე ახალი წელი დადგება. შემოდგომამ ხალხი სულ გააზარმაცა. ახალ წელს შეხვედრა არ უნდა?” - ფიქრობდა დეკემბერი და ადამიანებს მოსვენებას არ აძლევდა.  ახალ წლამდე ჯერ კიდევ შორი იყო,  დედები კი უკვე სადღესასწაულო სუფრაზე ფიქრობდნენ. მამები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდ ნაძვის ხეს მიიტანდა სახლში. Pპატარები კი, ირინასა და კაკუჩას ჩათვლით, იმ საჩუქრებზე ოცნებობდნენ, თოვლის ბაბუას რომ უნდა მოეტანა.
დაჰქროდა დეკემბერი ცივ ქართან ერთად სახლიდან სახლში და ოჯახის წევრებს რიგრიგობით ყურში ჩასჩურჩულებდა: “ახალი წელი მოდის, სათანადოდ შეეგებეთ, თავი არ შეირცხვინოთო”.
დეკემბერს თვითონაც პატარა ბავშვივით უხაროდა ახალი წლის დადგომა. იმას კი არ ფიქრობდა, რომ ეს დღე მისთვის უკანასკნელი იქნებოდა.
დაჰქროდა ასე ქუჩა-ქუჩა. ხან ვის აედევნებოდა და ხან ვის. ზოგს საჩუქრების მაღაზიისაკენ უბიძგებდა, ზოგს ბაზრისაკენ. არავინ ავიწყდებოდა. შვილებს დედ-მამისათვის საჩუქრის ყიდვას ახსენებდა, შვილიშვილებს - ბებია-ბაბუისათვის და პირიქით.
თოვლი და ყინვა ვიღას ახსოვდა. სიცივით კი ციოდა, მაგრამ ეს სიცივე ნოემბრიდან გამოყოლილი და იანვრიდან ნასესხები იყო.
- დეკემბერო, რას აკეთებ? მარტივით ჩიტირეკია ხომ არ ხარ! ახალი წელი დგება, შენ კი ერთი ფანტელი არ ჩამოგიგდია ციდან. - მოესმა დეკემბერს ბრაზნარევი ხმა.
- მამა-ზამთარო, ვერ მოვიცალე. ყველანი ახალი წლისათვის ვემზადებით.
- შენც ემზადები? - გაიკვირვა მამა-ზამთარმა.
- ჰო, ეს ჩემი პირველი ახალი წელი იქნება. მინდა ვნახო როგორ სვავენ შამპანურით ახალი წლის სადღეგრძელოს. მეც ხომ შეიძლება ცოტა შამპანური გავსინჯო? შემდეგ ვიცეკვებთ. Bბოლოს კი საჩუქრები დარიგდება. ეჰ, ნეტა მეც ვინმე მაჩუქებდეს საჩუქარს.
- დეკემბერო, რას ლაპარაკობ. შენ საერთოდ ვერ შეხვდები ახალ წელს 31-ში, ღამის 12 საათზე შენ აღარ იქნები.
- რა, მოვკვდები?
- რამდენი სისულელე გისწავლია ადამიანებისაგან. ასე მოგივა ყველას რომ ეტორღიალები.
სულელო, კი არ მოკვდები სხვაგან წახვალ, სადაც დეკემბერი  ჯერ არ დამდგარა. მერე  ისევ სხვაგან და ასე შემდეგ.
- მე რა მაწანწალა ვარ? სხვაგან არ მინდა, აქაურობა მომწონს. აქ კარგი ხალხი ცხოვრობს, მეგობრებიც გავიჩინე.
-მეგობრები?
- დიახ, ჩვენ ვართ მისი მეგობრები. - გაისმა გოგონას ზარივით წკრიალა ხმა. მამა-ზამთარმა მოიხედა და პატარა გოგო-ბიჭი დაინახა, რომლებიც თითქოს თვალებით ეუბნებოდნენ: “აბა გაბედე და უარი უთხარი დეკემბერსო”.
- თქვენ რა გქვიათ? - ხმაში სითბო გამოერია ზამთარს.
- ირინა.
- კაკუჩა. - უპასუხეს ერთხმად.
- მამა ზამთარო, დარჩეს ცოტა ხანი ჩვენთან, ღამე ახალი წელი მობრძანდება. შევხვდებით, საჩუქრებს მივიღებთ, ჩვენსასაც დავარიგებთ და დავიშლებით.
- არა, ჩემო მზეთუნახავო არ შეიძლება.  დეკემბერს თავისი ადგილი აქვს,, იანვარს კი თავისი. დეკემბერი თუ არ წავიდა, იანვარი ვერ შემოაბიჯებს. გზა და სავარძელი უნდა გაუთავისუფლდეს. - ამ დროს კაკუჩა სადღაც გაუჩინარდა, ირინამ კი მამა-ზამთარს კითხვით მიმართა:
- სავარძელი?
- ჰო, იანვარი მომავალი თვის მეფეა.
- მეფე? და დეკემბერი რატომ არ არის მეფე? - ცოტა არ იყოს ეწყინა ირინას.
- დეკემბერი დეკემბერშია მეფე, იანვარი იანვარში, შემდეგ თებერვლის მეფობის დრო დგება და ასე რიგრიგობით მეფობენ. ახლა კი ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე : 31 დეკემბერს მეფის სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს. დეკემბერმა თორმეტ საათამდე უნდა დატოვოს აქაურობა, თორემ ყველაფერი აირევა და ახალი წელი საერთოდ არ დადგება. - დაამთავრა ლაპარაკი მამა-ზამთარმა, ჯიბიდან თოვლის გუნდები ამოაცოცა, გოგონას ესროლა. - აჰა, ამით მაინც იგუნდავე. - გადაიხარხარა და გაუჩინარდა
იდგა დეკემბერი ყურებჩამოყრილი და წუწუნებდა:
- ეჰ, მე ალბათ არასოდეს მეღირსება საახალწლო ზეიმში მონაწილეობა.
- ჩქარა, ჩქარა წამოდით. საცაა ახალი წელი მოვა. - ყვირილით მოირბინა კაკუჩამ. - დედიკო და მამიკო გველოდებიან.
სამივენი ბავშვების სახლისაკენ გაემართნენ.
- სადა ხართ აქამდე, ყველაფერი მზად გვაქვს. ხალი წელი წუთი-წუთზე შემოაბიჯებს. - კარებში დახვდათ ბავშვების მამა.
- განა ჯერ ადრე არ არის? - იკითხა გაოცებულმა დეკემბერმა. - სასტუმრო ოთახში შეაბიჯა და აღტაცებულმა შესძახა, - რა ლამაზი ყოფილა ახალი წელი.
ოთახში დიდი, ლამაზად მორთული ნაძვის ხე იდგა. ნათურები სხვსდასხვაფრად ციმციმებდნენ, თითქოს დეკემბერს თვალებს უპაჭუნებენო. ნაძვის ხის ქვეშ კი ლამაზად შეფუთული საჩუქრები ეწყო.
ირინას მამამ თოფს წამოავლო ხელი. - წავიდეთ, ახალ წელს მივესალმოთ. - ყველანი ეზოში გავიდნენ, თოფიდან თითოჯერ გაისროლეს და ოთახში შებრუნდნენ. მამამ შამპანური გახსნა და მაღალი ჭიქები შეავსო.
კედლის საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა.
- გილოცავთ ახალ წელს. – ღიმილით წარმოსთქვა ოჯახის უფროსმა.
- გილოცავთ, - ჩაიჩურჩულა დეკემბერმა და შამპანური მოსვა. - გემრიელია, - ჩაილაპარაკა და ჭიქა ბოლომდე დაცალა.
- ახლა საჩუქრები ვნახოთ, - წამოიძახა ირინამ და ყუთების გახსნას შეუდგა.
- ეს ჩემია, ეს შენი, - გაუწოდა კაკუჩას. - ეს დედიკოს, ეს მამიკოს. - ბოლოს ერთი კოლოფიღა დარჩა.
- გილოცავ ახალ წელს, - მიმართა ირინამ დეკემბერს და საჩუქარი მიაწოდა.
- ეს მე? საჩუქარი?  არასოდეს მიმიღია საჩუქრები. რა ლამაზია, - დასცქეროდა სახეგაცისკროვნებული დეკემბერი ლამაზ ქაღალდში შეფუთულ კოლოფს. - შეიძლება თან წავიღო? - ირინამ თავი დაუქნია. - წავალ ახლა მე. Dდროა. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. - შემდეგ მოსასხამი გადაიწია, ფართე ჯიბიდან პატარა ქოთანი ამოიღო და ირინას გაუწოდა. - ქოთანს არაჩვეულებრივი სილამაზის წითელი ყვავილები ამშვენებდა.
- ამ ყვავილს დეკემბერა ჰქვია, მხოლოდ დეკემბერში ყვავის. როდესაც დახედავ მე გაგახსენდები. - ჩაილაპარაკა დეკემბერმა და კარს იქით გაუჩინარდა.
- მამა, როგორ მოიფიქრე საათის გადაწევა?
- კაკუჩამ მთხოვა. დეკემბერი ვასიამოვნოთ, მიდის და ახალ წელს ვერ იზეიმებსო.
თვალებაცრემლებული ირინა იდგა ყვავილების ქოთნით ხელში, ფანჯარაში იცქირებოდა და ცარიელ ქუჩას უქნევდა ხელს.
კმაყოფილი და ამავე დროს სევდიანი დეკემბერი, ფართე გზას მიუყვებოდა. გულში საჩუქარი ჰქონდა ჩახუტებული.
შორიდან კი, ზარების რეკვისა და თოფის სროლის ხმა ისმოდა. ხალხი ახალ წელს ეგებებოდა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები