ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2010


იანვრის ორი

                        და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი:
                      დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ მფრინველს.
                        რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუა: მოდით, მოგროვდით
                                                                      ღმერთის დიდ სერობაზე.
                                                                 
                                                                    გამოცხადება იოანესი 19
                                                                                      იერ.12,9; ეზეკ. 39,17.



შეჩერდი, ანდრეი,
მეუბნება და ფეხის პატარა თითებით,
მკერდს შიგნით მიხვევს კულულებს.
ბილწი გრძნობაა ტერფების ბაგე,
ეს ხორბლის თავთავებით სავსე მინდორი.
ჩვენი სექსი ეპოქაა,
მომჭკნარი ყურძნის მტევნები.
აუხსნელი ჟინი ხედვის მანერით,
რომ ჩვენ ვართ ავად,
მაგრამ ამავდროს ვგრძნობთ ძაფებს,
ავტომობილების გამონაბოლქვის სუნით
გაჟღენთილ რეალურ ძაფებს
და სირცხვილი,
ყოველდღიური ცხოვრების გაუნათებელი მხარე,
არიდებს სახეს,
ჩვენი მუხლების ყავისფერ სიცილს.


ჩვენი სახლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, ორი მიტოვებული წისქვილია.

დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით,
რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გადმოდიოდა;
და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
ეს უჩვეულო ლიანდაგებია,
გარე-განათების მსუბუქი ძილი,
მისწრაფებაა მასობრივი გაერთიანების,
რომ ყრუებს ესიზმრებათ
ცისა და ხეების,
შენობებისა და ელექტროდების,
სინათლისა და მოულოდნელი დაცემის
სიმღერა.
რომ ჩვენ შეიძლება ყველანი ერთად ვიდგეთ
ოცდამეათე საუკუნის ღრმა ბუდეში
და ველოდოთ ქრისტეს,
შავკანიან, უთოვლო კლდეების მსგავს ქრისტეს
და მივიძინოთ,
საკუთარი ხელების ტყეში.

ჩვენი სახლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, არცერთი მიტოვებული წისქვილი არ არის.


დაახლოებით სამიოდე წლის წინ,
როდესაც მე და მამა ჰედბურგის მატარებელში ვისხედით,
უეცრად, თითქმის არსაიდან,
პატარა ზომის მწვანე კალია შემოხტა ვაგონში.
მამამ მკლავზე ხელი მსუბუქად მომიჭირა:
ფეხის ოდნავი წინ გაწევით გაჭყლიტა
პატარა მწვანე კალია,
და ჩვენ,
მთელი გზა ვუღიმოდით ერთმანეთს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები