ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ ე ო ნ ა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მარტი, 2010


მელოდია

გულმა გაიღვიძა, ძილისგან დამძიმებული თვალები გემრიელად მოისრისა და ფანჯარას გახედა. შუბლი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა _ ეჰ, ისევ მოღუბლული ამინდია...
ზლაზვნით წამოჯდა ლოგინში და ჩაცმა დაიწყო. განგებ თხლად ჩაიცვა _ იქნებ გავცივდე და სიყვარულის ვირუსი შემეყაროსო.
შემდეგ რადიო ჩართო და სიყვარულის ტალღაზე მომართა, მაგრამ ვერაფერი გაიგო შხრიალის გარდა _ მისი რადიო არ იჭერდა სიყვარულის ტალღას. გული დასწყდა ისე, როგორც გუშინ, გუშინწინ, გუშინწინისწინ....
მოულოდნელად რადიოს შხრიალში ნელ-ნელა გამოიკვეთა სასიამოვნო ხმა, ლამაზ მელოდიად რომ იღვრებოდა და ავსებდა გარშემო ყველაფერს. გულს გული  აევსო ამ მელოდიით, თითქოს სითბო იგრძნო, ოცნებამ ფრთები გაშალა და რამდენიმე წამში მოიარა ბედნიერება.
ნახევარი საათიც არ იყო გასული რომ უკვე ნაცრისფერ ქუჩას მიუყვებოდა გული, ქუჩას, რომელიც ღრმა და უინტერესო ყოველდღიურობისაკენ მიმავალ გზად ქცეულიყო. გული ცოცხალი თვალებით ათვალიერებდა გამვლელებს მოწყენილ  ქუჩაში, რომლებიც წამიერად გაუშტერებდნენ მას თვალს, გული კი ერთს შეხედავდა და გულში იმ მელოდიას წაიღიღინებდა ამ დილით რომ მოისმინა...
არაფერი შეცვლილა დღესაც, ისევ ისეთი ამინდი, უფერული დღე... მაგრამ დღეს უჩვეულო გამოცოცხლებას გრძნობდა გული, გრძნობდა, რომ მელოდია უხარებდა გულს, ხასიათს უკეთებდა თავისდაუნებურად, თითქოს სტიმულსაც აძლევდა... ფიქრობდა, რომ ახლოს იყო ბედნიერება. რატომ?! ამას ვერ ხვდებოდა, მხოლოდ იცოდა, რომ ეს უჩვეულოდ იმედიანი განწყობა მელოდიიდან მოდიოდა, იმ მელოდიიდან, ამ დილით რომ მოისმინა.
გრძელდებოდა ქუჩა, წამი წამს მისდევდა, ნაბიჯი _ ნაბიჯს, და უცებ ორივე გაჩერდა _ ნაბიჯიც და წამიც.
თვალს არ დაუჯერა, მაგრამ ყურს ხომ ესმოდა. შემდეგ თვალსაც დაუჯერა. საწაულია ნამდვილად _ პირველად ნახა მელოდია, მელოდია, რომელიც სასიამოვნო ჰანგებად იღვრებოდა. ეს სწორედ ის მელოდია იყო ამ დილით რომ მოისმინა. ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ არ ეგონა ოდესმე ამ მელოდიას თუ ნახავდა. ამ მელოდიას კი არა, საერთოდ, მელოდიის ნახვა ვეღარც კი წარმოედგინა.
იდგა გული მელოდიის წინ, თუ მელოდია იდგა გულის წინ, ალბათ, ეს სულ ერთი არ არის, მაგრამ არ ვიცი. გული აკვირდებოდა მელოდიას, ცდილობდა მისი გული დაენახა, მაგრამ ჰანგები თითქოს განგებ ფარავდნენ მას, გულს კი არ დასწყვეტია ამის გამო გული მაშინ. უკვე ხვდებოდა, რომ მხოლოდ ამ მელოდიას დაუთმობდა თავის გულს სრულად, ამ მელოდიით იცხოვრებდა ყოველდღე, მისი ჰანგები შეუვსებდნენ სულის სიცარიელეს.
რატომ მოიხიბლა?! მელოდიას შეგნებულად არაფერი გაუკეთებია ამისთვის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ მელოდია იყო...
და მელოდია მოიხიბლა?! არ ვიცი, ვერაფერს გაგიგებ, თითქმის შეუძლებელიცაა ამის გაგება, რადგან ის ხომ მელოდიაა...
გული დიდხანს ეცადა ჩასწვდიმოდა მელოდიის გულს, მაგრამ ვერ შეძლო. შესაძლოა შესძლო კიდეც, მაგრამ იგი აღარ დალოდებია დიდი ხნის ცდის შედეგს, რადგან დაიღალა, დაიღალა და იძულებული გახდა დაეძინა...
არ ვიცი რამდენ ხანს იძინებს, მაგრამ ის ვიცი რომ, სიზმარში იგი გამუდმებით მელოდიას ეძებს, იმ მელოდიას, ერთ დილას რომ მოისმინა. და თუ იპოვნის, გული აუცილებლად შეეცდება უთხრას მას ის სიტყვები, რომელთაც ყოველთვის ბაგეზე ეძინათ...

_ გამარჯობა. როგორ ხარ?
_ ნორმ. შენ?
_ რა ვიცი, მეც... რაღაც მინდა გითხრა...
_ გისმენ...
_ იციი... იცი, ზოგჯერ ხდება ხოლმე, დილით რაღაც მუსიკას, მელოდიას მოისმენ, შემდეგ კი ეს მელოდია აგეკვიატება და მთელი დღის მანძილზე ღიღინებ, ღიღინებ, ღიღინებ... უკვე აღარ გინდა რომ ღიღინებდე, მაგრამ, შენდაუნებურად, მაინც გეღიღინება... იტყვი _ მორჩა! აღარ ვიღიღინებ ამ მელოდიას!_ მაგრამ რამდენიმე წუთში გავიწყდება ნათქვამი და ისევ წაგეღიღინება... ხომ ხვდები რასაც ვამბობ?
_  კი, კი, ვხვდები.
_ ხო და მეც სწორედ ასე დამემართა, გამუდმებით ვღიღინებ ერთი და იმავე მელოდიას... და ეს მელოდია შენ ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები