ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭინკა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 აპრილი, 2010


გზავნილი უმისამართოდ (პაპაუნას)

24.07.
მოუთმენლად ველი შენს გზავნილებს. ჩემდა გასაკვირად ისევ მინდა შენთან საუბარი, არა, კი არ მინდა, უკვე ჩვეულებად მექცა... ისე მჭირდები, როგორც წყალი ან ჰაერი... უკვე რამდენი დღე გავიდა... რა თემებზე არ ვისაუბრეთ, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩიხში ვართ, ვეღარ გამოვნახავთ სასაუბრო თემას და ყველაფერი აირევა... ისე, როგორც სხვებთან არეულა, მაგრამ არა, ვიწყებთ საუბარს და ყველაფერი ისეა, თითქოს აი, ახლა ამ წუთს გავიცანით ერთმანეთი... და ვსაუბრობთ, სულ სხვა აქამდე უცნობ თემებზე... და ყველაფერი თავიდან იწყება, კვლავაც მაოცებ, ოღონდ ისე არა, როგორც გუშინ ან გუშინწინ... არა! დღეს სულ სხვა ხარ, უფრო საყვარელი და ამოუხსნელი... არა! შენ სხვებს არ ჰგავხარ, უფრო კარგი, ჭკვიანი და ამოუცნობი ხარ! უფრო კარგი...
                                                                                                                                                                                        პაპუნა

06.08.
დღეს ორი თვე გახდა რაც გაგიცანი... ნეტა შენ თუ გახსოვს? ამ დროის მანძილზე ძალიან შეგეჩვიე, მეგონა დღეს მომწერდი, მაგრამ შევცდი. მე კი ვერ ვძლიე სიჯიუტეს, სიამაყეს პირველი შეგხმიანებოდი. ამ ბოლო დროს ძალიან მოუცლელი გახდი, ხშირად ვეღარ ვსაუბრობთ, მომენატრა შენი იუმორი და თბილი სიტყვები... საინტერესოა, რა მომავალი ექნება ჩვენს ურთიერთობას?! ვფიქრობ და ვერაფერი წარმოვიდგინე... მე ისევ გწერ, გწერ გაუთავებლად... შენი სიშორე მაშინებს, თუმცა ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს და მეც იმ წუთს ველი,  როცა შევხვდებით...
                                                                                                                                                                                        * * * * *

06.08.
უკვე ორი თვე და რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, რომ იცოდე როგორ მინდოდა დღეს შენთან ლაპარაკი, მოლოცვას ვაპირებდი, უფრო სწორად მინდოდა ამეღნიშნა “საიუბილეო” თარიღი, მაგრამ ვერ შევძელი, ხელი შემიშალეს... არა, მთლად მათი ბრალიც არ უნდა იყოს, უფრო ახლობელმა, რაღაც შინაგანმა შემაჩერა, შემბოჭა, არც ვიცი რა იყო ეს, შიში, რიდი თუ თავშეკავება. ზოგჯერ ცნობისმოყვარეობამ ლამის შემშალოს ისე მინდა ვიცოდე, რას გრძნობ, ან ფიქრობ... ნეტა, შენც თუ გახსოვდა დღევანდელი დღე? ალბათ კი. გოგოებს ასეთი რამეები იშვიათად
ავიწყდებათ... თუმცა არ ვიცი, რომ გხსომებოდა, ხომ მომწერდი... ალბათ მომწერდი...

                                                                                                                                                                                        პაპუნა
06.09.
უკვე სამი თვე გახდა, რაც გაგიცანი... ნეტა თუ გახსოვს ის დღე, როცა პირველად მოგწერე? თითქოს გუშინ იყო ის საღამო... შენთვის ვწერდი და სიცივისაგან და ნერვიულობისაგან სულმთლად ვკანკალებდი... მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე შეგეჩვეოდი. ნეტა შენ თუ გახსოვს? ალბათ არა... არც მიკვირს... მე ხომ შენთვის ერთი უბრალო, შემთხვევითი ნაცნობი ვარ, რომელიც მაშინ გახსენდება, როცა მოწყენილი ხარ... თუმცა, იქნებ სულაც არ არის ასე? ამას ვერასოდეს გავიგებ. ვერ გავიგებ რას ფიქრობ ჩემზე ან რას ელი Gჩემგან... მაგრამ იქნებ არც ღირდეს ამის გაგება...
                                                                                                                                                                                        * * * * *

07.09. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა... ისევ უამრავი გზავნილი, კითხვები, პასუხები, თანადგომა, სიხარული, გატეხილი ღამეები, შენზე ფიქრი, ათასნაირი სურვილი და არავითარი წინსვლა... დღეს შევეცადე საუბარი შემეცვალა, სხვა კონსტექსტში მომექცია, მაგრამ საშუალება არ მომეცი, როგორღაც ჩაიკეტე, შენს ნიჟარაში დაიმალე, თავი ამარიდე... იქნებ ჯერ ადრეა ჩემი მცდელობა, მზად არ ხარ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა შეიცვალოს, ცოტა უფრო ახლოს მივიდეთ ერთმანეთთან, უფრო ახლოს ვიდრე მეგობრები...

                                                                                                                                                                                        პაპუნა

22.09.
წელიწადზე მეტია, რაც ერთმანეტს ვიცნობთ, მაგრამ მაინც უცნობებად ვრჩებით... მეშინია, რომ ოდესმე ისევე იოლად დაგკარგავ, როგორც გიპოვე... ვიღაცამ მითხრა: მასეთ ურთიერთობებს ცუდი ბოლო აქვსო. ნეტა რა დასასრული უნდა ჰქონდეს იმას, რაც არც კი დაწყებულა? ახლაც შენს გზავნილს ველი... მეგონა მომწერდი, ხომ იცოდი რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა? რატომ არ მწერ? ცუდი ხარ! იმედი მაქვს მალე ყველაფერი შეიცვლება... შენ ხომ  დამოუკიდებელი გახდები... ეს კი ორივეს დაგვეხმარება, გავერკვეთ სინამდვილეში რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას...
                                                                                                                                                                                      * * * * *

22.09.
ალბათ გაბრაზებული ხარ ჩემზე. გგონია არ მახსოვს დღევანდელი დღე როგორი მნიშვნელოვანია შენთვის? მახსოვს, ყველაფერი მახსოვს. მაგრამ ვერ მოგწერე თავი ვერ ვაიძულე სათანადო სიტყვები შემეგროვებინა. დაბნეული და იმედგაცრუებული ვარ, რომ იცოდე როგორ მჭირდებოდი... შენ არ გესმის რას ნიშნავს ჩემთვის ეს... თუმცა ჯერ პატარა ხარ საიმისოდ, რომ ყველაფერს მიხვდე, ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა ტვირთი აქვს  საკისრებელი ბიჭს და შემდეგ უკვე კაცს. შენ ალბათ ჩემი კაპრიზი გგონია, რომ მინდა დამოუკიდებელი ვიყო. არა სულელეო, მე დამოუკიდებლობას ორ ფეხზე  მყარად დგომას ვუწოდებ, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იკისრო შენი და შენთვის საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა, აი, ისეთი ადამიანების, როგორიც შენ ხარ ჩემთვის... მაგრამ დამიჯერე მე ყველეფერს შევძლებ. შენ კი გაიზრდები და მიხვდები, აუცილებლად მიხვდები
ჩემს ყველა ნაბიჯს, სიტყვას და საქციელს.
                                                                                                                                                                                    პაპუნა
                                                                                                                                                                                       

19.11.
შემოდგომაა… ოქროსფრად იფერება გარშემო ყველაფერი... მე კი მარტო ვარ... და ძალინ მტკივა სიმარტოვე...ნეტევ ახლა რას აკეთებ? ნუთუ სულ ცოტას მაინც არ ფიქრობ ჩემზე? ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება სულ არ გაინტერესებდეს ვინ ვარ, ან როგორი ვარ... უკვე დავიღალე ლოდინით, მაგრამ ლოდინის მეტი მაინც არაფერი დამრჩენია. ცუდად ვარ... მეშინია, რომ ოდესმე ძალიან ვინანებ ამ ყველაფერს... და საერთოდ, მეშინა რომ დაგკარგავ.
                                                                                                                                                                                      * * * * *

21.11.
უკვე შემოდგომა დადგა, შენთვის არც თუ ისე საყვარელი შემოდგომა... სულელო, როგორ შეიძლბა შენისთანა გოგოს დროის ეს ნაწილი არ უყვარდეს. მე კი მიყვარს. რატომ? იმიტომ, რომ  შენ გამსგავსებ, ალბათ არ შეგინიშნავს, არც მიკვირს, შენ ხომ ჩემსავით ვერ ხედავ საკუთარ თავს... ალბათ არც ის იცი, რომ შემოდგომის მზე შენსავით თბილი და ახლობელია, სულ ანათებს, გათბობს, მაგარამ არ გწვავს. მე შემოდგომის წვიმაც მიყვარს, ისიც თბილია, შხაპუნა,  მაგრამ არ ხმაურობს, წყნარად დაედინება დაქანცულ ფოთლებს და დაღლილ დედამიწას, პატარ-პატარა გუბურებად გროვდება და ათასნაირ პეიზაჟს ქმნის... მე შემოდგომის ფერებიც მიყვარს თითქმის ისე, როგორც ვან გოგს უყვარდა. რომ შემეძლოს შემოდგომის ფერებით დაგხატავდი. დაგხატავდი სწორედ ისე, როგორც შემოდგომის წვიმის ფუნჯები ხატავენ სამყაროს... თბილს, ლამაზს, ოქროსფრად მოლივლივეს...
                                                                                                                                                                                    პაპუნა

15.12.
უკვე დეკემბერი დადგა და პირველი თოვლიც მოვიდა. მიხარია... იმიტომ, რომ ჰაერში ზამთრისა და ახლი წლის სურნელი ტრიალებს... იმედებით, ოცნებებითა და სასწაულებით გაჯერებული ახალი წელის...მოუთმენლად ველი იმ ჯადოსნურ ღამეს როცა ყველა ნატვრა სრულდება... ადრე ალბათ შენთან შეხვედრას ვისურვებდი, მაგრამ ეხლა.. არა, არც კი მინდა ამაზე ფიქრი. . . უბრალოდ გილოცავ პირველ თოვლს და... და უკეთესის მოლოდინით გემშვიდობები...
                                                                                                                                                                                        * * * * *
15.12.
პირველ თოვლს გილოცავ ჩემო ბუტია გოგოვ! იცი, თოვლი დავინახე თუ არა შენ გამახსენდი, დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო შენს გვერდით გავჩენილიყავი... თვალწინ წარმომიდგა თოვლში მიმავალი შენი ლანდი, მთვარის შუქზე განათებული სახე, და მასზე აცეკვებული ანცი ფიფქები.. მომინდა კოცნით გამეთბო შენი გაყინული თითები, გულში ჩამეკარი და შჩემად დამეგულებინე, მაგრამ ვაი რომ ეს უხილავი გისოსები არ მაძლევს უფლებას მოგიახლოვდე... საკუთარი უსუსურობით დაღლილმა ისევ წერა დავიწყე. მაგრამ ვერ გამოვგზავნე, არ შემეძლო, ან რა გასაკვირია, სენით დაუძლურებულს რა უფლება მქონდა შეხვედრა მეთხოვა... ბოლოს ძლივს შევძელი სიტყვების მოგროვება, რომ უბრალოდ პირველი თოვლის მოსვლა მომელოცა და მოგილოცე უხალისოდ, მშრალად, კონკრეტულად...
                                                                                                                                                                                          პაპუნა

16.01.
...სად ხარ? ძალიან ცუდად ვარ უშენოდ... უკვე ერთი კვირაა შენს შესახებ არაფერი ვიცი... ნუთუ ყველაფერი მორჩა, დამთავრდა?! მაგრამ ასე სულელურად? ასე უმიზეზოდ? ვერ ვხვდები რა მოხდა... იქნებ უბრალოდ მოგბეზრდა ყველაფერი და წახვედი? ტირილი მინდა... არ ვიცი, როგორ შევძლებ უშენოდ ცხოვრებას... თუმცა ალბათ შევეჩვევი. შენ მითხარი დრო ყვველაფერს კურნავსო, შეიძლება მართალია... მაგრამ სანამ დრო გავა რა ვქნა? მეშინია, ძალიან მეშინია უშენობის... ასეთი ძნელი იყო გეთქვა “ნახვამდის”? აღარ შემიძლია გაურკვევლობაში ყოფნა... ან იქნებ უბრალოდ ცუდად ხარ? არ ვიცი რა ვიფიქრო, უშენოდ ცუდად ვარ...
                                                                                                                                                                                            * * * * *

10.01.
მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! აღარ მოგწერ! ბოლო უნდა მოეღოს ამ ყველაფერს... რამ გამაგიჟა ამხელა კაცი, სულელურ გზავნილებს ვწერ უკვე წელიწადია ან უფრო მეტიც... არა, ერთხელ მაინც რომ მენახე კიდევ ხო, ვიფიქრებდი, რომ მომწონხარ ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ რომელ ნახვაზეა ლაპარაკი, შენი ხმაც კი დამავიწყდა როგორია... თუმცა ვის ვუბრაზდები, სხვა რა შუაშია... გენახა მერე, დაგიშალა ვინმემ?! არა! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! გადავიტან, როგორმე გადავიტან უშენობას, ან რა მჭირს გადასატანი? აღარ მოგწერ და მორჩა! ადრე სულ არ მყავდი, მაგრამ არ მოვმკვდარვარ, პირიქით, კარგადაც ვგრძნობდი თავს, არც ვნერვიულობდი, არც შენი ლოდინით ვიკლავდი თავს. ღამე მშვიდადაც კი მეძინა. მორჩა! ყველაფერი მორჩა! აღარ მოგწერ! ერთ სიტყვასაც აღარ მოგწერ!!!



16.01.
მომენატრე, რომ იცოდე როგორ მომენატრე... სულ შენზე ვფიქრობ, ღამე აღარ მძინავს, სისულელეებს ვწერ და ვლაპარაკობ... მომენატრე, ტკივილამდე მომენატრე. ეხლა ავიღებ კალამს და მოგწერ. მოგწერ ყველაფერს, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ შენზე, ჩვენზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (თუმცა რომელ მომავალზე ვლაპარაკობ, სად სჩანს ჩემი მომავალი). გეტყვი, ყველაფერს გეტყვი. თუმცა შენ? შენ რატომ ხარ ჩუმად, რატომ არ მწერ? იქნებ უკვე დაგავიწყდი, ან არც აქამდე გახსოვდი, იქნებ უბრალოდ ერთობოდი? არა, აღარ მოგწერ!


21.01.
მენატრები... უსაშველოდ მენატრები... ტკივილსღა მგვრის უშენობა... გელოდები, ჯიუტად გელოდები...

                                                                                                                                                                                  პაპუნა
26.01.
ისევ გამოჩნდი... მე კი მეგონა ყველაფერი დამთავრდა... თურმე ვცდებოდი, ისევ იგივე გრძელდება, ისევ ის გაურკვევლობა და ტკივილი... არ ვიცი როდემდე შევძლებ ამის ატანას... მართალია ცუდად ვიყავიუშენოდ, მაგრამ  გულის სიღრმეში მაინც ვნატრობდი, რომ არ გამოჩენილიყავი, რადგან ამით შევძლებდი შენს დავიწყებას. უკვე არ ვიცი რა იქნება ხვალ... ხვალ ალბათ...

                                                                                                                                                                                  * * * * *
26.01.
მეტი ვეღარ გავძელი, ვერ ავიტანე უშენობა, ვძლიე ჩემს სიჯიუტეს და მოგწერე... ისევ გამაოცე, ისე შეხვდი ჩემს გზავნილს თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ვითომ არც გავბუტულვართ. მე კი მეგონა გაბრაზებოდი, ან თავს დაიფასებდი, გაიპრანჭებოდი მაინც, ისე როგორც გოგოებს სჩვევიათ, მაგრამ შენ ხომ სხვებს არ ჰგავხარ... ამიტომაც გაფასებ და იმაზე მეტად მინდა შენთან სიახლოვე, ვიდრე ოდესმე მდომებია...
                                                                                                                                                                                  პაპუნა

09.02.
ძალიან ბედნიერი ვარ, სულ პატარა იმედი გამიჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ლამაზად გაგრძელდება... თუმცა არ ვიცი ეს როდის მოხდება... იქნებ არც მოხდეს, მაგრამ როცა რაღაცის იმედი გაქვს და ელოდები, ცხოვრებაც უფრო მშვენიერი და იოლი ხდება, ხოდა მეც ველოდები “გაზაფხულის წვიმიან დღეს” როცა ერთმანეთს შევხვდებით... ოდესმე ხომ შევხვდებით...
                                                                                                                                                                                  * * * * *

09.02.
ალბათ ჯერ ადრე იყო ამის თქმა, თუმცა რაღა ადრე, თითქმის ორი წელი ხდება, რაც ვირტუალურად ვიცნობთ ერთმანეთს. რა გასაკვირია, რომ უფრო ახლოს მინდა შენი გაცნობა... სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  მაინტერესებს როგორი ხარ, ან შენ რატომ არ უნდა გინდოდეს ჩემთან შეხვედრა, სულ არ გაინტერესებს როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობა? სულ ცოტათი მაინც რომ გამოგეჩინა ინტერესი ჩემი შემოთავაზების მიმართ, ყველაფრის მიუხედავად ხვალვე გნახავდი... ალბათ გნახავდი.
                                                                                                                                                                                  პაპუნა


26.03.
გაზაფხულიც ნელ-ნელა მიილევა, ბევრჯერ დაიჭექებს ცა და დასველდება მიწა. არაერთი წვიმიანი დღე ჩაივლის... მე იმედი აღარ მაქვს, რომ ოდესმე ვნახავთ ერთმანეთს, არა იმიტომ, რომ არ მინდა, პირიქით ძალიან მინდა, მაგრამ შევძლებთ კი ერთმანეთის ნახვის შემდეგაც ისეთივე ძვირფასებად დავრჩეთ, როგორიც ეხლა ვართ... არ ვიცი, უკვე აღარაფერი ძალმიძს...
                                                                                                                                                                                    * * * * *

04.05.
აღარ შემიძლია, ალბათ ჭკუდან გადამიყვანს ეს გაურკვევლობა... არ ვიცი როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე... ნუთუ შენ არაფერი გაწუხებს? დავიღალე, დამღალა ლოდინმა, არ მინდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ასე უაზროდ შენი გამოფხიზლების ლოდინში გავატარო... ისედაც თითქმის ორი წელი გავიდა... შენ კი არაფერს იმჩნევ... არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ დავუსვა წერტილი ჩვენს ურთიერთობას, ისე რომ ეს ყვლაფერი ორივესთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩეს?!
                                                                                                                                                                                    * * * * *

07.05.
თითქოს შეიცვალე, რაღაც გაწუხებს, ის მუხტი, აღარ მოდის შენგან რასაც ადრე ვაფასებდი და მიყვარდა... რა მოხდა შენს ცხოვრებაში? რა შეიცვალა ისეთი, რომ ასე იმოქმედა შენზე, შენს ხასიათზე? თითქოს გამირბიხარ, საუბარს თავს არიდებ... ცეცხლივით ხარ, არც შენს სიახლოვეს მიშვებ და არც წასვლის საშუალებას მაძლევ... მე კი ისე მჭირდები როგორც არასდროს, წუთებს ვითვლი დასასრულამდე, სულს ღაფავს ჩემი წუთისოფელი, კუთვნილი სიცოცხლის სასმისი ბოლომდე შევსვი... მიყვარხარ უხმოდ, ჩურჩულით, დაუსრულებლად...
                                                                                                                                                                                    პაპუნა

პ.ს. ლამაზი სიზმარივით გაქრი ჩემი ცხოვრებიდან... მხოლოდ მოგონებები, შენდამი უსაზღვრო სიყვარული და ეს ჩანაწერები დამიტოვე მანუგეშებლად. დავრჩი მარტო ამ უსამართლო და დაუნდობელ წუთისოფელში... “მიყვარხარ უხმოდ, ჩურჩულით, დაუსრულებლად...”


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები