ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაირონა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ზურაბ გორგილაძე ,,უმღერაბელი მუხამბაზი , მეთევზე ბიჭის ბალადა , ზეცა ვანახე"

      ,,მეთევზე ბიჭის ბალადა”

ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.
წელს ზევით კი... ვარდისფერი ბურუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.
დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.
და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!

                                         

              უმღერაბელი მუხამბაზი

ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება!...
ამ დუდუკებმა რა იღონონ,ან იმ ხელებმა,
ვერც გულს მოიფხან,
ვერც იბღავლებ,
ვერც იხარხარებ,
განტოტვილი ვარ, გაფანტული ცხრაჯერ ცხრა მხარეს,
სად არ დამჩეხეს, სად არ დამკლეს,სად არ დამყარეს...
ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება!...

ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით,
საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები,
მიყვარს ზვავების და ლოდების გულზე ჯახება,
მიყვარს ამ მთებში გავარდნა და გაყაჩაღება,
ჩემს ხევხუვებში ძველებურად ქუხს მაჭახელა,
ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით!...
ღმერთებთან ღრეობს საქართველოს ცა,- მინანქარი!
ფუთიან ტორებს მხარზე მაფშვნის ჩემი ამქარი,
ტივზე ტორტმანებს საზანდარი, - შხივის შამფური,
ბესიკის ჯამში ანნას ბადაგს ჩააქვს ჩქაფუნი,
ირმების ბღავილს მოაქვს ამბორიც,მოაქვს ქაფურიც...
ღმერთებთან ღრეობს საქართველოს ცა მინანქარი!...
მე სხვა სასწაულს სამყაროში ვერ მივაგენი,
დასაკვდომელი დარდუბალით დამღრნის ბაგენი,
ლამის ბაგენი უბადაგო დაგვამ დალილოს,
მომეცით ჯამი! –
საყვარლის ცრემლში
მე ანგელოზებს ფეხი უნდა ჩავაბანინო.
ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება,
ვერც გულს მოიფხან,
ვერც იბღავლებ,
ვერც იხარხარებ,

                                                 
  ზეცა ვანახე

წავალ ჰამა
რომ წავიდე, იმფერი რა დავიბარო?!
შენი თმების თქაშათქუშით,
მსურს ხელ-პირი დავიბანო,
მსურს კისერზე მოვიძენძო,
ძეწმანურაი ვენახები,
აბა ცას დ აიმ ვენახებს,
ისესად დევენახვები?...

ეველ...
ეველ...
ზეცა ვანახე,
მარსკლავებსაც დავენახვე,
და მთვარემ შემომითვალა,
აქ იყავ და მე არ მნახე?...
,,წყალს ნაფოთი ჩამოჰქონდა,”
მთვარის შუქში ვთვალე... ვთვალე.
იმან რომ შემომითვალა,
შენ რად არ შემომითვალე?

                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები