ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უნიჭოოო
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


* * *

მე ვეღარ ვხედავ ჰორიზონტზე ნისლისფერ ცხენებს,
თეთრი ფლოქვებით რომ თელავდნენ უდაბნოს ქვიშას,
რაღაც უცნობი მდუმარების ტვირთი მაბერებს
და მარტოობის ცარიელი სამარე მიცავს.

მე ვაღარ ვხედავ ფურცლებიდან მომღიმარ სტრიქონს,
თითქოს სივრცეში გაყინულა სათქმელი სიტყვა,
დამტოვეთ მარტო, მე სიბრალულს არასდროს ვითხოვ,
უბრალოდ ლექსში მელნის ცრემლით ტირილი მინდა.

მე ვეღარ ვხედავ გუმბათიდან მოწყვეტილ ზარებს,
ტაძარში ჩემი პაწაწინა სანთელი ჩაქრა,
აღარც დამსხვრეულ სახატესთან ლოცვა მახარებს,
არც აღსარების ნაკუწებად ქცეული ფარდა.

მე ვეღარ ვხედავ, ამ სიბრმავით ღამეს ვათენებ,
აზრებით მთვრალი ჩავუყვები ცარიელ ქუჩებს,
აღარც მიწიერ ანგელოზებს აღარ ვაღმერთებ
და არც ამბორით გახუნებულ, დაფლეთილ ტუჩებს.

მე ვეღარ ვხედავ, როგორ მიაქვს საათის ისრებს
ჩემი თვალების სიღრმეებში ჩამქრალი ფერი,
წარსული თითქოს წაუღია შენიღბულ სიზმრებს,
ეხლა კი ზამთრის ნაბიჯ-ნაბიჯ დადგომას ველი.

მე ვეღარ ვხედავ, რომ იქცევა ყინულის ლოდად
ცარიელ მკერდში დაგდებული, დაჭრილი გული
და აღარ მჯერა აღარცერთი შექმნილი ბოდვა,
ჩემთვის ეს ბრძოლა მეტისმეტად აღმოჩნდა რთული.

მე ვეღარ ვხედავ ლუციფერის ჯადოსნურ სარკეს
და არც ნიღაბი არ სჭირდება სახეს დასერილს,
ანკარა მორევს საკუთარი ხელებით ვამღვრევ,
ცხოვრების წიგნში უსახელო ლაქად დავრჩები.

მე ვეღარ ვხედავ, აღარც მესმის, ვეღარც ვმეტყველებ,
ცოცხალი მკვდრები არ სჭირდება გამომშრალ მიწას,
ვეტრფი უძირო მარტოობის დიად შემქმნელებს
და უდაბნოში ხეტიალით გადაღლილ მირაჟს.

მე ვეღარ ვხედავ შენს თვალებში უმანკო მზერას,
უკანასკნელი სიყვარულის ცრემლები მახრჩობს,
ოდესღაც გული დაგიტოვე მაგ მკერდში მძევლად,
სახედაკარგულ ოცნებებთან დამტოვე მარტო.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები