ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2010


იები სიკვდილის ფერია. \მეოთხე ნაწილი\

- აქამდე რატომ არ მითხარი,- უსაყვედურა მეგობარმა,- დავდგათ ნომრის ამომცნობი აპარატი და გავიგებთ ვინ რეკავს.
ეს იმდენად პრიმიტიული გადაწყვეტილება იყო, რომ კრისტის გაეღიმა.
- როგორ გგონია, თუ ტელეფონის ჩართვა მოახერხა, იმ აპარატს რას უზამს?
- კარგი, შენთან დავრჩები.
    ამ წინადადებამ ცოტათი გაახალისა კრისტი. საუბარში გართულები ვერც კი ამჩნევდნენ როგორ გადიოდა დრო. მერე ორივენი ერთად დაბრუნდნენ სახლში.
იმ ერთი კვირის მანძილზე, რაც გიგი კრისტისთან დარჩა, ბედნიერების, უსაზღვრო სიყვარულის და სინაზის გარდა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უცნობი აღარ რეკავდა, რაც უცნაურად მოეჩვენა კრისტის. მეორე, რამაც არანაკლებ შეაშფოთა კრისტი, იყო ის, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს მის მოპირდაპირედ მცხოვრები მეზობლის კართან რამდენიმე ტომარა დახვდა. ამას ისიც დაემატა, რომ კრისტის ფეხის ხმაზე მეზობელი, რომელსაც ძლივს შეავლო კრისტიმ თვალი, ოთახში შეიმალა. ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანა და კრისტიმ ცოტა ყოყმანის შემდეგ კარზე დაუკაკუნა მეზობელს, იქიდან კი ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
დაბრუნებულს გიგი სახლში დახვდა. სახელდახელო ომლეტი გაეკეთებინა და კრისტის მოუთმენლად ელოდა. კარის ხმაზე სამზარეულოდან თავი გამოყო და დაუფარავი სიხარულით შეეგება კრისტის.
- მოხვედი, ძვირფასო?
- როგორც ხედავ.
  გიგი მიუახლოვდა, სიყვარულით ეამბორა კრისტის თვალებზე. თვალებში შეშფოთება რომ ამოიკითხა, უცნაურად მოეჩვენა.
- რა გჭირს, ახლა ხომ ყველაფერი კარგადაა, რატომ ხარ ასე დაძაბული?
- არა, არაფერი. მეგონა ჩვენს გვერდით არავინ ცხოვრობდა. რაც აქ ვცხოვრობ, იქ შესული და გამოსული არავინ მინახავს, დღეს კი...- აღარ დაამთავრა კრისტიმ.
- რა დღეს?
- რაღაც ტომრები იდო კართან. სანამ ამოვიდოდი, ვიღაც ეწვალებოდა ისე, თითქოს პატარა ბავშვი ექაჩება სიმძიმესო. ბავშვსაც არ ჰგავდა. თვალი რომ შევავლე, კარს უკან მიიმალა. დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა.
- არ უნდოდა და არ გაგიღო. რა არის ამაში გასაკვირი ?
- არ ვიცი, არ ვიცი.
- კარგი, მოდი ხასიათზე, რაც შემეძლო, სადილი გავამზადე და შენ გელოდები. მერე კი სიურპრიზი მაქვს შენთვის, რაღაც გიყიდე.
- რა კარგია... მაჩვენე რა ჩქარა?!- გახალისდა კრისტი.
- სადილი?
- სადილი მერე.
- კარგი, მოდი, გაჩვენებ,- ხელი მოხვია გიგიმ და მისაღებში გაიყვანა.
- აი შენი სიურპრიზი,- დივანზე დადებულ პლედზე მიუთითა.
- პლედი? ეს ხომ ძველია?
- კარგად ნახე.
კრისტიმ პლედი ასწია, მის ქვეშ კი თბილად მიყუჟული სიამის ჯიშის კნუტი შენიშნა.
- ღმერთო, რა საყვარელია, - იკივლა კრისტიმ.
სიყვარულით დასწვდა კნუტს და ხელში აიყვანა.
- ალბათ, მე ხვალ მომიწევს მივლინებაში წასვლა. ეს ფისო კი ჩემს მაგივრობას გაგიწევს,- თითქოს თავს იმართლებსო, ისე აბუზღუნდა გიგი. კრისტის სახე შეეცვალა. ეწყინა გიგის ნათქვამი, მაგრამ ამ დროს ფისომ დაიკნავლა და მზერა მასზე გადაიტანა.
- სხვანაირად არ შეიძლება?- ჰკითხა შიშნარევი ხმით კრისტიმ.
- არა, ძვირფასო, სულ სამი დღით, - დაამშვიდა გიგიმ.
- კარგი.
- იცი, შენს ფისოს ალბათ შია. მე საჭმელიც ვიყიდე მისთვის და, სხვათაშორის, მეც მშია,- თქვა გიგიმ და სამზარეულოსკენ გასწია.
კარადიდან კატის მშრალი  საჭმელი გადმოიღო. ფინჯანზე დაყარა და ფისოს დაუდგა. კრისტიმ ფრთხილად დასვა ფისო ძირს და აღფრთოვანებულმა დაუწყო ყურება ფისოს ჭამას. გიგიმ ალერსით მოხვია ხელი კრისტის.
- მოდი, სანამ ეს ჭამს, ჩვენც მივირთვათ რამე.
- კარგი,- დასთანხმდა კრისტი.
    ... გიგის ჩამოსვლამდე ერთი დღე დარჩა. დღე, რომელიც უსაზღვრო მოლოდინით იყო სავსე. ფისუნია მალე გაშინაურდა. კრისტი სამსახურში წასვლისას საჭმელს უტოვებდა სამზარეულოში იატაკზე მდგარ ფინჯანზე. დაბრუნებული კი ალერსსა და სითბოს არ აკლებდა პატარას. სამ დღეში ისე შეაყვარა თავი კრისტის, რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიეჩქარებოდა. იმ დღესაც ჩვეულებრივ დაბრუნდა სახლში. გასაღები კარს მოარგო და გაააღო. გაუკვირდა, ფისუნია რომ არ გამოეგება. გაიფიქრა, იქნებ, გიგი ჩამოვიდა დროზე ადრეო და დაუძახა. პასუხი რომ ვერ მიიღო, სამზარეულოში გავიდა. კატის საჭმელი თითქმის ხელუხლებელი დახვდა. ფისუნიას დაუძახა, ამჯერადაც არავინ უპასუხა. დივანზე, პლედის ქვეშ, ის ადგილი შეამოწმა, სადაც ფისოს ძილი უყვარდა. დაიხარა, დივანის ქვეშ უნდოდა შეეხედა, რომ უცებ ხალიჩაზე მუქი ლაქა შენიშნა, თითი დაადო, აშკარად სისხლის ლაქას ჰგავდა. ერთ ადგილზე გაიყინა, თითქოს სისხლმა დატოვა სხეული. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა. ცდილობდა, საშინელებაზე არ ეფიქრა, წამოდგა. შენიშნა, რომ აბაზანის კარი ღია იყო, სისხლის ნაკვალევიც სწორედ მისკენ მიდიოდა. ამ ნაკვალევს გაჰყვა და აბაზანაში შესულს ელდა ეცა. ალბათ, ყველაფერს ელოდა და ამას კი არასოდეს. სარკეზე სისხლით ეწერა: „იები სიკვდილის ფერია“. ყველაფერი დატრიალდა, ირგვლივ საშინელი სიჩუმე გამეფდა. უცებ, რაღაც წუილისმაგვარი გაისმა, გაბმული საზარელი წუილი, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. წუილი კივილში გადადიოდა, ამიტომ ყურებზე ხელი აიფარა. თვალები დახუჭა. წუილი შეწყდა. ყურებიდან ხელი ნელა აიღო. საიდანღაც მომწყდარი ბლანტი სითხის წითელი წვეთი შეეხო ფილაქანს. ალბათ, სიძლიერით ვერცერთი აფეთქება ვერ შეედრებოდა ამ წვეთის ჩამოვარდნის ხმას. თითქოს ეს ყველაფერი შენელებული კადრითა და გაურკვეველ ბგერათა არანჟირების თანხლებით ხდებოდა.
    უცებ, ზურგს უკან კარი მიჯახუნდა. კრისტი ელდანაკრავივით შემოტრიალდა. კარზე სამზარეულოს დანით სისხლში მოსვრილი ფისუნია იყო მიკრული. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა.
  მის წინ ყველაფერი აირია. თანდათან ფერი წაუვიდა და მოწყვეტით დაეცა ძირს. პატარა ხელის შეხება იგრძნო, მაგრამ თვალის გახელა არ შეეძლო. სახეზეც წყალი თუ რაღაც სითხე შეიგრძნო. თვალის გახელა სცადა. ბუნდოვნად დაინახა თავზე მდგომი ვიღაც. მერე წყლის ხმა გაიგო. რამდენიმე წუთი გრძელდებოდა ეს. აიძულა თავი, რომ თვალი გაეხილა. ირგვლივ არავინ იყო. აღარც სისხლი, აღარც ფისუნია. წამოდგა, სარკე დაორთქლილი იყო. იქ არაფერი ეწერა. თავი საშინლად სტკიოდა.
- ნუთუ ყველაფერი მომეჩვენა? - გაიფიქრა და კარს მიუახლოვდა. იქ, სადაც კნუტი იყო, კარს აშკარად ემჩნეოდა დანის კვალი. ბარბაცით გავიდა ჰოლში. ხალიჩაზე, სადაც სისხლის წვეთები იყო, სველი ლაქები ემჩნეოდა. სისხლი ნამდვილად არსად ჩანდა. უცებ, ტელეფონის ზარი გაისმა.
კრისტი შეყოვნდა. არ იცოდა, აეღო თუ არა ტელეფონი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა გიგი ყოფილიყო.
ყურმილს დასწვდა.
ყურმილში უცნობი მშრალი ხმა გაისმა.
- დღეს ჩვენი თემაა „ინსტინქტი“, ადამიანური ინსტინქტი, ეს თემა...…
- არ შემიძლია, თქვენ მე მძულხართ, მეზიზღებით, რატომ მოკალით ფისუნია, რატომ?!
- მე ის არ მომიკლავს, თქვენს ფისოს ტკბილად ძინავს დივანზე, პლედის ქვეშ.
კრისტი წამოვარდა, დივანზე მიგდებული პლედი გასწია. ფისოს გაეღვიძა და ბავშვივით გაიზმორა. პატრონის დანახვაზე აკნავლდა.
კრისტი გაშეშდა, გაშრა და ყურმილს დასწვდა.
- კი, მაგრამ ის ხომ არ იყო აქ, მე ხომ ვეძებე და ვერ ვიპოვე, ის ხომ იქ, კარზე იყო, დანა, სისხლი...- უაზროდ ლაპარაკობდა კრისტი.
    - დაწყნარდით. თქვენ ახლა იცით, რა არის შიში, მაგრამ როცა ახლა სიკვდილს, უფრო სწორად მის სიახლოვეს იგრძნობ, აქ უკვე აღარა ხარ ადამიანი. აქ ხარ ცხოველი, ჩვეულებრივი ცხოველი. ისეთი, როგორიც შენი პატარა ფისუნიაა. ინსტინქტებზე დაყრდნობილი, უსუსური, არაფრის მაქნისი ადამიანი. მე არა მაქვს მხედველობაში ბუნებრივი სიკვდილი, სტიქია, უბედური შემთხვევა, ანდა თუნდაც ექსპერიმენტი.
    კრისტი უაზროდ იყურებოდა აქეთ-იქით, ხან ფისოს მიშტერებოდა, ხან აბაზანისკენ იყურებოდა. ვერ დაეჯერებია, რაც ირგვლივ ხდებოდა.
- მოიცადეთ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე ყველაფერ მომეჩვენა?
- გიპასუხოთ გულახდილად?
- გთხოვთ, - რატომღაც თხოვნით მიმართა კრისტიმ.
- არა, არ მოგეჩვენა. ეს ყველაფერი საჭირო იყო. მე ასე ჩავთვალე.
- თქვენ? ვინ ხართ თქვენ? ვინ მოგცათ მაგის უფლება, მე ხომ კინაღამ გავგიჟდი.
- არა, არ გაგიჟდები, შენ ძლიერი გოგო ხარ. მე მინდა უფრო ძლიერი იყო. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც მინდა ჩემი გული დავანახო. ნუ შეუშინდები, გთხოვ მისმინე. შენ გაქვს ძალა გაუძლო ჩემს გამოცდებს. თუ დრო მეყო, ყველას...
- დრო? რას გულისხმობთ დროში ? რაიმე მელის მე თუ...- აღარ დაამთავრა კრისტიმ.
- ჩვენ უნდა გველაპარაკა ინსტინქტზე.
- თქვენ არ გაეცით პასუხი ჩემს კითხვას.
- თქვენ არაფერი გელით. ესე იგი, ცხოველური ინსტინქტი, ადამიანის ინსტინქტი, სიკვდილის შიში, შენი აზრით, ყველაზე დიდი სიყვარული ვის აქვს, ვის მიმართ? რა თქმა უნდა, ზოგადად.
  უცნობი ისე მშვიდად ლაპარაკობდა, რომ კრისტისაც გადაედო და უნებურად სავარძელში ჩაეშვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები