ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნო-შპა
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2010


მთაში

      მათეს ხეობაში ავტობუსის ლოდინი დიდხანს მოუწია. აღარ დაადგა საშველი ამ ავტობუსს, მათეს კი ეჩქარებოდა - დაღამებამდე უნდა ასულიყო ცხვარში ბიჭებთან, ბინაზე. მზე უკვე გადასულიყო. მალე ხეობიდანაც დაუბერა გრილმა ნიავმა. ჩრდილმაც სულ მთლად დაფარა მტვრიანი გზა. ერთი პირობა იფიქრა, უკან ხომ არ გავბრუნდეო, მაგრამ გადაიფიქრა, წყალი დალია მდინარიდან და ისევ გააგრძელა ლოდინი. როგორც იქნა გამოჩნდა ძველი "პაზიკი" და ძლივს ამოაღწია კაკიას ქვამდე.
    ავტობუსში მძიმედ ავიდა, შოფერს მიესალმა და მის უკან მოთავსდა. მძიმე რუკზაკი მუხლებზე დაიდო და მიმოიხედა. ავტობუსში ორი მოხუცი ქალის გარდა არავინ იჯდა. ქალები ეცნო მათეს - წილიკაანთ რძლები იყვენენ. შორიდან იცნობდა, მაგრამ აღარ გამოლაპარაკებია, მხოლოდ თავი დაუკრა.
      მძღოლი ნაცნობი ბიჭი აღმოჩნდა - მამამისს, ვალიკოს, მათე ბალღობიდან სცნობდა  და გაეხარდა მისი შვილის ნახვა. ბიჭი იმწამსვე იცნო. ბალღობაშიც ასეთივე წითელი თმა ჰქონდა. ორმოცისა კი იქნებოდა უკვე, მათეს გამოთვლებით, ვალიკოს შვილი. მოგონებებიც ბევრი აეშალა ვალიკოს გახსენებაზედ.
- შვილო, შენ ვალიკოს ბიჭი არა ხარ?- ღიმილით ჰკითხა მათემ მძღოლს.
- ჰო, ძია, ვალიკოსი ვარ, ზურაბი - გაუღიმა საპასუხოდ მძღოლმა მათეს. კარგი ბიჭი ჩანდა. გრუზა, სპილენძისფერი, ხუჭუჭა თმა ეყარა თავზედ. ხელებიც შოფრისა ჰქონდა, გარუჯული და ძლიერი.
- გაგახაროს ღმერთმა. კაი კაცი იყო მამაშენი, ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
-დიდი მადლობა. ბოდიში ძია, თქვენ კი ვერ გიცანით - გამოხედა მათეს მძღოლმა.
- მათე ვარ შვილო, ახალსოფლელი, კაკიაანთ უბნიდან. მამაშენთან ვამხანაგობდი ბალღობისას. გადაღმაც ბევრჯერ გადავსულვართ ერთად. ცხვარშიც ერთად დავდიოდით, ჯეელობისას. შენც მახსოვხარ, სულ პატარაობისას. ვალიკომ ცოლი ჩემზე ადრედ მოიყვანა. შემდეგ რუსეთში ვიყავ დიდხანს და სამწუხაროდ, მამაშენს ვეღარ მოვესწარი ცოცხალს. მისი ამბავიც იქ გავიგე. დედათქვენი როგორ არის? - ჩუმად იკითხა მათემ.
- დედას არა უშავს, ახლა თბილისშია, ჩემს დასთან. ბავშვებს უვლის და ეხმარება, რაც შეუძლია. მე კი სოფელში ვცხოვრობ. ოჯახიც იქა მყავს.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს ზურაბ. დედა მომიკითხე როცა ნახავ. უთხარი მათემ მოგიკითხა-თქო, "ზედგენამ"-თქო, უთხარი და მიხვდება ვინცა ვარ.
- კარგი ძია მათე, აუცილებლად გადავცემ.
      ნახევარ საათში მათემ ავტობუსი გააჩერა, კიდევ ერთხელ მოიკითხა ძმობილის ოჯახი და ტყის პირას ჩამოვიდა. მწყემსებთან დაღამებამდე უნდა ასულიყო, მერე გაუჭირდებოდა. მისი ბიჭებიც იქ იყვნენ. გუშინ ოსებს საქონლის გატაცება უცდიათ ღამით. დიდი ჩხუბი ყოფილა. გადარჩენილან ჩვენიანები. არავინ დაჭრილა. ბიჭებს მთელი ღამე სროლა-სროლაში გაუტარებიათ და საქონელიც არ დაუნებებიათ ყაჩაღებისთვის. კიდევ კაი, რუსების პატრული არა ყოფილა ახლო-მახლო, თორემ რა იცი.... - გული შეეკუმშა მათეს.
მოხუც მათეს ტყვია-წამალი მიჰქონდა მათთვის. ბეჟანამ უთხრა შენ წამოიღე, ძიავ, შენ არ გაგჩხრიკავენო.
      მათემ რუკზაკი მოიგდო ზურგზედ, ყავარჯნები მოიმარჯვა და ნელ-ნელა აუყვა ტყის ბილიკს. დაღამებამდე კი გაივლიდა ტყეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები