ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო-ცეცხლი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აგვისტო, 2010


დაიარზე ერთად

(დაიაურის ტრაგედიაზე გადვხედე რაც დაიწერა აქ და მომინდა ერთად დამედო, თუ გამომრჩა მომწერეთ და დავამატებ)


რა უნდა გითხრა, დაიაურო?!
 
რა უნდა გითხრა, დაიაურო?! -
ქვაზე უფრო მძიმეა ცრემლი
და ნატყვიარი ნიამორის ფერი აქვს არღუნს.
დიაც ყოფილა, -
მოისინჯა ამდენი კაბა,
ვიწრო და თალხი,
ღრიალებს ახლა და მაღალ მთებს
ცვრიან შუბლს ახლის.
დამუნჯდა მუცო...
რა უნდა გითხრა, დაიაურო?! - 
ისედაც იცი,
ფხად მადგას ლექსი გამშრალ ყელთან...
(გზა მოჰყვა სიცილს,
ქუჩი გიხმობს,
ბულბული გალობს...)
რა გითხრა, ძმაო,
მთები დგანან,
დგანან და დუმან,
და ქვაზე უფრო მძიმეა ცრემლი.


რობერტ მესხი




სამძიმარად გელა დაიაურს

რითი დავიწყო, რა გითხრა,
არ ვიცი, ვფიქრობ ვეღარა...
დამწვარა გული წუხილით,
გონება ჩამომეღალა...
გამაგრდი, ძმაო, გამაგრდი,
ესე ყოფილა ქვეყანა,
გაძლება უნდა საგლოვარს,
კაცს თუ მხრებს ჩამოეყარა!
ტკივილი გშანთავს, პოეტო,
მაგრამ ვით უთქვამთ ყველგანა:
სული არ კვდება, ის ცოცხლობს,
ცის კიდეს გადაექანა! -
დიდი მადლობა უწმინდესს,
ეს აზრ რომ დაამჭექარა!
ისმინე, მისი ისმინე,
არაფერს გავნებს ეგ, არა!
ღმერთმა ნათელში გიმყოფოს,
ვისთ სიკვდილმ გიდვა ბეგარა,
იმათ სულთ ცხონებისათვის,
ერთად ვილოცოთ ბევრგანა.
უტ იყო ხევსური კაცი,
შენც უტი იყავ, მდეგარა.
მიიღე ჩემ სამძიმარიც,
გულზე ხანჯლად რომ მეგალა.
შენთან ვარ ამ მძიმე ჟამსა
და არც სად წავალ შენგანა.
შენთან დგას შენი სამშობლოც,
ქართველთა ე კიდე-განა.
ცხოვრება უნდა გაგრძელდეს,
შენც უნდა მიჰყვე შენგვარა.
დრო მოვა, ღმერთ იქაც შეგვყრის,
თუკი აქ ერთხელ შეგვყარა!..



ილტოსპირელი



მუცოს ძირ დგანან ხევსურნი

გულზე ტკივილი დამჩემდა
ვერაფერს გადავაყოლე,
ხევსურეთს ლხინით ავედი
ტკივილი ჩამოვიყოლე.
დადუმებულან ქედები
და მიღმახევის ჭალები,
არღუნს დააკლდა ტალღები,
ტალღები ცოდვიანები.
მუცოს ძირს დგანან ხევსურნი,
მოსთქვამენ მაღალ ხმაზედა,
ღმერთო ეს რაი დაგვმართე
ვეღარ მოვსულვართ ჭკვაზედა.
მუცოს ძირს დგანან ხევსურნი,
მინდია,ნუგზარ და გაგა,
სახეს ქუდ აუფარებავთ
და ქვითინებენ წყნარადა.
ვაჟკაცის თვალზე ცრემლები
ძნელია სანახავადა,
პატარა ანგელოზებო
ნეტავ თქვენს ადგილს მე დამსვა.

                              ჩეგევარა




არღუნო

არღუნო... აგრემც დაყენდები,
მკერდზედ დაგახმება შენი წყალი,
რამხელა ცოდვა ჩაიდინე
ვაი დაკარგულთა  ცოდვა-ბრალი.
ღრიალით მიდიოდი და მიგქონდა,
ორი ანგელოზის სხეულები,
არღუნო... აგრემც დაყენდები,
მოთქმით აგიტირდეს შენი გვარი.
მეამაყებოდა შენი ნახვა,
ვფიქრობდი ვაჟკაცს გავდი, შარიანი,
არღუნო... აგრემც დაყენდები,
დედა აგიტირდეს ცრემლიანი.


ირაკლი ყალიჩავა





რად არ მაჰკვდები სიკვდილო! ,,მთის ბულბულის" თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას...

ცას ელვა ჰკაწრავს მძინარეთ
ღრუბელთ დაუხსნა ვენები,
დარდი გულს გაჩრილ იარებს
მიჰლოკავს სვენებ_სვენებით.
მუცოს დაჯარდნენ ღრუბელნი
ცვარ რომ გაპკურონ მძინარსა,
მთას ყელსაბამი თუ აკლდა
გულს დაგიბნია მძივადა.
მკერდზე აკრული ჩვილი ყრმით
ზეცად მისთელავ ბილიკსა,
ხმას ვეღარ აწვდენ ხევსურეთს
არც რა აყუჩებს ტკივილსა.
მთაში ბულბული აღარ სტვენს
სამშობლოს სიყვარულითა,
ვინ დაგამცვრიოს მამულო
მთრთოლავი სიტყვა გულისა...
არღუნის მძლავრმა სიშმაგემ
გადაგიწვინა მკლავზედა,
წყალი თუ მიწა შენს თავსა
გვეცილებოდა რაზედა...

,,შენი მერქვასო სამშობლოვ"!
ვაჰმე უდროოდ ცას შესწვდა,
დაჰფინე შენი სიტურფე
მუცოს წინაპართ ძვალზედა...

რად არ მაჰკვდები სიკვდილო!?!
ჰბოგინობ შენსა ჭკვაზედა...

                                    აონი



ტკივილი

ქარო
მაიტა მანდილი,
ჭიუხში გადავარდნილი
ქალის, რომელიც მიყვარდა
აქ შეუერთდა ძილს.

მთაო
მაიტა ბანი,
ხმა აღარა მაქვს, ლამის
ჩავკეცო ეს სიმაღლე და
წვეთი შავიქმნა წყლის.

წყალო
მაიტა ხელი,
წამო ვიაროთ ერთად,
ვაგლახ ვერ შევძელ ერთმა
რომ დავეწიო შვილს.

გულო
შენ კიდევ ძგერ?
ხელო შენ კიდევ წერ?
სიზმარია თუ ცხადი,
თუ გამოცანა ღვთის?

                    გიო3




მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას...)

(ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...............)



მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები,
მზისკენ ამიკენკეს განაჩენი,
გუშინ ჩემს ბუდეში ვიგულე და,
დღეს კი შემატოვეს გადარჩენას.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩვენი შეწყვეტილი სიმღერები,
მზემ თქვა, მე მფარველი ვიქნებიო
იმ ცის, რომლისკენაც ვიხედები.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩემი შეწყვეტილი პოეზია.
როგორ გადავურჩე წყალდოდობას,
როცა კიდობანი ნოესია.

რისთვის დავიჩემო პოეტობა,
რისთვის დავამღერო ან ფანდურზე,
თქვენი შეწყვეტილი სიცოცხლიდან
თქვენთან შეხვედრამდე გადავფურცლე...

                              ციცანა/გვანცა ჯობავა



გელა დაიაურს..

სულში დამიღამდა ქალავ,
საით გამიფრინდით ნეტავ,
ეჰ,ვერ გაპატიებთ ღალატს,
რად არ წამიყვანეთ თქვენთან,
ჩონგურს გადაუწყდა სიმი,
მოსთქვამს ფერწასული ჰანგი,
რა ვქნა,ვის შევჩივლო ეხლა,
ჩემი უკურნელი დარდი,
ჩემი  ორი ანგელოზი,
რისთვის გამომტაცე ღმერთო,
მამაც თქვენთანაა შვილო,
თქვენთვის სანთლად უნდა ენთოს,
თავზე ჩამომემხო ზეცა,
თვალი ცრემლებს ვეღარ ილევს,
ქალავ,რად უმტყუნე სიტყვას
და ფიცს ღმერთთან დანაპირებს,
მაგრამ ტიალია ბედი,
მისი ბილიკები მრუდე,
თურმე თვით არღუნიც გლოვობს,
რისთვის დაგვინგრია ბუდე,
ხევსურეთს ჭრილობა სტკივა,
მუცო გაათეთრა დარდმა,
მჯერა სამოთხეში მიხვალთ,
ჩვენ ხომ ღმერთი ასე გვწამდა,
მანამ გაგაღმერთებთ ლექსით,
ლოცვას გამოვატან ქარებს,
ეს ხმა ნანასავით გესმით,
ღვთისმშობელი გიღებთ კარებს,
აკვანს ანგელოზი გირწევთ,
კალთა მოგაფარათ ღმერთმა,
ქალავ,მიმიხედე შვილებს
ჩვენ ისე ვიქნებით ერთად...

                                                              მ.ბაიაძე


            მუცოს ტრაგედია
   
დილით გავიღვიძე თუ არა, ხევსურეთზე და  გელა დაიაურზე ფიქრი ამეკვიატა. 26 ივნისს მზიურში ჩატარებულ  ხევსურულ საღამოს ვიხსენებდი  და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორი იქნებოდა მომავალი საღამო ერთი  წლის შემდეგ. დაიაურს ვეტყვი და იქნებ ხარვეზები გამოსწორდეს, რომ  უფრო ორგანიზებული საღამო გააკეთონ-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი დედაჩემი რომ შემოვიდა და მითხრა:         
"დაიაურს ცოლ-შვილი დაეღუპაო..."
თავი გადმოვატრიალე, რომ გამეგო რა მოხდა, მაგრამ დედა იქ აღარ იყო.
მომეჩვენა? - გავიფიქრე და წამოვხტი...

-  რა დაემართათ?
- ავარიაში მოყვნენ, ხევსურეთში, ბავშვებიც...
    ბავშვები სულ პატარები იყვნენ, გამახსენდა  გელას და თეონას უმცროსი შვილი, ჯარჯი  რომ შეეძინათ, გიო არაბულმა მითხრა და მეც გახარებულმა ხევსურეთის საიტზე დავუწერე, "ღმერთმა გამრავლოთ-თქო," მაგრამ...
ჯერ ერთი წლისაც არ იყო ჯარჯი...
უფროსი, დემეტრეც ძალიან პატარა...
მერე კომპიუტერში სიმღერების ფაილი გავხსენი. თეონას და გელას სიმღერების ჩამონათვალს თვალი ჩავაყოლე და...
გამიჭირდება, უფრო სწორად, ვეღარ შევძლებ, რომ მათ სიმღერებს ვუსმინო.
- ხედავ? შენ კიდევ ხევსურეთში გინდა წასვლა - მეუბნება დედა და მერე ცდილობს ამ ტრაგედიაზე აღარ იფიქროს. დედა ხევსურია, თუმცა მთაში ასვლა არ უნდა, ალბათ იცის... თუმცა მე არ ვეშვები.
- ავარია ყველგან შეიძლება მოხდეს, ხევსურეთშიც და აქაც.
- ჰო, მაგრამ შენ არღუნზე გაქვს ლექსი!
    მას შემდეგ, რაც მდინარე არღუნზე ლექსის დაწერით, თითქოს და მასში  დახრჩობა ვიწინასწარმეტყველე, ჩემი ნაცნობები შეშინებულები არიან და მთაშიც აღარ მიშვებენ. ამ ფაქტის მერე თვითონვე აღარ მინდა ხევსურეთში ასვლა. იქ ხომ ყველაფერი ამ ამბავს გამახსენებს, ეგეც არ იყოს, ბავშვების გვამები სწორედ არღუნმა გაიტაცა. წარმოიდგინეთ, ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ მდინარემ წაიღო...
    რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება? თანაც, ხატობიდან ბრუნდებოდნენ, ახლა ხომ ხევსურეთში უდიდესი დღესასწაული - ათენგენობაა.
  ან ბავშვები რა შუაში იყვნენ? ეს კითხვა ალბათ არამარტო მე მაწუხებს, თუმცა, პასუხი უფლის მეტმა არავინ იცის...
  ამ ტრაგედიას გელა დაიაურის ცოლ-შვილის გარდა მისი ცოლის დის,  ბერდია არაბულის, ბერდიას მეუღლის და მათი ოთხი თვის შვილის სიცოცხლეც შეეწირა.
  გლოვის ადგილად გადაიქცა ამაყი ხევსურეთი...
  წვიმს და ცუდი ამინდია  მთაში. ალბათ,  ბუნებაც გლოვობს უცოდველი ბავშვების დაღუპვას.
  ხევსურეთო, რატომ გაწირე შენი შვილები შენსავე მიწაზე?
  ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ...

                                                                ლიკა_ოხანაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები