ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2010


ლუკას.

  მე და შენ 8 წელია და-ძმა ვართ... ახლაც მახსოვს ჩემი რეაქცია, როდესაც გავიგე- ძმა უნდა მყოლოდა. მაშინ ყველაზე უბედური ბავშვი ვიყავი. 15 წლის დედისერთა, მამას ნებიერა და მშობლების ერთადერთი სიხარული მე ვიყავი მანამ, სანამ შენს შესახებ რაიმეს გავიგებდით. მას შემდეგ, ყველა დედაჩემის წამოზრდილ მუცელს ეფერებოდა. სახლში ის სადილი გვქონდა, რომელიც დედას ესიამოვნებოდა, ისიც შენს გამო... საშინელი 9 თვე გავატარე, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ვიცოდი, უკვე ნახევარ სითბოს მივიღებდი და მეორე ადგილს უნდა დავჯერებოდი.
  დადგა ის დღეც და 19 ივნისს, შენ მოევლინე ქვეყანას- თეთრი, ქერა თმით, ცისფერი თვალებით და უსუსური, უმწეო მოძრაობებით. დანახვისთანავე რაღაც ჩამწყდა გულთან ახლოს... მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თავიდან, როგორც პატარა საყვარელ არსებას ისე გეფერებოდი, გივლიდი, ჩემი ხელით გაჭმევდი და როდესაც დედა გადაღლილი იყო, მთელი ღამე გაუნძრევლად ვიწექი, რადგან მკერდზე შენი თბილი სუნთქვა მელამუნებოდა, ასეთ უსუსურს ძილს ხომ არ დაგიფრთხობდი?..
  მახსოვს, შენი პირველი აცრა, რამდენი იტირე პოლიკლინიკაში. იმ საღამოს სიცხეც მოგცა, მე კი შენთან ერთად ვტიროდი. შენი პირველი საუბრის მცდელობა მახსოვს. მე და ჩვენი თბილი დედიკო შენს გვერდით ვიყავით, როცა დამოუკიდებლად რამოდენიმე ნაბიჯი გადადგი. დედასგან ჩემამდე 3 მეტრიანი მანძილი ბანცალით გამოიარე და გამარჯვებული სახით ჩამეხუტე...
  მახსოვს, როგორ დამყავდი ბაღში. საღამოობით კი შენთან ერთად იატაკზე ვიჯექი და "პიპიებით" ვთამაშობდი...
  ჩემო პატარა, შენს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები დედასგან შორს ყოფილხარ, მაგრამ მე მაშინაც შენს გვერდით ვიყავი. როცა ყოველ საღამოს მიწოლას მთხოვდი, რომ დაგეძინა მე ვბრაზობდი, რადგან მეგობრებთან გართობას არ მაცდიდი.
  მახსოვს, შენი ყველა დაბადების დღე და სადღესასწაულო ტორტი, საჩუქრები, რომლებითაც მერე ერთად ვთამაშობდით.
  მახსოვს, როგორ დამიჯღაბნე საკონფერენციო თემის ერთადერთი ეგზემპლარი სანამ სახლიდან გავიდოდი ნახევარი საათით ადრე.
  მას მერე, რაც ჩვენ და-ძმა ვართ, რვა წელი გავიდა და მე დღეს ყველაზე ბედნიერეი ადამიანი ვარ...
  უნივერსიტეტში წასასვლელი გზის ფულიდან მორჩენილი ყოველი თეთრით, შენთვის შოკოლადი მომქონდა ბედნიერი სახით. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მეტი შეგხვედროდა, მე საყვარელი ხილის რამოდენიმე მარცვალს, ან ერთ ნაჭერს ვჭამდი.
  შენი პარატა, თბილი ხელების შეხება დღეს ყველაზე მეტ შვებას მგვრის. მინდა იცოდე რომ დაიკო არასოდეს მიგატოვებს. მაშინაც კი, როდესაც (100 წლის შემდეგ, თუმცა გარდაუვალია და) ჩვენს მშობლებს უფალი თავისთან მოუხმობს, მე შენს გვერდით ვიქნები, გულში ისე ჩაგიკრავ, როგორც პირველი დანახვისას და გეტყვი- "მე შენთარ ვარ"...
  თუმცა, მანამდე დიდი დროა. წინ ძალიან ბევრი თბილი, ლამაზი და სიყვარულით სავსე დღე გველოდება.
  დაველოდები შენს პირველ სიყვარულს, ჩვენ ის ერთად გვეყვარება. შენი ქორწილის დღეს კი, გპირდები ვიტირებ, ვიტირებ შენი ბედნიერების სიხარულით.
  დაიკო ყოველთვის წამოგაყენებს, როცა წაიქცევი. ჩამოგფერთხავს მტვერს და ამაყად თავაწეულს გაგიშვებს ახალი დაბრკოლებისაკენ, რომელსაც ცხოვრება უხვად მოგიმზადებს.
  მანამდე კი,თბილისის სიცხეებს გამორიდებულნი, ხაშურის სიგრილეს ვაფარებთ თავს. ყოველ საღამოს ძილის წინ მკოცნი და არ ივიწყებ ფრაზას- "შენ ყველაზე კარგი დაიკო ხარ, ხვალიდან აღარ გაგაბრაზებ... მიყვარხარ." ღამე, ცალი ფეხი მუდამ ჩემს საწოლში გაქვს გამოყოფილი და ამოწმებ დაიკო ხომ არსად გაგეპარა.
  ამ საღამოსაც, ტელევიზორის წინ მოკალათებულნი ვვახშმობთ. შენ საგულდაგულოდ შენახული სამწვადე გაქვს მენიუში. მე კი, მის ციხიმში შემწვარი კართოფილი. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი ნაჭერი არ მოგაკელი. მე ხომ ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა.
  ჩემო ბიჭო, ძალიან მიყვარხარ. ჩემო ცელქო, ჯიუტო, ჭკვიანო, თბილო და მაინც უსუსურო, დაიკოს სიცოცხლე მხოლოდ შენთვის უღირს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები