ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმასთან ვარ
ჟანრი: იუმორისტული
13 ნოემბერი, 2010


ფრიდა გადაფრინდა (ჩემებრ შქსპირისეული)

ეს მოხდა ღამით. სავსე მთვარისას.
ოდეს ბეღურებს ეძინათ მშვიდად.
მარტმა აპრილი გაიმაისა და
ახლა ზამთრის ოცნებებს ფშვნიდა.
გადაჰფენოდა მთვარის შუქ–ჩრდილი
მიდამოს; ისეთ განწყობას ჰქმნიდა,
რომ სატრფოსაგან მიტოვებული
ბალიშს პუტავდა ქალწული ფრიდა.
გარეთ კი სიო ნორჩ.მწვანე ფოთლებს
ეცეკვებოდა ვალსს ნელი ქროლვით.
ფრიდა ტკბილ ბანგის გამოცლილ ბოთლებს
ჭიქაში წურავს ხელების თრთოლვით.
წერილი ბოლო ფარსი რჩეულის
აგერ მაგიდას ამძიმებს სევდით
საგულდაგულოდ არს შერჩეული
ასოთა წყობა მარცხენა გვერდით:
      შ  ემომეძარცვა გრძნობები, ვწუხვარ...
      ე  ს სიყვარული გაფანტა ვედრომ
      ქ  მნილებავ ზეცის, მწუხარე ნუ ხარ
      ლ ომივით ფაფარ აშლილო მდედრო.
      ი  ა–ვარდს ალბათ მიგამსგავსებდი,
      ა  ვადმყოფს რომ არ გიგავდეს სახე
      ვ  ალს ვიცი ოდეს გადახდა უნდა
      ო  ორმაგს გიბრუნებ, კონვერტში ნახე.
ოთახში ბჟუტავს სინათლე სანთლის.
კუთხეში გდია წითელი ქოში,
მაგიდაზე კი წერილთან ახლოს
მზერას იმონებს თვრამეტი გროში.
ფრიდას სიბრაზეს არ აქვს საზღვარი
ხელში მოხვედრილს ყველაფერს ამტვრევს,
მისი კივილი და ცრემლთა ზვარი
კვირტებს უხეთქავს ეზოში ატმებს.
ბოლოს სიმშვიდის მოდის საათი.
ფრიდამ აივანს შეადგა ფეხი
სიმაღლე მეტრი ცხრაა ან ათი
მოწმენდილ ცაზე გავარდა მეხი.
ბუნებაც თითქოს თანაუგრძნობდა
ცამ გული ისკვნა ცრემლებით მსხვილი.
ქალწულის წითელ მეწამულ პერანგს
მკერდზე ჩახსნოდა მაცდურად ღილი.
წამის მეასედს წითელმა ფარჩამ
გაიფრიალა ღამის უბეში
მოგონებები აივანს დარჩა
ქალს–ამნეზია,წვიმის გუბეში.,,
            რა ამაოა წუთისოფელი
            და ამაზრზენი ეს ბედისწერა
            აქ დავასრულებ მიჯნურის ამბავს
            ნეტავ ამდენიც არ დამეწერა.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები