 | ავტორი: კარპენტერ ჟანრი: პროზა 16 ნოემბერი, 2010 |
გათენდა. მზემ შორეულ სხივებს შორის ამოანათა. მშობლიური სახლის აივნიდან ყოველთვის განსაკუთრებულია განთიადი, პირველი სხივების და გრილი სიოს შეგრძნება. ეს დილა კი უფრო განსაკუთრებულს ხდის ბუნების გაღვიძებას, რადგან შესაძლოა დღეს უკანასკნელად ვხედავ ამ სილამაზეს. მზის სიმხურვალესთან ერთად მოგონებებიც ძლიერდება... * ბაბუამ ორჯერ აიღო იარაღი. პირველად მაშინ როდესაც მსოფლიომ პრინციპის გამო ორი მილიონი ადამიანი რომ დაკარგა. მას შემდეგ დაქორწინდა, შვიდჯერ გაისროლა თოფი. ამბობდა ბუნებას ვალი დავუბრუნეო, 4 ბიჭი და 2 გოგო, 6 მოკლული გერმანელისთვის, მეშვიდე იყო მამა... როცა ფერფლიდან აღმსდგარმა ფენიქსმა, დედამიწაზე მჭლე მთიბავთა ლაშქარი დაპატიჟა, იარაღმა მეორედ უხმო ბაბუას. ის დაბრუნდა, მაგრამ ცალი ფეხი იქ დატოვა... * მამამაც ორჯერ აიღო იარაღი, ორჯერვე დაემშვიდობა. პირველად მაშინ, როცა სხვა ქვეყნის ჯარში მყოფს, მის სამშობლოში იარაღით ხელში აბრუნებდენ, დების ძმების წინააღმდეგ. შემდეგი ორი წლის განმავლობაში შემოდგომას კაკლის საბერტყით ხვდებოდა, მესამე წელს სამშობლომ უხმო. შემოდგომა იარაღის კაკანით გაატარა... იარაღმა ახალი მეგობრები შესძინა, ძველები იარაღმა წაართვა... იმ წლის შემდეგ ბებია ეუბნებოდა, “თავს ნუ იკლავ, მამაშენი სმამ მოკლაო”. მამა სმას არ მოუკლავს. ერთხელ შევიდა ოთახში, თქვა- “მშვიდობით იარაღო”. მას შემდეგ, ჩემს პატარა ძმას, რომელიც მამის საწოლქვეშ მემალებოდა, ცალ ყურში აღარ ესმის. * ახლა ჩემი ჯერია, მე მიხმობს იარაღი, მიხმობს სამშობლო... აი ჩემი ავტობუსიც მოვიდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობთ კომენტარისთვის მადლობთ კომენტარისთვის
2. ლამაზია გაიხარე
5555 ლამაზია გაიხარე
5555
1. ''სამშობლო გვეძახის!''
5 ``სამშობლო გვეძახის!``
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|