ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოვლი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ნოემბერი, 2010


გათლილი ვაშლის ზღაპარი









,,არა იმიტომ, რომ სარკე გამტყდარა,
არა იმიტომ, რომ ქარი მილში ყეფს,
არა იმიტომ, რომ ფიქრებში შენზე
უკვე გაჟონა უცხო რაიმემ _
არა იმიტომ,
არა იმიტომ,
ჭიშკართან სულ სხვას
შემოვეგებე."

Анна Андреевна Ахматова




ჩემი ქალაქი დამწვრის გემოს  ატანს ჰაერს.
შენ სიცილად არ გყოფნის ჩემი უძილო ღამეები.
ერთხელ წიგნი რომ დამიბრუნე, სეტყვასავით მომსკდა  ცრემლები, რადგან წიგნს გადაუშლელობა ეტყობოდა.
შენ იღიმოდი და ყალბ ნიღაბს ირგებდი, თემაც გადაიტანე, პერსონაჟებზე რომ არ მეკითხა.
  გაიხსენე, როგორ ქარივით ქროდა დუმილი მაშინ, როცა ყოჩივარდებდაყრილი კაბა ვერც კი შემამჩნიე ტანზე და დაჰიპნოზებულივით გაჰყევი სხვისი თმის სურნელს.
მერე მითხარი, მთვარის ნახვა უფრო ახლოდან მინდოდაო, არა და მე ხომ ვიცი, რომ ეს სხვა არაფერი იყო, გარდა ღალატისა!
თან ორმაგი ღალატის - მთვარეს შემოხვიე სადავეები და სხვისი თმის სურნელიც დაიხვიე მაჯაზე.
მერე ჩამოსრიალდით წვიმისგან გაკვალული ღარებით ქალაქამდე, ჯიბით წამოიყოლე ისიც და როცა ჩემს სახლს გაუსწორდით, სადაც მე უკვე მშვიდად მეძინა და ,,ამა ქვეყნისა არ ვიყავი“ - კართან დამიგდე, ჩვრებში გახვეული ჯადოსავით.
მე ისევ მშვიდად მეძინა, როცა იმ სურნელმა კარზე მომიკაკუნა და გამაღვიძა.
კარი რომ გამოვაღე, უსუსური, ნაცემ-ნაბეგვი, შეურაცხყოფილი, კაბაშემოხეული დამხვდა და დახრილი წამწამებით მეუბნება:
_შეიძლება?
  მე უაზროდ შემეცოდა, შემოვუშვი, ჩემს თბილ ლოგინში ჩავიწვინე და მთელი ღამე ჩახუტებულს მეძინა მასთან. ცრემლებით დავალბეთ ბალიში, ის უმანკოობას მისტიროდა, მე ღალატს. ასეა ყოველთვის!
  სიჩუმემ გაგვაღვიძა დილას და არც უჭამია, ისე წავიდა ჩემი სახლიდან.
დახრილი წამწამები არ აუწევია ზევით, ემძიმებოდა.
მე დარდისგან დავფეხმძიმდი, ბევრი ვემუდარე, არაფრით დარჩა.
შემზიზღდა მერე, რადგან მასში შენი სუნიც შევიგრძენი, აზელილი.
შენ რა იცი, რა არის ზიზღი!
 
  ორი დღის მერე შემხვდი ღიმილით.
დაგინახე თუ არა, ვიგრძენი, რომ რაღაცა გაკლდა, ის რაღაც, რაც უკვე სხვას გადაეცი და ვერც კი გაიგე, ისე დაგაუშნოვა.
თბილად მომიკითხე და მკითხე ზეციდან მუსიკა თუ გესმისო.
აქამდე ათასჯერ მქონდა შენთვის ნათქვამი, ცოდვილი ვარ და ზეციდან მუსიკა მესმის - მეთქი, დაგავიწყდა, სამაგიეროდ ახლა შენც გაიგონე!
უფრო სწორად კი შენ რა იცი, რა არის ცოდვა!
მეც რაღაც გიპასუხე, სიმართლის ნაცვლად, მაგრამ ჩემი აღარ გესმოდა, ზეციდან მუსიკას უსმენდი.
ნიღაბი მოირგე, გავისინჯავო, იფიქრე, მაგრამ სამუდამოდ დაგეკრო სახეზე.
ვერც ახლა ხვდები, რომ შენი ბედი ფრჩხილებდამძვრალი გდია და სულს ღაფავს.
მე ზედმეტად სუსტი ვარ, იმისთვის, რომ გადაგარჩინო.
შენ ცხელი ქარების სუნთქვიდან გაჩნდი და ლორწოვანი თვალებით იხილე ნათელი.
ქვიშას სუნთქავდი და არ გასწავლეს, რომელ კურდღელს უნდა დაეწიო, როცა დრომ მოიტანა და ორივეს  მისდევ.
ტალღების ხმას ვერასდროს გებულობ, იმიტომ რომ შორიდან ვიღაც ქვეშაგებს ბერტყავს და გისოსებზე რკინის კეტს აკაკუნებს.
ახლა ცდილობ ჩაიში ლიმნად ჩამეწურო, მაგრამ არაფერი დამრჩენია იმის გარდა, რომ ვიყო ქალი და ვზიდო მორიგი დამცირებები იქამდე, სანამ მკერდი საღეჭი რეზინივით არ ჩამომეწელება.
იარე და უსმინე მუსიკას ზეციდან, ჩემი მუსიკა ახლა ნავზეა და ჰორიზონტს კოცნის!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები