ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარპენტერ
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2010


სამშობლო გვეძახის (ნაწილი II)

სამშობლო გვეძახის... ჩვენ, მათ... ჩვენი სამშობლო... რომელიც გვიყვარს, რომლისთვისაც თავს ვწირავთ... არაფერს ვითხოვთ სანაცვლოდ...
დღე I
დღეს ჩამოვედით ცხინვალში, ვგულისხმობ ასეულს. ავტობუსში რამოდენიმე მათგანი გავიცანი, თუმცა ზოგი სხვა რაზმიდანაც იყვნენ... ახლა ვართ ცხინვალის სამხრეთით, ქალაქი ხელისგულივითაა გადაშლილი ჩვენს წინ. სადღაც შორიდან ისმის ქალების კივილი, დაჭრილთა ყვირილი, და იარაღის ჟღარუნი.
მეთაურმა თქვა, რომ ხვალ ქალაქში შევალთ. კარგი იქნებოდა ამას არმიის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი არ ამბობდეს. მოვა დრო და ასეც იქნება.
დღე II
ქალაქი ნანგრევებშია. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეცვლილა აქ. მეორე კლასში ვიყავი, ამხანაგმა არდადეგებზე დამპატიჟა, მახსოვს კარგად გავერთეთ. გუშინდელ დღეზე ამას ვერ ვიტყოდი. თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარეთ, ვეძებდით იმათ ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ეს საკმაოდ რთული იყო. სანამ ისინი არ გვესვრიან ისინი არ ვიცით არიან თუ არა ისინი მტრები. ამის გამო, ჩემი მეგობარი მძიმედ დაჭრეს.
მე ვესროლე იმ ბიჭს პირველმა. ეს ყველაზე ცუდი გრძნობაა რაც ადამიანს შეიძლება გადახდეს. პასუხი არ გაგვცა, იარაღი გამოაჩინა... წამში სამი თუ ოთხი გასროლა... ორი კაცი მიწაზე... ერთი გადარჩა, ერთი არა... ეს არის შედეგი გუშინდელი დღის.
როცა მომაკვდავს თავზე დავადექი და იარაღი მოვაშორე...
... მის თვალებში სიცოცხლის წყურვილი დავინახე, თითქოს არ ემეტებოდა სააქაო დასატოვებლად...
საშინელი გრძნობაა...
თვლი რომ შენი საქციელი სამართლიანია, მაგრამ ხედავ, რომ ვიღაც ამის გამო იღუპება, თან ის განწირულიც გენანება... თუ ის არ გაწირე შენს სიმართლეს ვერ აღასრულებ...
დღე III
ბევრი ვიფიქრე იმ ბიჭზე. რაც უფრო მეტს, მით უფრო მგონია, რომ ის არ ისროდა, არც აპირებდა ესროლა... ამის გამო ვნანობ, გულწრფელად ვნანობ რომ ვესროლე, რომ მოვკალი...
ამ ამბის შემდეგ კარგი ჯერ არ გამიგონია. მეთაური ხვალ ბრძოლას გვპირდება, რა თქმა უნდა მასაც არ უხარია ეს. თუმცა უიმედობას ვამჩნევ. ამას არ ამჟღავნებს. სწორიცაა, თუ საქმე ცუდად მიდის, თუ სიკვდილი გველის, იმედით მაინც შევხვდეთ მას, ღირსეულად, შეუპოვრად, ბოლო წამამდე გვჯეროდეს გამარჯვების. დაე სიტყვები “მერანიდან” ბოლო იყოს რასაც გავიფიქრებთ.
შემდეგი დღე
მეთაურის სიტყვები მართალი აღმოჩნდა: ხვალ დიდი ბრძოლა გველისო. ბრძოლაში ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე, ჩემს მხარდამხარ ყველა ლამაზი და სიმპათიური იბრძოდა. ჩემს წარმოსახვაში გმირი ყოველთვის გაიგივებული იყო დავით აღმაშენებელთან. აგვისტოს ამ ოთხი დღის შემდეგ ჩამოთვლაც მიჭირს. გმირები ვინც დავკარგეთ, ვინც გადარჩა ბევრი ყოველდღე გვხვდება, მათი ვინაობა კი არ ვიცით...
მახსენდებიან ისინიც ვინც გარდავცვალეთ, ისინი არ განსხვავდებიან ჩვენგან, მათაც ისევე უყვართ სიცოცხლე როგორც ჩვენ...
მე და მეთაური ერთად ვიდექით მანქანის უკან, ტყვიების ზუზუნში ძლივს გავიგე მეთაურის ხმა, მანიშნებდა რაღაცას, გამომყევიო... ორი ნაბიჯი გადავდგი, დიდი აფეთქება... მისმა ძალამ ჰაერში ამისროლა...
ვგრძნობ ტკივილს სახეზე, ხელზე, მთელს მარცხენა მხარეს...
მეთაური თვალებით მეძებს.
უკვე ვარდნას ვიწყებ, იარაღს ხელი გავუშვი, ჩაფხუტი ჰაერში მიფრინავს.
მეთაურმა მიპოვა, მიყურებს,
მე ვეშვები, იარაღი უკვე მიწაზე დავარდა.
ვხედავ ნათებას, იქ სადაც მეთაური დგას,
ჩაფხუტიც დაეშვა, მე ვეღარ ვხედავ მეთაურს. ჩაფხუტი მიწაზეა, იმ ადგილას მხოლოდ ორმოა...
ამ წუთებში, მახსენდება ბიჭი რომელიც ორი დღის წინ ზუსტად ჩემს მდგომარეობაში იყო. ჩემს სახეზე სიცოცხლის წყურვილი იყო აღბეჭდილი, ალბათ ამის გამო არ მესროლა უცხო კაცმა, რომელმაც დამხედა ვიყავი თუ არა ცოცხალი.
როდესაც სიკვდილი კარზე გიკაკუნებს, კარის გაღება არ გინდა, არასდროს. მაგრამ როცა იცი რომ ამის გაკეთება მაინც მოგიწევს, ფიქრობ იმაზე რამე ხომ არ გრჩება გასაკეთებელი... მე მრჩება...
გონს რომ მოვედი, ყველა ის ადამიანი ვის შესახებ ვფიქრობდი, ჩემს გვერთით იყო, ექვსი თვე გასულა. ეს დრო ფიქრში გავატარე. ერთს მივხვდი:
სამშობლო სისხლს და ხორცს არ გვთხოვს, ის ბევრად მეტს, ჩვენს სულს ითხოვს, რომ გვიყვარდეს სულით. ჩვენ ყველას სამშობლო გვეძახის... ჩვენ, მათ... ჩვენი სამშობლო... რომელიც გვიყვარს, რომლისთვისაც თავს ვწირავთ... არაფერს ვითხოვთ სანაცვლოდ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს