ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2010


ნინევი

ჩემს მყუდრო ფართობში, წარმართი მცნებები სახსრებში მომცვეთენ,
ლოგინად ჩავვარდი, ბალიშზე მხოლოდენ ქალაქის ნესტია,
ძილის წინ ილოცე ნინევი მუჭებში შეკრული ლოცვები,
ფაქტია - ლოყებზე სისხლშემხმარ ღვთისმშობელს ნუგეშად ესტუმრე.

აჩქარებს უკუღმა მჯდომარე ელია ქვესკნელის სახედარს,
შხეფები გესხმევა, მე წვიმა არა ვარ, ფარდები დახურე,
ანათებს დასავლეთს ცოდვების ამრეკლი, გათვლილი ფარსახი,
განბანილ თეძოებს აორებს რაფაზე პრიალა ხომრე და

ნინევი, თუ გჯერა ცრუ რწმენის, მიამბე რამდენჯერ ყავაში
იპოვე საბედო,-საბედო მომავლით ნატვრის თვალს მოგიტანს,
მე, არც ერთ მათგანში, მხედრული ალღოთი არასდროს ვიყავი,
ნინევი, მაისი კალთაზე დაჭრილი პოეტის ტანია.

ნინევი თანდათან გავხდები, შენს თმაში განხილვის საგანი,
რატომღაც ვიმართლებ თავს, სასოწარკვეთას ვიჩემებ თავადვე,
შენამდე მომსვლელი ორღობე - ოცნება ბლაგვი და განივი,
შენამდე მი-მომსვლელ ორღობეს ავცდი და მიშორებ ადვილად.

აქ, აღმოსავლეთში, ყოველთვის ცივია... მშრალია ყინვები,
ჩემს კუბურ ოთახში, ბალიშზე მხოლოდენ ქალაქის ნესტია,
სიკვდილის პირია, ეშმაკმა დალახვროს, ნოტები მიებნენ
ქარებს და ქარები ყმუიან, ობლად დარჩენილი სტვირივით.

ნინევი, დიღომი - სამყოფელს გეტყვი ჩემს - მეორე სართული,
გაშალე ფრთები და გაგიღებ, მოფრინდი ქალწული(მი)სამებრ,
თუ მტოვებ, დამტოვე, ასეა, შენს გულში მძევლობა რთულია,
ზეცაზე ჩამოდნა, მრავალი უშვილო მნათობთა მემბრანა.

გავწბილდით. გვეყოფა, დავბრუნდეთ იქ, სადაც აქამდე გითხარი,
რომ მყუდრო ფართობში, წარმართი მცნებები სახსრებში მომცვეთენ
და მხრებზე უშენო, უშენო ვნებები მკიდია ხარკივით,
ილოცე ნინევი, ძილის წინ მუჭებში შეკრული ლოცვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები