ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოვლი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2010


- და + უსასრულობა

  ,, ამ მარტოობისხელა ოთახში, ჩემი მარტოობისხელა გული  შენით დაორსულდა
და აკაცია, ყვავილები შენს თვალებად რომ გამოისხა, მე ლექსად გიშვი“
                                                                                  (ნატო ინგოროყვა)


გეთანხმებით, სრულიად გეთანხმებით, რომ თხრობას თავიდან იწყებენ ხოლმე __

დღისით, შუადღის 12 საათსა და 45 წუთზე მივლულე თვალები, სააბაზანოში ამიცურდა ფეხი, თავი კაფელს  მივარტყი და სისხლისგან დაცლილი ვეგდე მთელი საათი.
იქამდე ყავა დავდგი გაზქურაზე და სანამ მოიხარშებოდა, გადავწყვიტე წყალი გადამევლო. ირაკლისთან შეხვედრიდან დაბრუნებულს ღამით ისე საშინლად მეძინებოდა.
არა და იმ ღამეს არაფერი მომხდარა.
ირაკლი რომელიღაც ბიზნეს–კომპანიაში მუშაობს და თავისი ცხოვრება აქვს. ჰყავს მოსიყვარულე (როგორც თავად ამბობს) ცოლი და შვილი, ბიჭი.
მეც საერთოდ ბიჭზე ვოცნებობ, იმიტომ რომ გული მიგრძნობს, შინაბერად დავრჩები. საერთოდ, საყვარლის გაჩენა სამაგალითო საქციელად არასდროს მიმაჩნდა, მაგრამ მარტო მცხოვრები ქალისთვის უმძიმეს ცოდვად არ ჩაითვლება, დიდი იმედი მაქვს.
სიკვდილი, რა თქმა უნდა, არ მსურს, ისევე, როგორც დანარჩენ ნორმალურ ადამიანებს, მაგრამ ხვალინდელ დღეზე წარმოდგენაც კი არ მაქვს და საერთოდ, ასეთი რამეებით არ ვიღლი გონებას. ვის აქვს გარანტია?
დავდივარ წიგნების მაღაზიაში, იმდენად ხშირად, რომ გამყიდველი წითელბერეტიანი გოგონა, რომელიც არასდროს არ ეწევა, როცა  უნდა შევთავაზო, უკვე სრულყოფილად იცნობს ჩემს გემოვნებას და ხასიათების მიხედვით მირჩევს ლიტერატურას: უცნაურ ხასიათზე მყოფს – კოელიოს, სერიოზულ განწყობაზე – ამელი ნოტომს, მხიარულ განწყობაზე – მოემს და ამინდის მიხედვით ჩაწყობილი წიგნების თაროსთან მიშვებული მყიდველების სიაში ვყავარ ჩაწერილი. უცნაური გოგო კია, არასდროს არ ეწევა, როცა  უნდა შევთავაზო!
ვუსმენ ნორა ჯონსს და ყველანაირ ქაუნთრი სთაილს, ხანდახან ვიცვამ წითელ ფეხსაცმელებს და ვცეკვავ ბლუზს.
მიყვარს მზე, ვუღებ ფოტოებს მზისგულზე მოსკუპავე ჩიტებს და ვერც კი წარმოვიდგენ, ოდესმე ბიზნეს–კომპანიაში მომუშავე ირაკლის საყვარელი თუ გავხდები, მხოლოდ იმის გამო, რომ მარტოხელად დარჩენილს შინაბერობის შიში შემაწუხებს.
ზაფხულში გავიგე, რომ დაუჭერიათ. სიყვარული პირველად მეწვია. აქამდე არც კი ვიცოდი, რა გრძნობა იყო, როცა წვივზე უროთი ლურსმნის დაჭედებასავით გიყვარს ვინმე. ის ბიჭი უნივერსიტეტში ყველაზე სიმპატიურად ითვლებოდა და ბევრი ცდილობდა, თავი მოეწონებინა, მე კი საერთოდ არ ვიცნობდი და არც არასდროს მიფიქრია, რომ შემიყვარდებოდა. 
ღამეები უაზროდ გადის. დედას დღე და ღამე , გადაბმულად ახველებს, ექიმმა თქვა, რომ ავად არის.
მამა საზღვარგარეთ წავიდა, ალბათ რომ ცოდნოდა დედა ავად იყო, არ წავიდოდა, მაგრამ ამას გვიან მივხვდები, რომ სისულელეა.
მეგობრები აღარ მყავს. მე მგონია, რომ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზად ჩაცმული გოგო ვარ სკოლაში, მაგრამ ჩემი მეგობრები ჰეროინით მივსებენ ნესტოს.
აქამდე, ჩემთვის არავის უთქვამს, რა არის თვიური.
მე ტალახიანი ხელები მაქვს და საშინლად გაციებული ვარ, ალბათ ამიტომ დავრბივარ ცინგლიანი ეზოში. აუტანლად მეზიზღება მეზობლის ძაღლი, რომელმაც ფეხზე მიკბინა ერთხელ.
კედელ–კედელ დავდივარ, ფეხსაცმელი მიჭერს, მაგრამ ვერაფერს ვამბობ და დიდად არც არავის ვაღელვებ, იმიტომ რომ ბებია ყოველთვის კომპოტების კეთებაშია. მინდა, როგორმე მივაწვდინო ლურსმანი ,,შტეპსელს“, იქნებ ასე მაინც დამანებოს თავი სიცოცხლემ, არ მითხოვია მისთვის წყალობა! მაგრამ ვერ ვწვდები, ალბათ უნდა ვიცოცხლო.
ვტირი, მშია.. მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ ჩავისვარე, არა და უფრო განწირულად ვტირი, როცა ვისვრი. აზრზე არ არიან არაფრის!
ლორწოთი დავიფარე, სხეული სისხლიანი და განავლიანი მაქვს. ვეღარც ვტირი. ვქრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები