ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 იანვარი, 2011


გურამ ასათიანი (ახალი პოეტიკის სათავეებთან)

თუ XIX საუკუნისთვის ტიპიური იყო ე.წ. სიუჟეტიანი ლექსი, თანამედროვე ქართული ლექსის კომპოზიცია გართულდა, გახდა უფრო კომპაქტური, უფრო მეტად დაიტვირთა მრავალფეროვანი ემოციური შინაარსით, უფრო მრავალმხრივად გადმოცემული განწყობილებით. წარმოიშვა ახალი ტიპის ლექსი უფრო ტევადი და ელასტიკური პოეტური განცდის უშუალო ფიქსირებისთვის. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს ჩვენს დროში სიუჟეტიანი ლექსის არსებობის კანონზომიერებას. ასეთი ლექსი იწერება დღესაც და ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ის ანაქრონიზმად გამოვაცხადოთ.

სწორი არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ყველა ეს ცვლილება ქართულ პოეტიკაში მოხდა უცხოური ან რუსული ლიტერატურის გავლენით. ცხადია, ამ გავლენამ შეასრულა გარკვეული როლი. სრულიად არ არის საჭირო, თანამედროვე ქართული პოეზია წარმოვიდგინოთ იზოლირებულად და ხელოვნურად მოვწყვიტოთ ახალი მსოფლიო ლიტერატურის განვითარების გზებს. კერძოდ, უნდა აღიარებული იქნას, რომ ქართულ პოეზიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონია იმ სიახლემ, რაც საერთოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა მსოფლიო რეალისტური ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრში, ფერწერიდან დაწყებული პოეზიამდე. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ეს ცვლილება ქართულ პოეტიკაში მოხდა. საგულისხმოა ის, რომ თვით ქართული ლექსის ბუნებაში, მის მრავალსაუკუნოვან მაღალ კულტურაში იყო ყველა მონაცემი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ ახალი საფეხურის მიღწევა.

ყოველივე ამაზე შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ სწორედ დღეს, ჩვენი აზრით, ძალიან მწვავედ დგას ქართული პოეზიის, მისი მხატვრული შინაარსისა და ფორმის, მისი განვითარებისა და მომავალი პერსპექტივების საკითხი. არის დიდი შინაგანი ძვრები და, სამწუხაროდ, ეს სრულიად არ აისახება ჩვენს ლიტერატურულ კრიტიკაში. ძალზე იშვიათად, ძუნწად იწერება წერილები პოეტური ოსტატობის შესახებ. მივიწყებულია მთელი რიგი მტკივნეული საკითხებისა, რომლებიც გამომზეურებასა და სერიოზულ განხილვას მოითხოვენ.

დღევანდელ ქართულ კრიტიკაში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანამედროვე პოეზიის კონკრეტული ნაწარმოები განიხილება უკვე საკმაოდ მოძველებული და ამის გამო ფაქტობრივად უვარგისი კრიტერიუმებით. ბუნებრივია, ეს დროგასული, ტრაფარეტული საზომები შეუძლებელს ხდიან ჩვენი დროის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოეტური მოვლენის ნამდვილ შეფასებას.

გარდა ამისა, ეს იწვევს კრიტიკული მომთხოვნელობის შესუსტებას. ის სტანდარტული განსაზღვრები, რომლებიც დღემდე შემორჩა ქართულ კრიტიკას (ყველა ეს „გულწრფელი“, „ომახიანი“, „ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი“ და ა.,შ სინამდვილეში ხშირად წარმოადგენენ ამა თუ იმ პოეტური ნაწარმოების მხატვრული უნიათობისა და პრიმიტიულობის ხელოვნურ საფარველს.

ჩვენი აზრით, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ოსტატობისა და ფორმის საკითხთა გამახვილება და მათ შესახებ პრინციპული ლაპარაკი. მხოლოდ ასეთ შეთხვევაში იქნება შესაძლებელი, მთელი იმ მხატვრული გამოცდილების განზოგადება და ობიექტური შეფასება, რომელიც დაგროვილია ქართული თანამედროვე პოეზიის მიერ თუნდაც უკანასკნელი ათეული წლის განმავლობაში.

ასეთი თეორიული გამოკვლევა წარმოადგენს ჩვენი ახალი ლიტერატურათმცოდნეობისა და კრიტიკის გადაუდებელ ამოცანას, რადგან დადგა დრო, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში მოხდეს ფასეულობათა სერიოზული გადასინჯვა პოეტური ხელოვნებისადმი მაღალი პროფესიული მომთხოვნელობის პოზიციებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები