ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


ეს კვირა(ც) რახან...

ყური მიუგდე დაბელტილი მიწების ექოს...
აშარმა წვიმამ რომ გადახსნა - ხის აივანი
და საკეც მოლბერტს, სიცივისგან - წელშიმომტვრეულს
მთვარე დანათის - შუქ-ჩრდილები უფრო მზიანი.

ქარი ჩამდგარა... საშიშია ახლა სუნთქვაც და
თხილის ტოტები (ღობის მწკრივში) კანგადაცლილი
ფარავს სიცივეს და ბოლო დროს როცა ანაზდად
უცხო მეურმეს ფაშატები ტყუპ გულს გააცლის -

კოჟრიან ფოთლებს... ბოლოებში წარბებ-შეჭმუხნულს
აქ - წნელის ფაცხა უთენია დილას აქარებს
ღრიჭოებში და საცერივით გაბმულ თუთის ტოტს
ვაზის თმით ვკრავდი (ორი-ორზე) და ბებერ ხარებს -

რქებზე ადგათ ჩვენი სოფელი... ბოლო დროს რახან -
პირგრძელი მთები დამსკდარ მიწას მუჭში იტევდა
და გულის მხარეს გაბოლილი ღრუბლები დაღრღნა
უამინდობამ, წყვეტილია წვიმა და ტევრი -

წაქცეულა - დაფენილი ბამბუკებს შორის
(კაკლის ხე წვდება პირ-დაფუფქვით ღია კანაოს)
ნესტი კი ისევ ბორიალობს სოფლად და უვლის
მთვარე ბილიკებს კრეფა-კრეფით - შემდეგ უარობს -

გამოდარებას -
და იწვიმებს ეს კვირა(ც) რახან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები