ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2011


მინიატურები

###

ვერა და ვერ გაიშალა კვირტები. . .ცოტა ადრეა. შეპარვით ვათვალიერებ ყველა ხეს. . . სავსე მთვარესავით დამშვენდნენ და ორსული ქალივით გადაიქცნენ. უსულგულოდ შემატოვეს ლოდინს დაბადებისას.. . დღეს, ფიქრის გუდა ასხმულს, სადღაც მინდა გაპარვა, თუმცა მე სულ სადრაც მინდა ყოველთვის წასვლა და რაც უფრო დიდია სურვილი ამისა, მით უფრო სიღრმეში შევეზარდე რეალობას. უკვე ვხვდები, როგორ მოფორთხავს ჩემს გვერდით სულის მთლიანი თავისუფლება და სადაცაა მოშუშებული ჭიპივით მოწყდება იმას, ვინც ვერ ასაზრდოვა. მერე რა იქნება? დაიბადე გაზაფხულო! სუნთქვა მინდა შენი ფერების, ფრთებს არ გთხოვ, ისე ვიფრენ,გულთან ერთად. მთებში მინდა,მზესთან ახლოს. . .
მე შენ გამოგიგონე. . . ბავშვობაში ნანახი სიზმრიდან გადმოგიტანე და გამოგძერწე უხორცო, უფერო. ჩემი სითბო შთაგბერე და დაგიმგზავრე. ჩემი სულის ყავარჯნად გადაგაქციე.
დროთა განმავლობაში ჩემში შეგიზარდე, მეგონა იქ უფრო დაცული ვიქნებოდით, შენ ხომ ჩემი არარეალური სამყარო იყავი?!
ბევრი ვიხეტიალე და ვერსად ვერ ვიპოვე ბედნიერება. . .
ძალიან დაღლილზე, როცა ყველაფერი სულერთი გახდა, გამოგიშვი და ერთადერთი რაც შევძელი შენი კონტურები მოვხაზე, ცას ავაკარი ჩემი სურვილი, ყველაზე უბრალო დღეს, გამცოცხლებოდი და ბრმასავით შევაჩერდი წარმოსახვით სივრცეს.
მილიარდ თვალებიდან შენი, ყველაზე ნაცნობი და საინტერსო. . .
შენი პულსი თანხვედრილი ჩემს წილ სამყაროსთან. . .
დიდხანს ვერ ვიჯერებდი, იქნებ მეშინოდა. . . შენ იმეორებდი ზეცას აკრულ სურვილის კონტურებს და შენს ღიმილს გაზაფხულის სუნი ასდიოდა.

###
მემილირდე საათია ჩემი სუნთქვის. . . მეფიქრები. . .
დამალული მზის სხივივით მედარდები, ცივა.
დღეს,გაუხეშებული ხელიგულებით შევუმშრალე დედამიწას გამთენიის ცვარი და წამების ნაცვლად შევინახე დასამრცვლ საათში. ახლა სიცოცხლეს წვეთების ხმა აქვს და რატომღაც მეიმედება გამთბარი სულის სიჩუმე.
ხვალ, რაღაც ისეთი უნდა ჩავიდინო, რაც აჯობებს უთავბოლო სიამაყეს. ალბათ ნაჭუჭიდან გამოვძვრები და მრავალუჯრედიანი სირთულეებით, სამყაროს საკვებს მივეკვრები ტკიპასავით.
უნდა გადავრჩე_ თანდაყოლილი ინსტინქტია. . .
ახლა კი უბრალოდ სიმშვიდე მინდა,ჩემი წილი, რომ ვერ ავწონეთ და ილუზია შევარქვით.
###

დადგმული დღეების ერთიდაიგივეობით, აძმარდა სიცოცხლე.
ლეშივით ამყრალდა სხეული, აქ ბარში სადაც მარტოობაც არ არის ნამდვილი.
გამოვლილი დრო, რომელიც მზეზე დაგებულ მატყლის ფარდაგს გავს, დახეთქილი ხელისგულებით მოქნეული სარეკელა ჯოხის რითმში აპენტილი, ,,მეს" ჟინს უასმაგებს და გადახსნილი ნაწილაკების წყლით ავსების შემდეგ, წარსული მომავლის ნაბადს მითელავს, ბოლო ზამთრისთვის.
მანამდე კი მთაში წავალ, ნამდვილი მარტოობით ვიმარტოვებ. აძმარებულ სიცოცხლეს ავაორთქლებ და ამყრალებულ სხეულს მზესთან ახლოს, გამოვაშრობ;რომ თავიდან დავიბადო ბარში, შემოდგომის პირს, გაბმულ სიმებად ღრუბლებსა და გუბეებს შორის

ვერ გავექეცი რეალობას. იმის იქეთ, სადაც ,,მეს" სიგრძე იზომება, ვერ გადავხტი და მოზომილი ნაბიჯებით ვტკეპნი ჩემს გზას.
. . .(ხანდახან გონივრულად მოქცევის აუცილებლობა, ყველაზე დამღლელია)
ძუნწი გამოდგა ჩემთვის შერჩეული დრო, ჩემგან არარჩეული და ამ სიძუნწით, დღევანდელი დღის სიყვარულს მაიძულებს. . . მე კი მომავალს მივჩერებივარ უკიდეგანო სივრცესავით და იმედებს ვმარცვლავ მორჩილის სიმშვიდით სულის კრიალოსანში, ალმასების ბრწყივალებით. სავსე მთვარის სიმშვენიერეა კოდად ჩადებული მიწიერ ალმასებში და ღამის იდუმალება. . .
უბრალოების აუცილებლობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად, სიჩუმე არჩეულ დღეებს ვიქსოვ ჩემს ირგვლივ აბლაბუდებად და გზის ფარდაგს ვიმზადებ იმ დროისათვის როცა დრო, ყველაზე გონივრულ წყვეტას გააკეთებს. . .
მაშინ კი, როცა უბრალოდ ხმაური მინდა, დედამიწის პულსაციით, შენს გულს ვუსმენ.
###

სულშესაფარი. . .
გამოვექეცით ყველაფერ ცოდვილიანს და პირველად დავემალეთ,საკუთარი გულების იქეთ, ჩვენთვის გაუგებარ ,,არსებითობას".შენ დაპატიჟე ქვეყნის ზეცა,მზიან უბეში და უმასპინძლე სავსე მთვარეობისას . . . დედამიწის ნათლიას.
შესაფარს იქით გაუთავებელი შემოდგომაა წვიმებით და სითბოს წეწავს,ანიავებს სიგიჟე. . . ნაქსოვი დროის მორღვევას ცდილობენ ადამიანები და უფრო მეტად ცივა მიწიდან ზეცამდე გაკიდებულ ყველაფრის შეცნობის სურვილს. უბრალოება კი გალახული ძაღლივით მიყრუებულ ქუჩაში აბია და ინესტება შეგრძნებები. . .
გიყურებ. . .ვიხსენებ გამოვლილ გზას და რატომღაც აქ, უძლური ვხდები გონებით ვმართო სუნთქვა.
როგორ ვიარეთ?. . . იმათ მინდა ვუთხრა, ვინც იქ დარჩა.
შენი სიმშვიდე. . . და ჩემიც. . . უბრალოდ ვეღარ ვიკვირვებ, თითქოს ასე იყო მუდამ.
მახსოვს, იმ ქუჩაზე დაბმულ მშიერი და სველი ძაღლი, ჩვენი სამოსით გავათბეთ. . . მერე კი მზემ გაგვათბო. . .
სულშესაფარში აღარ წვიმს გამუდმებით. . .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები