ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუშკი
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2011


სიმფონია

უვერტიურა.
ამ ბოლო დროს ლექსისი წერის ძალა გამომელია. რაღაც დღიურებს დაემსგავსა ჩემი ფიქრები ,,ქაღალდზე გადმოტანილი”. არა და როგორ მინდოდა, ისევ მქონოდა უნარი, დამეწერა ლექსი, მოცარტივით მსუბუქი და ვივალდივით გამჭვირვალე. დიდი მარწუხბით მოვიდა ვიღაც და გამომშიგნა, როგორც თევზი, რიყეზე დამაგდო და მარილი დამაყარა...ალბათ... მერე დაიწყო საშინელი გვალვა და ჭრილობამ წვა დაიწყო. გამალებით მუშაობს ტვინი, ფიქრობს ათას რამეზე და კონკრეტულად არაფერზე. თავში მხოლოდ მუსიკა ტრიალებს და აბსტრაქტული ფერები და ამ ფერებით ვიხსენებ სურნელს, მისამართებს, სახელებს და გვარებს, ვუყურებ სახეებს და თითქოს მათ მიღმა, რაღაც სამყაროებ ს ვხედავ, პატარ-პატარა, უსუსურ სამყაროებს. თვალებში ვუყურებ ყველას, რომ არც ერთი სიტყვა არ გამომეპაროს მათი ნათქვამი, მაგრამ მხოლოდ იმას ვხედავ, როგორ აბჩენენ პირს უწყლოდ დარჩენილი თევზებივით და არაფერი მესმის. მერე ვგრძნობ, როგორ მექერცლება კანი, აღარ მყოფნის ჰაერი, წყალი მწყურდება და ძლიერად ვიქნევ კუდს, თევზის კუდს, რომ როგორმე გავშორდე აქაურობას.
პრელუდია.
გამარჯობა. მე დალი ვარ. ნადირობის ქალღმერთი დალი. ერთ დროს გრძელი ნაწნავები მქონდა, ჩემი რისხვა მეხად ატყდებოდა თავს მონადირეთ, მაგრამ ერთ ღამეს მოვიდა სულ-კალმახი, სულ-მგელი, სულ-მოკლე, უ-სულო კაცი და თან წაიღო ჩემი დალალები, მაღალი გამოქვაბულიდან, კლდეზე დასაშვებად, წელზე შემოირტყა და უკვალოდ გაქრა. დიდხანს ფეთქავდა ჩემში მისი დატოვებული ამირანი, მაგრამ მას არ შეეძლო ღმერთთან ჭიდილი, დევების დამარცხება, არც კავკასიონზე შეეძლო მიჯაჭვება და სუნთქვა შეწყვიტა დაბადებამდე. მე მხოლოდ თვალები შემრჩა, ისიც ცარიელი... თმა უკვე მოკლე...
ნოქტიურნი.
მდუმარედ გაჰყურებდა უდაბნოს სფინქსი და ვინ იცის რაზე ფიქრობდა. არც მე ვიცოდი. შევყურებდი მის მაღალ შუბლს და ასე მეგონა თავში ვუძვრებოდი. მინდოდა მისი გამეგო, წამეკითხა აზრები და მისი ოცნებით მეოცნება. უცებ თათი ასწია და თავზე დამადო და მეუცნაურა, რომ ასეთი მსუბუქი იყო მისი ტორები. ერთბაშად გადმოიღვარა ჩემში... თავის შემზარავი სიმშვიდით, სიდიადით, სევდით და სიბრძნით. მზე მაჭერდა და ხელს მიშლიდა სფინქსად ქცევაში და ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ სწორადაც იქცეოდა. ლოდინი ჩემი სტიქია არ არის. ჩემი სტიქია წასვლაა, სინანული, დარდი და უდარდელობა. ,,ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული”, ვიცი ვერ დაძრავს ქარი და სიო იმის სიმძიმეს. მესმოდა სფინქსის, რატომ ერჩივნა დუმილი და სადღაც, შორს ჭვრეტა ან წარსულის ან მომავლისა. წარსულზე აბა რას მეტყოდა ის მე ისეთს, რომ არ მცოდნოდა. მომავლისა კი ისედაც აღარ მჯერა.
სონატა
სადღაც ვხეტიალობდი, მგონი ჩაძირულ ატლანტიდას ვეძებდი ოკეანეების სიღრმეებში. ჯიბეები ვერცხლის ფულით მქონდა სავსე და ვერ ვიხსენებდი, რამდენი მონეტა მეგდო მგონი 30... ფული მჭირდებოდა ატლანტიდის ბაზრობისთვის. როცა მივაგნებდი რამე ნივთი უნდა მეყიდა, რომ ხელმეორედ აღარ ჩაძირულიყო. საიდან მქონდა ეს 30 ვერცხლი ვერ ვიხსენებ, მგონი რაღაც გავყიდე... კისერი მტკიოდა... ისეთი ღრმა იყო წყალი მზის სხივები ვერ აღწევდნენ და მე მციოდა. მაინც ვაგრძელებდი გზას, შლიმანს დავპირდი ვიპოვნი მეთქი და უნდა მეპოვნა. თუნდაც ოცნებაში, მაგრამ უნდა მეპოვნა. დიდი ხნის წინ ჩაიძირა ჩემი ქალაქი და მელის დღემდე, რომ მოვძებნო და ჰაერი ვაჩუქო, მაგრამ ვერ ვპოულობ ჩემს ატლანტიდას. იქნებ მიშველოთ ვინმემ. როგორია? ოცნების ფერია, სიზმრების გალავანი აკრავს და ფიქრის შენობებითაა ნაშენები. ერთი შეხედვით არ გამოირჩევა სხვა ქალაქებისგან, მაგრამ ის სხვა არ არის, ჩემი ქალაქია... სანამ ჩაიძირებოდა, მის ვიწრო ქუჩებში დავდიოდი იმ კაცთან ერთად. ვიწრო ქუჩები იმას უყვარდა. გრძელი მკლავები ჰქონდა და ვერ ატევდა ვიწრო ქუჩაში. და როცა მკლავებს მხვევდა ქუჩა უჭერდა და ისე მიკრავდა გულში, რომ მე სუნთქვა მეკვროდა და ვიდექით ასე, სუნთქვაშეკრულები, გულგაჩერებულები და თავზე თოლიების გუნდი დაფრინავდა. მერე ერთხელ მთხოვა სული მაჩუქეო და მეც ვაჩუქე. მას მერე დავეძებ ჩაძირულ ქალაქს...
რეპრიზა
გამალებით მუშაობს ტვინი, ფიქრობს ათას რამეზე და კონკრეტულად არაფერზე. თავში მხოლოდ მუსიკა ტრიალებს და აბსტრაქტული ფერები და ამ ფერებით ვიხსენებ სურნელს, მისამართებს, სახელებს და გვარებს, ვუყურებ სახეებს და თითქოს მათ მიღმა, რაღაც სამყაროებ ს ვხედავ, პატარ-პატარა, უსუსურ სამყაროებს. თვალებში ვუყურებ ყველას, რომ არც ერთი სიტყვა არ გამომეპაროს მათი ნათქვამი, მაგრამ მხოლოდ იმას ვხედავ, როგორ აბჩენენ პირს უწყლოდ დარჩენილი თევზებივით და არაფერი მესმის. მერე ვგრძნობ, როგორ მექერცლება კანი, აღარ მყოფნის ჰაერი, წყალი მწყურდება და ძლიერად ვიქნევ კუდს, თევზის კუდს, რომ როგორმე გავშორდე აქაურობას.
რონდო
იქნებ ჯობდეს ფიქრი არ შემეძლოს საერთოდ
ან წერა არ ვიცოდე
ან თვალები არ მქონდეს ჰომეროსივით და ღმერთებს ვხედავდე ტროას ომში.
იქნებ ის ჯობდეს, სულაც არ ვიყო და ის ვიღაც სხვა, ვინც ჩემს ადგილს დაიკავებდა არ შეაწყენდა თავს სამყაროს.
ვიწროა ჩემთვის ჩემი სხეული, მე ხომ გრძელი მკლავები მაქვს და გაზმორებაში მიშლის ხელს...
ნახვამდის ვინც გამიძელით, ვინც ვერ გამიძელით ღმერთმა გაძლება მოგცეთ.
ვისაც შეგიყვარდით ფრთხილად იყავით მე ურჩხული ვარ. ვისაც შეგძულდით ,,გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები