ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


წვიმას გაყოლილი სევდა

ტოტიდან ტოტზე დახტის ბეღურა,
ალბათ ჩემსავით შია, ან სცივა,
ოდესღაც მიწას თეთრი ეხურა,
ახლა კი ზეცის ცრემლი აცვივა.

ბეღურასავით შევყურებ ბრბოს და,
ვუცდი ნამცეცებს ვინ გადმომიგდებს,
ბეღურასავით მეც მიყვარს მოცდა,
იქ ვდგავარ სადაც არ უნდა ვიდგე.

არც ის გაურბის ყინვას და ზამთარს,
მეც შავ წელიწადს ვერ გავექეცი,
ფიქრის მოსასხამს ვიცმევ საკუთარს,
და პურის ნაცვლად მაქვს ჩემი ლექსი.

და მობუზული ბეღურასავით,
სადღაც კუთხეში სუნთქვას ძლივს ვბედავ,
სავსე სიცივით და სისადავით,
და ჩუმი როგორც ბეღურას სევდა.

ამ სიჩუმეში წლები გაივლის,
და ყველა ხაფანგს თუ დავუძვერი,
ნახავ ამოსვლას პირველ ყვავილის,
ოღონდ გამაგრდი და დაუძვერი.

მერე მოფრინდი ჩემს ფანჯარასთან,
იქნებ სიკეთე კვლავ დამიბედო,
არა, არა ვარ სხვასავით გულქვა,
შენთვის ნამცეცი ვერ გავიმეტო.

შევხვდეთ გაზაფხულს ჩუმი იმედით,
რტოებგაკვირტულ იმედის ხესთან,
შევხვდეთ ლოდინით დაღლილი ფრთებით -
ვით სატრფო სატრფოს ხალისით შეხვდა.

... ეხლა ორივეს გვაზრობს სიცივე,
თქეშში გამოსვლას გარეთ ვერ ვბედავთ,
წვიმს და მრავალჯერ ისევ იწვიმებს. -
წვიმა წაიღებს ნაზამთრალ სევდას, ბეღურას სევდას..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები