ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუშკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

ელენე

სადღაც, დილის ხუთი საათისკენ მიხვდა, რომ უნდა დაეძინა. ფრთხილად გადაბრუნდა გვერდზე და ბალიში, კარგად მოირგო თავქვეშ. გარეთ, აგვისტო იდგამდა ფეხს. აივნის კარი, ღია იყო და სასიამოვნო ნიავი უბერავდა. ვერ დაიძინა. გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო, რაღაც შიგნიდან აწვებოდა, ყრუდ, უმტკივნეულოდ, მაგრამ აშკარად უსიამოვნოდ.  ასე, სხვა დროს არასდროს ყოფილა.

გულაღმა ამოტრიალდა, ჭერზე, განთიადის ფერები დაცურავდა. თავით გვერდით გაიხედა. მას ეძინა, მშვიდად, როგორც ყოველთვის.

აივანზე გავიდა. შეგრძნება არ ქრებოდა, ბოლოს მიხვდა, უნდა გაეღვიძებინა...

- რა მშვიდია ეს ბავშვი, თითქოს, სასეირნოდ იყოს მოსული - ღიმილით უვიდნენ გვერდს დერეფანში. ბოლომდე კარგ ხასიათზე, ბოლომდე მაქსიმალურად მშვიდი...

მერე, ძალიან დიდი ტკვილი, ენით აუწერელი და სიჩუმე...

- რატომ არ ტირის? - ერთი ეს იკითხა და ტირილიც გაიგონა. მორჩა, ახლა შეეძლო დაეძინა, ასე ძალიან რომ ენატრებოდა. მარჯვენა ხელზე, რაღაც გაუკეთეს და მერე, აღარაფერი ახსოვდა.

თეთრ ხალათიანები ირეოდნენ, მისი თვალების დანახვაზე, ცბებოდნენ და დუმდნენ. ერთი, ახალგაზრდა კაცი, საათს უყურებდა, შიგადაშიგ მასაც გამოხედავდა ხოლმე და დანარჩენ ექიმებს, თვალებით რაღაცას ეკითხებოდა.

- კიდევ უნდა დაგაძინოთო - ამის გაგონება ძლივს მოასწრო, რომ ისევ წყლისფერი სიმძიმე დააწვა თვალებზე.

ახლა, ცრემლებმა გამოაფხიზლა, შუბლზე რომ ეწვეთებოდა.

- ელენე სად არის? - სუსტი ხმით იკითხა.

-გაიყვანეს

-როგორია?

- შავია - გაუღიმეს

მერე დიდხანს ეძინა.

გვიან გაიგო, რომ კინაღამ მოკვდა, კინაღამ სისხლისგან დაიცალა, ან კინაღამ სამუდამოდ უშვილოდ დარჩა. ელენე, შავი ელენე, სინამდვილეში, თეთრი მარია-ელენე გახდა. დედასავით გამხდარი და დანარჩენი, ყველაფერი მამასავით.

- დამადგინეო - ფეხზე დამაყენეო.

- დანავებიო - მარაოო.

- შემომერგეო - მატარებელივით ჩამებიო.

- დაველაკალალოო - დაველაპარაკოო.

ოჰ, როგორი ბალერინა გამოვა ამისგან, ისეთი გარეგნობა აქვსო...

ოჰ, როგორი ტანმოვარჯიშე იქნება, ისეთი აღნაგობა აქვსო...

ოჰ, რა მამაილა იზრდებაო...

ოჰ, როგორი ,,აქტრისააო”...

დედა, როგორი სმენა ქონიაო...

უყურე შენ, როგორ უკრავსო...

მოგიკვდა ბებო, დედაშენივით სახსრების ტკივილი იციო...

თვითონ რას ფიქრობდა, ვინ იცოდა. უყვარდა თამაში და არ უყვარდა ჭამა.

ყველაზე მეტად, დედა ენატრებოდა, რომელიც სულ თეატრში იყო და რაც მობილურით მასთან დარეკვა ისწავლა, რეპეტიციაშიც ხელს უშლიდა.

ახლა გძინავს ელლი, ისევე როგორც გუშინ გეძინა, როცა მე მოვედი, ან გუშინწინ, ან იმის წინ და ასე 5 წელი.

- მიყვარხარ დეეე...

-მე უფრო...

- არა მე უფრო...

- არა მეეე...

- მეეე... - თვალები ცრემლებით ევსებოდა და მართლა იბუტებოდა.

გრძელი თმა, კარეზე გაცვალა, ნატალი პორტმანს ვგავარო.

მერე, კარეც სხვა რამით შეცვალა, ასე უფრო მიხდებაო.

დედასია, უჯერებს დედას, ჭამს დედასთან ,იძინებს დედასთან, ბრაზდება, თუ დედას საყვედურობენ, ენატრება დედა, უყვარს დედა და დედას, ყველაზე მეტად ამქვეყნად.

- მიაუ - უკნავის ყველას და ეს დედას არ უყვარს.

რა ქნას, კატებიც უყვარს.

- ელე, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?

- დედიკო, ადადი, თათო, ბაბუ და იაც მიყვარს - არავის დატოვებს გულნაკლულს.

- მამიკო? მამიკო არ გიყვარს?

- მამიკოც, ტატაც და ანანოც - და გახარებული მეხუტება, რომ ისინი არ გამოვტოვე.

- დეეე, ცაში როდის წავალთ?

- დიდი ხნის მერე. დაიძინე რა დეეეე ძალიან მეძინება.

- მიაუ

და იძინებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები