ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ მჭედლიშვილი
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2011


ცხოვრების დასაწყისი

იდუმალება საკვირველი, პოეტური, საინტერესო, საშიში და მეტად დამაინტრიგებელია.
საკვირველობა მის სილამაზეშია; როგორც ღრუბლიან დილას მზის სხივები სანატრელ წვიმის წვეთებში შვიდ ნაწილად დაიშლება და მიუხედავად ნაღვლიანი ღრუბლებისა, ცას შვიდი კანდელი აინთება ხოლმე.
პოეტურობა მის შეუცნობელობაშია; როგორც დილის ცვარზე ბულბულის სტვენა; უფრო აღმაფრთოვანებელია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის ნამღერი. როგორც ოკეანის სიღრმეში თევზთა ლივლივი უფრო მშვიდია, ვიდრე მიწაზე მდგომი სულიერის ცხოვრება.
ინტერესი მის ამოუხსნელობაშია; როგორც სამყარო - უსასრულო და მიუწვდომელი, ერთ მცნებაში გაერთიანებული სულიერი და მატერიალური უკიდურესობანი.
ხოლო შიში მის დაფარულობაშია; როგორც სირინოზი - მეტად მაცდური და მომაკვდინებელი, ან ვარდი მაინც - ლამაზი და ეკლიანი, რაიმე საშიში რომ არ იყოს (ადამიანისთვის ამოუხსნელი ხანდახან საშიშიცაა) მაშინ დასამალი აღარაფერი იქნებოდა.
ეს ყოველივე დამაინტრიგებელია, თითქოს აკრძალულ ხილსაც ჰგავს, რომლისკენაც ადამსა და ევას დროიდან ასე თავდაუზოგავად მიილტვის ადამიანი.
გზა დაბადებით, სამყაროს შეცნობით იწყება; ყველაფერს, ისევე როგორც სიცოცხლის ყველა ეტაპს აქვს დასაწყისი და დასასრული.
როგორც ბედნიერების, ისევე ცხოვრების ამოხსნა თითოეულ ინდივიდს სხვადასხვანაირად შეუძლია. თუმცა ის მაშინ იწყება, როცა . . .
ადამიანს დაბადებიდანვე სირთულეებით სავსე გზის გავლა უწევს; თუნდაც მისი პირველი ტირილი მაუწყებელია იმისა, რომ უკვე ჩაისუნთქა კაცთა ცოდვებისაგან დამძიმებული ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო სიცოცხლე, მას არ დაუწყია ცხოვრება.
გადადგა მეორე ნაბიჯი, - წარმოთქვა სიტყვა, გაიარა ამ ცოდვით სავსე მიწაზე, თავისი სიცოცხლით გაზაფხული გააგაზაფხულა, იას იისფერი მისცა და ტანო-ტატანოს ძახილით ბულბულს ის მუზა მოუფრინა, ასე ტკბილად რომ აამღერებს ხოლმე. თუმცა ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ დაეწყო.
მოვიდა ჟამი ჭაბუკობისა, მინდორს მზე ეფინა თვისა თიბათვისა და ჭაბუკი თავთავთა ყანაში დარბოდა, სათუთი ხელი სიოსავით ეფინებოდა თავთავებს... უყურებდა, სწავლობდა და გრძნობდა თუ რაოდენ მცირე იყო ხორბლის ოკეანეში. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არ დაწყებულა დასაწყისი ცხოვრებისა... ვინ იცის რაოდენი ყანა მოვა მინდორზე, თუმცა ძნელია ჰპოვო ის რაც თავად არ მოდის.
დადგა შემოდგომა - ჟამი დაღვინებისა, მაგრამ, რომ ვაი, თვეებია საჭირო ყურძნის დასაღვინებლად. შემოდგომა ნელ-თბილია,  „ო, ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი”! ნელ-თბილობა საკუთარი თავის სრულიად დაბრმავებაა, უძღებობა... ამ დროს იწყება სულში შემოდგომის იმ ცივი ნიავის ბერვა, რომელიც ასე წარმოუდგენელი იყო გაზაფხულსა თუ ზაფხულში.  მრავალი რამ მრავალჯერ ჰპოვებს დაბადებასა და აღსასრულს, თუმცა ცხოვრება ერთხელ! პირველი თოვლი რომ მოვა და სიცივე ძვალს გატეხავს; ყოველი მოსავალს რომ დაითვლის, დადგება ჟამი სინანულის, მაგრამ ვაი, თუ აქაც ნელ-თბილი აღმოჩნდეს კაცის სული. ვინ იცის რამდენი თოვლი მოვა, თუმცა ძნელია ჰპოვო ის, რაც თვითონ არ მოდის.
ცხოვრების დაწყება შეუძლებელია მრავალჯერ; იგი ერთხელ იწყება და აღარ სრულდება, რადგან დაუსაბამო შეჰქმნა ღმერთმა ადამის სული. იბადება შემდგომ სინანულისა. როგორც მოღრუბლული ცა მომასწავებელია, მაგრამ არა აუცილებლობა წვიმისა, ისე სინანული მომასწავებელია ცხოვრების დაწყებისა. იგი იწყება მაშინ, როცა ჰპოვებ თავს, საკუთარ სულს, მოინანიებ და ცხონდები...

2010 წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები